12:51 | 27.04.2016 | ნანახია 1605 - ჯერ

„მსაჯის საქმეს“ 5 მაისს განიხილავენ

საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის სხდომა, რომელზეც „მსაჯის საქმეზე“ უნდა იმსჯელონ, 5 მაისს გაიმართება.

საუბარია დიდი 10-ის მე-17 ტურში, „ბათუმისა“ და „არმიას“ მატჩისას ფოთში მომხდარ ინციდენტზე. შეხვედრის 21:21 დასრულების შემდეგ, რეფერი ნიკა ამაშუკელი ფეხზე ჭრილობით საავადმყოფოში მოხვდა და სამი ნაკერის დადება დაჭირდა.

სრკ-ს სადისციპლინო კომისიამ მატჩის დროს და მისი დასრულების შემდეგ მომხდარი დისციპლინარული დარღვევები განიხილა და „არმიას“ მთავარი მწვრთნელი ნიკო ჭავჭავაძე მსაჯის გადაწყვეტილებებზე არაკორექტულად აპელირებისთვის, არაეთიკური და არასპორტული საქციელისთვის სამი სათამაშო კვირით დასაჯა, ხოლო კლუბი 500 ლარით დაჯარიმდა; მოთამაშეები - გიორგი აფციაური და ილო სურგულაძე მსაჯთან კამათისთვის სამ-სამი სათამაშო კვირით და 200-200 ლარით დაისაჯნენ.

თბილისური კლუბის წარმომადგენელი ჯაბა კიზირია მსაჯის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფისთვის რაგბიდან 5-წლით მოკვეთეს და კლუბს 5000-ლარიანი ჯარიმის გადახდა დაეკისრა; მსაჯის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფა დაუდგინდა კლუბის კიდევ ერთ წარმომადგენელ გიგა ჩაჩავას, რისთვისაც ერთი წლით რაგბის ჩამოაშორეს და კლუბს ჯარიმის სახით 2000 ლარის გადახდა დაეკისრა.

მაგრამ საქმე ამით არ დასრულებულა და სადისციპლინო კომისიის ბოლო პარაგრაფში ჩაიწერა:

„მსაჯთა წერილობითი განცხადებებიდან დგინდება, რომ მატჩის მთავარ მსაჯ ნიკა ამაშუკელს, ინციდენტის დროს მიყენებული ექნა სხეულის დაზიანება [ჭრილობა]. აღნიშნული ფაქტის განხილვა სცილდება სრკ-ს სადისციპლინო კომისიის კომპეტენციას. აქედან გამომდინარე სრკ-ს სადისციპლინო კომისია მიმართავს სრკ-ს პრეზიდენტს, რომ ზემოთხსენებული ინციდენტი გახდეს სრკ-ს გამგეობის მსჯელობის საგანი“.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
23:53 | 27.04.2016
პანტელეიმონი (1218)

სასჯელი არაადეკვატურია, ყურადღებით ვადევნებთ თვალს რა გადაწყვეტილებას მიიღებს სრკ-ის გამგეობა.

1.557854