სხვა

20:18 | 27.04.2016 | ნანახია 1471 - ჯერ

პრო დ2-ის საგზურისთვის სამი იბრძვის

საფრანგეთის რანგით მესამე, ნახევრადპროფესიულ ფედერალ 1 დივიზიონში რეგულარული გათამაშება დასრულდა და პლეი ოფების დრო დადგა. პრო დ2-ის ორი საგზურისთვის მებრძოლთა შორის, ქართველი ლეგიონერების სამი გუნდია.

აღსანიშნავია, რომ წელს ფედერალ 1 შარშანდელისგან განსხვავებული სისტემით ტარდება. ცვლილებები პლეი ოფს შეეხო. თუ ადრე თითოეული ჯგუფიდან აღზევებისთვის 4-4 მოწინავე აგრძელებდა ბრძოლას, ამჯერად პლეი ოფში მხოლოდ 4 ჯგუფის გამარჯვებული და ორიც საუკეთესო მეორეადგილოსანი გავიდა. პირველ ეტაპზე ოთხი მოწინავედან ორი უკეთესი ისვენებს, დანარჩენი ორი კი, ერთრაუნდიან ჯახში მეორეადგილოსნებს მასპინძლობს. ნახევარფინალში შეხვედრები მიმოსვლით ტარდება და ორი გამარჯვებული პრო დ2-ის საგზურს იღებს.

პირდაპირ ნახევარფინალში გასული ორი გუნდიდან ერთი ქართველი ლეგიონერებისაა - შალვა სუთიაშვილის, საბა ქართველიშვილის და ლაშა თავბერიძის „ანგულემი“, რომელმაც რეგულარულ გათამაშებაში მხოლოდ ერთი შეხვედრა დათმო. ქართველიშვილი და სუთიაშვილი რეგულარულად თამაშობდნენ და საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი გუნდს 2 ლელოთიც შეეწია. პირდაპირ ნახევარფინალშია „ვანი“, სადაც ქართველები არ თამაშობენ.

ქართველი ლეგიონერების დანარჩენ გუნდებს ნახევარფინალში გასასვლელად სტუმრად მოუწევთ მეტოქეების დამარცხება. „მასი“, სადაც შერკინების მწვრთნელი ვიქტორ დიდებულიძეა და ვახტანგ ახობაძე, დავით აშვეთია, ხვიჩა ბუჯიაშვილი და დავით დადუნაშვილი თამაშობენ, „ნევერს“ შეხვდება, ხოლო თორნიკე ლომიძისა და ილია კაიკაციშვილის „ოში“ „ბურგ ენ ბერსს“ ეწვევა. თამაშები 1 მაისსაა დანიშნული.

რაც შეეხება სტატისტიკურ მონაცემებს, „მასის“ შემადგენლობაში ახობაძემ ყველა თამაშში მიიღო მონაწილეობა და 2 ლელო გაიტანა, ბუჯიაშვილი 10 მატჩში გავიდა მოედანზე, ვეტერანმა ბურჯმა აშვეთიამ 7 თამაშში 1 ლელო დადო, ხოლო კიდევ ერთი ვეტერანის, დადუნაშვილის ანგარიშზე 15 მატჩი და 2 ლელოა. „ოშის“ მაისურით რეგულარულად თამაშობდა კაიკაციშვილი და 13 თამაშში 1 ლელო დადო, ხოლო ლომიძე 7-ჯერ იყო მოედანზე.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.092617