ინტერვიუ

11:32 | 26.04.2016 | ნანახია 2751 - ჯერ

ყაულაშვილი ოპერაციის შემდეგ მოედანს უბრუნდება

ფრანგული „ლა როშელის“ ქართველმა მორაგბემ ლექსო ყაულაშვილმა, ოპერაციის გაკეთების შემდეგ პირველი თამაში ჩაატარა - მას ესპუარებში დაუთმეს სათამაშო დრო. 23 წლის ბურჯს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ოთხი თვე გაუცდა. ყაულაშვილს ხერხემლის თიაქარის ოპერაციის გაკეთება იანვარში მოუწია და მას შემდეგ აღდგენითი პერიოდი ჰქონდა. ჩვენ მას საფრანგეთში დავუკავშირდით:

- ლექსო, რა ეტაპზეა შენი რეაბილიტაციის პროცესი?

- ყველაფერი კარგად მიდის. დიდი შესვენების შემდეგ, ესპუარებში პირველი მატჩი ჩავატარე. ჯერჯერობით სრულად არ მტვირთავენ. ექიმებისა და მწვრთნელების მეთვალყურეობის ქვეშ, მხოლოდ 30 წუთი ვითამაშე.

- შენი ვარაუდით, როდის შეძლებ სრული დატვირთვით ძირითად გუნდში თამაშს?

- ძირითად გუნდში სწრაფად დაბრუნებამ, შესაძლოა კვლავ ტრავმები გამოიწვიოს, ამიტომ მირჩევნია ნელ-ნელა დავიწყო თამაში. მწვრთნელები მაკვირდებიან და რას გადაწყვეტენ ვნახოთ. წელი აღარ მაწუხებს, ახლა ძველი ფიზიკური კონდინციების დასაბრუნებლად ვმუშაობ. დიდი ხნის პაუზის შემდეგ, შესაძლოა კარგ ბოჭვებს ისევ აკეთებდე, მაგრამ სირბილი და სხვა კომპონენტები აუცილებლად მოსამატებელი გექნება.

- ტრავმამდე გუნდში მარჯვენა ბურჯად თამაშობდი, ამ პოზიციაზე „ლა როშელში“ დიდი კონკურენციაა. მარჯვენა ბურჯად თამაშობს შენი თანაგუნდელი და საფრანგეთის ნაკრების წევრი უინი ატონიოც. როგორ ფიქრობ, რამდენად გაძნელდება ძირითად შემადგენლობაში თავის დამკვიდრება?

- ტრავმის შემდეგ ძირითად შემადგენლობაში დაბრუნება, რა თქმა უნდა, ადვილი არ იქნება.მართალია ამ გუნდში დიდი ხანია ვარ, მაგრამ ამის გამო სასტარტოში არავის აყენებენ. ყველაფერი შრომის შედეგია, თუ სათანადოდ ვიშრომებ, სასურველ შედეგსაც მივაღწევ.

- შენს პოზიციაზე თამაშობს „ლა როშელის“ კიდევ ერთი ქართველი მორაგბე გაგი ბაზაძე, რამდენად იგრძნობა კონკურენცია თქვენ შორის?

- სიტყვა კონკურენციას არ ვახსენებთ ხოლმე. ჩვენ ახლო მეგობრები ვართ, გაგი ძალიან კარგი ადამიანი, ტიპური მორაგბეა - გულკეთილი. თუ ის დაიწყებს ძირითად შემადგენლობაში თამაშს, მე შევალ მის ნაცვლად შეცვლაზე, ან პირიქით; თუ მარჯვნივ გაგი დადგება, მე მარცხნივ ვიქნები... ასე რომ, კონკურენციის საკითხი ჩვენთან არ დგას.

- „ლა როშელი“ ქართველების დამატებას კიდევ აპირებს?

- ჯერჯერობით ამაზე საუაბრი არ ყოფილა.

- და ბოლოს, შენი გუნდი ამჟამად ტოპ 14-ში მე-8 ადგილზე იმყოფება და საპლეიოფო მე-6 ადგილზე მყოფ გუნდს 5 ქულით ჩამორჩება. რამდენად რეალურია, რომ „ლა როშელმა“ დარჩენილ 5 ტურში პლე ოფში მოხვედრა შეძლოს?

- ძნელი თამაშები გვიწევს. შემდეგი მატჩი „ოიონასთან“ გვაქვს გასვლაზე. გასვლითი თამაშები ყოველთვის რთულია, საკუთარ კედლებში ყველა ძლიერად თამაშობს. ჩვენ მოგებული მატჩების უმეტესება სწორედ საკუთარ სტადიონზე მოვიპოვეთ. შანსი არის მე-6 ადგილზე გასვლისა, თუმცა მაქსიმალურის გაღება მოგვიწევს და ვნახოთ რა გამოვა.

უჩა გოგიძე


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
16:05 | 26.04.2016
BEERTRANCE (1073)

წარმატებები

0.12701