ამბები

12:33 | 26.04.2016 | ნანახია 3360 - ჯერ

რუსები თბილისიდან დაუმარცხებლად მიდიან

რუსეთის ჩემპიონმა „კრასნი იარმა“, სამკვირიანი თბილისური შეკრების დასასრულს მესამე საკონტროლო თამაში გამართა და ამჯერად ყველაზე დიდი სხვაობით იმარჯვა.

თბილისის „აკადემიას“ 26:5 და ქუთაისის „აიას“ 34:20 ძლევის შემდეგ, ციმბირელები რუსთავში თბილისის ნაკრებს ეთამაშნენ, 8 ლელო გაიტანეს და 52:13 გაიმარჯვეს. თბილისის ნაკრების შემადგენლობაში რა თქმა უნდა არ უთამაშიათ საქართველოს ჩემპიონატის ოთხი მოწინავე კლუბის მორაგბეებს, რომელთაც შაბათ-კვირას პლეი ოფის შეხვედრები ჰქონდათ.

რუსები სათამაშო უპირატესობას თავიდანვე დაეუფლნენ. ისინი სწრაფად შლიდნენ ბურთს და შვებულებაში გასული ბიჭებისგან შემდგარი ნაკრების ხაზი, გადაწყობას ვერ ასწრებდა. სტუმრებს დასკვნით ფაზაში შეცდომები მოსდიოდათ და საწყის 15 წუთში ლელო ვერ დადეს, მერე კი, თბილისის ნაკრებმა ჯარიმით ანგარიში გახსნა. „კრასნია იარმა“ ამის შემდეგ პირველი ლელო დადო და გარდასახვაც გაიტანა, თბილისელებმა ჯარიმით სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანეს, მაგრამ შესვენებამდე სამი ლელო მიიღეს და 6:26 ჩამორჩნენ.

მეორე ტაიმში სტუმრებმა კვლავ ოთხი ლელო დადეს და სამი გარდასახვა გაიტანეს, რაზეც ქართველებმა ერთი ლელოთი და გარდასახვით უპასუხეს. „იარის“ შემადგენლობაში არ უთამაშია საქართველოს ნაკრების მგეზავ ლაშა მალაღურაძეს, მას მცირე ტრავმა აქვს. ტრავმის მიუხედავად სასტარტო შემადგენლობაში იყო ვალერი ცნობილაძე, მაგრამ პირველსავე ტაიმში, ოთხი ლელოს გატანის შემდეგ შეცვალეს. „კრასნი იარმა“ თბილისური შეკრება დაასრულა და დღეს სამშობლოში გაემგზავრა.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
18:46 | 26.04.2016
GiorgiG83 (525)

და ვინ იყო ამ თბილისის ნაკრებში?

17:56 | 26.04.2016
hannibal_barca (9)

0.081055