ჩემპიონთა თასი

21:11 | 25.04.2016 | ნანახია 1930 - ჯერ

ჩემპიონთა თასს ახალი მფლობელი ეყოლება (+ვიდეო)

ჩემპიონთა თასისა და მისი წინამორბედი ტურნირის ისტორიაში, გამარჯვებულთათვის განკუთვნილ გრაფაში ახალი გუნდის სახელი ჩაიწერება, რადგან ფინალში გასული გუნდებიდან ის აქამდე არცერთ არ მოუგია.

13 და 14 მაისს ლიონში ორი ფრანგულ-ინგლისური დაპირისპირება შედგება - ჩელენჯ ქაფის მსგავსად, ევროპის ჩემპიონთა თასის ფინალშიც ფრანგული და ინგლისური კლუბები ითამაშებენ.

პირველ ნახევარფინალურ მატჩში ინგლისური დერბი შედგა - პრემიერშიპის ლიდერი „სარასენსი“, შიდა ასპარეზზე უახლოეს მდევარ „უოსპს“ მასპინძლობდა და 70-ე წამზე მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. მარჯვენა ფლანგზე კრის უაიდმა ხაზი გაჭრა და ლელოში ბურთი დენ რობინსონს გააყოლა, ხოლო ჯიმი გოფერთიმ გარდასახვა უნაკლოდ შეასრულა. ამის შემდეგ მასპინძლები სრულად დაეუფლნენ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას, მაგრამ ოუენ ფარელის ჯარიმა გაუცუდდა, ხოლო დანკენ ტეილორის ლელო ვიდეო-რეფერიმ გააუქმა - კრის ეშტონი ფრენკ ჰალაის ეუხეშა, რის შემდეგაც ამ უკანასკნელმა ბურთი დაკარგა.

28-ე წუთზე მასპინძლებმა საპასუხო ლელო მაინც დადეს, როდესაც გოფერთის რობესმა დაუფარა და თავისუფალი ბურთი აიტაცა. ფარელის ამჯერად გარდასახვა გაუცუდდა, თუმცა ტაიმის ბოლოს ერთხელ და მეორეს დასაწყისში ორჯერ, ჯარიმა ზუსტად შეასრულა - 14:7. 50-ე წუთზე „სარასენსის“ მგეზავი უხეში ბოჭვისთვის სინბინით დაისაჯა და გოფერთიმ ჩამორჩენა 4 ქულამდე შეამცირა, თუმცა მოედანზე დაბრუნებულმა ფარელიმ 68-ე წუთზე ჯარიმით სტატუსქვო აღადგინა.

72-ე წუთზე გადამწყვეტი მომენტი დადგა. მასპინძელთა მძლავრმა მოლმა მნიშვნელოვანი მანძილი მოიგო და ალამთან ის მცველებმა განზრახ ჩააქციეს, რისთვისაც საჯარიმო ლელოთი დაისაჯნენ და რა თქმა უნდა ფარელი გარდასახვიდან არ შეცდა. „უოსპსი“ არ დანებდა და მიუხედავად იმისა, რომ კაცნაკლული იყო, საპასუხო ლელო სწრაფად გაიტანა. ზუსტი გარდასახვის შემდეგ, მათ მატჩის გადასარჩენად 4 წუთი ჰქონდა, თუმცა „სარასენსი“ აღარ შეცდა და მეორედ გავიდა ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ფინალში. შეგახსენებთ, 2014 წელს „სარასენსი“ გადამწყვეტ მატჩში „ტულონმა“ დაამარცხა.

მეორე ნახევარფინალში დავით ხინჩაგიშვილის „რასინგი“ „ლესტერ თაიგერსს“ ქართველი ბურჯის გარეშე ეწვია, მასპინძლებს 19:16 აჯობა და ჩემპიონთა თასის ფინალში პირველად გავიდა. პარიზული კლუბი ტოპ 14-ში 2009 წელს დაბრუნდა და მოკლე დროში დიდი პროგრესი განიცადა. რადგან „სარასენსს“ და „რასინგს“ აქამდე ჩემპიონთა თასის, გნებავთ მისი წინამორბედი „ჰაინეკენის თასი“ არასდროს მოუგიათ, ტურნირს ახალი ჩემპიონი ეყოლება.

ფრანგებმა თამაში მძლავრად დაიწყეს და ანგარიში მე-3 წუთზე, ლელოთი გახსნეს. მასში უდიდესი წვლილი ყოფილ „ოლ ბლექსს“, ჯოე როკოკოკოს მიუძღვის, რომელმაც რაქიდან მოულოდნელად შეუტია და ცენტრიდან მეტოქის 22-მდე ირბინა, მერე იქ მან კიდევ ერთი მძლავრი დარტყმა განახორციელა და თითქმის ლელოს ხაზიდან მცველებს შორის მაქსიმ მაშენო გაძვრა. კიდევ ერთმა ზელანდიელმა დენ კარტერმა ზუსტ გარდასახვას 21-ე წუთზე ჯარიმა შემატა - 10:0.

ფრედი ბარნსმა ჯარიმით ჩამორჩენა 28-ე წუთზე შეამცირა, მაგრამ 38-ეზე დაშავდა და შესაცვლელი შეიქმნა. მის ნაცვლად მოედანზე ოუენ უილიამსი შევიდა და ახალგაზრდა უელსელმა ბურთთან პირველი შეხებით ჩამორჩენა 4 ქულამდე დაიყვანა, მაგრამ მატჩი რომ განახლდა „თაიგერსი“ დაჯარიმდა და კარტერი ზუსტი იყო - 6:13.

მეორე ტაიმის დებიუტში უილიამსმა და კარტერმა თითო ჯარიმა გაცვალეს, საათის თავზე კი, „რასინგმა“ მეორე ლელო დადო. მოედნის ცენტრში დანიშნული შერკინების შემდეგ, მასპინძელთა ლელოში გუსენი შეიჭრა, თუმცა ნაიჯელ ოუენსმა ეპიზოდის გადამოწმება ითხოვა და აღმოაჩინა, რომ შერკინებიდან ბურთის გატანის შემდეგ, კრის მასომ პასი წინ გააკეთა და ლელო გააუქმა. 74-ე წუთზე ფრანგებმა უპირატესობა 10 ქულამდე, გუსენის ჯარიმით გაზარდეს და ბოლო წუთზე ტელუსა ვეაინუს ლელომ და უილიამსის სასწრაფოდ შესრულებულმა გარდასახვამ მხოლოდ საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 19:16 „რასინგის“ სასარგებლოდ და პარიზელები ფინალში „სარასენსს“ ხვდებიან.

სარასენსი - უოსპსი 24:17

ლესტერი - რასინგი 16:19

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.093779