ამბები

14:26 | 26.04.2016 | ნანახია 3025 - ჯერ

ესპანეთში რაგბი გასაოცარი ტემპებით ვითარდება
მაყურებელთა სარეკორდო რაოდენობა თასის ფინალზე

რაგბის განვითარება სხვადასხვა ქვეყანაში ამ სპორტის ქომაგთათვის სასიამოვნო ამბავია, მითუმეტეს, თუ ეს ქვეყანა ევროპულია. ესპანეთი ამ მხრივ გამორჩეულია და სხვადასხვა დონეზე პირინეელებმა ძალიან დიდი პროგრესი განიცადეს.

ამ ქვეყანაში რაგბის განვითარებისა და პოპულარობის ზრდის მკაფიო მაგალითი ესპანეთის სამეფოს თასის ფინალი და მის მიმართ გამოხატული დიდი ინტერესია - მატჩს ესპანეთის შიდა რაგბისთვის სარეკორდო რაოდენობა, 26 100 ადამიანი დაესწრო. აღსანიშნავია, რომ ვალიადოლიდის „ხოსე სორილას“ სტადიონზე გამართულ შეხვედრაზე ესპანეთის მეფე ფილიპე VI-ც იმყოფებოდა.

სამეფო თასის ფინალში ერთამენთს ორი ვალიადოლიდური კლუბი - „ვალიადოლიდი“ და „ელ სალვადორი“ დაუპირისპირდნენ, სადაც გამარჯვება ამ უკანასკნელმა მოიპოვა ანგარიშით 13:9.

არენაზე, სადაც ფინალი შედგა, ვალიადოლიდის საფეხბურთო გუნდი მართავს საშინაო მატჩებს, თუმცა კლუბის მესვეურებმა რაგბის ანგარიში გაუწიეს და „სარაგოსასთან“ გასამართი საშინაო შეხვედრა ერთი დღით ადრე გადაწიეს.

ესპანეთში რაგბის პოპულარობის კიდევ უფრო მეტად ზრდას ტოპ 14-ის ფინალური მატჩიც შეუწყობს ხელს, რომელიც ბარსელონაში, „კამპ ნოუზე“ ჩატარდება. რაგბი ევროპის ჩემპიონატზე „ლომების“ წარმატებით გამოსვლის ფონზე, არ უნდა დავივიწყოთ ამ ქვეყნის 20-წლამდელთა ნაკრებიც, რომელმაც 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი მოიგო და ზიმბაბვეში მიმდინარე მსოფლიო თასის „ალაფაზე“, ჯგუფურ ეტაპზე ჰონკონგი და ნამიბია პრემიალური ქულებით დაამარცხა. შედეგად, ესპანელები ჯგუფს 10 ქულით ლიდერობენ და თუ ხვალ 7-ქულიან აშშ-სთან არ დამარცხდნენ, „ალაფის“ ფინალში ითამაშებენ.

ესპანეთის თასის ფინალური მატჩის სრული ჩანაწერი

უჩა გოგიძე


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.085424