პრო დ2

17:14 | 25.04.2016 | ნანახია 2399 - ჯერ

ლომიძის მესამე სინბინი

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული „ბეზიეს“ მესამეხაზელი ლაშა ლომიძე ზედიზედ მეორე მატჩში დასაჯეს ყვითელი ბარათით. ეს მისი მესამე სინბინია 2016 წელს ჩატარებულ თამაშებში.

პრო დ2-ის XXVII ტურში, პლეი ოფში მოსახვედრად მებრძოლი „ბეზიე“ გასავარდნ ზონაში მყოფ „დაქსს“ მასპინძლობდა და ორივე გუნდს გამარჯვება ჰაერივით ჭირდებოდა. საბოლოოდ, გამარჯვება სტუმრებს დარჩათ, რომლებმაც პირველი ტაიმი 13-ქულიანი სხვაობით მოიგეს (20:7) და მეორე ტაიმში ეს უპირატესობა მშვიდად შეინარჩუნეს - 35:24. შეგახსენებთ, რომ „დაქსმა“ წინა ტურში საპლეიოფო ზონაში მყოფი „ორიაკი“ დაამარცხა და თუ ასე გააგრძელა, ლიგაში დარჩენის პრობლემა ნამდვილად არ ექნება.

მასპინძელთა რიგებში შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო მესამე ხაზელმა ლაშა ლომიძემ, მაგრამ უხეშობისთვის მსაჯმა ის 34-ე წუთზე ყვითელი ბარათით დასაჯა და სინბინის ვადის გასვლის შემდეგ, მოედანზე აღარ დაბრუნებულა. დარჩენილ მატჩებში ლაშა ფრთხილად უნდა იყოს, რათა ზედიზედ მიღებული სინბინების გამო, სადისციპლინო კომისიამ დისკვალიფიკაციით არ დასაჯოს. გამარჯვებულთა რიგებში 23 წუთი ითამაშა ბურჯმა ელიზბარ ყუფარაძემ, რომელიც შეცვლაზე 57-ე წუთზე შევიდა.

ბოლო 9 თამაშიდან „ბეზიემ“ 7-ში მარცხი განიცადა, რითაც „მონ დე მარსანმა“ და „კოლომიემ“ისარგებლეს, რომლებმაც ამ ტურში თავიანთი შეხვედრები მოიგეს. „მონ დე მარსანმა“ შინ „კარკასონი“ პრემიალური ქულით დაამარცხა - 39:10. მათ რიგებში ამჯერად არ გამოჩენილა ახალგაზრდა „ბორჯღალოსანი“ ბექა გორგაძე.

„კოლომიემ“ პრო დ2-ის ჩემპიონს, „ლიონს“ უმასპინძლა და 27:16 დაამარცხა. ეს გასაკვირი არცაა, რადგან მიზნის შესრულების და ლიგის ვადაზე დიდი ხნით ადრე მოგების შემდეგ, „ლიონის“ მწვრთნელები თავის გამოჩენის შანსს უახლოეს რეზერვსს აძლევენ. შედეგად, სტუმართა რიგებში ძირითად შემადგენლობაში თამაში პირველად დაიწყო მესამე ხაზელმა გიორგი ჯავახიამ, რომელსაც პირველ გუნდში დებიუტი სულ ცოტა ხნის წინ ჰქონდა. ახალგაზრდა მესამეხაზელისთვის შეხვედრა რთული გამოდგა, ერთხელ ბურთი დაკარგა და კონტაქტებშიც ვერ ყოჩაღობდა. ის 53-ე წუთზე შეცვალეს. „კოლომიეს“ შემადგენლობაში 57-ე წუთიდან შეცვლაზე ითამაშა რუმინეთის ნაკრების ქართველმა კვაჭმა ოთარ ტურაშვილმა.

საკუთარ მოედანზე კვლავ ძლიერად თამაშობს ლევან დათუნაშვილის, მერაბ შარიქაძის, ნიკოლოზ ხატიაშვილისა და გიორგი შარაშიძის „ორიაკი“, რომელმაც „ბურგუენი“ ბონუს ქულით დაამარცხა - 44:20. მასპინძელთა რიგებში ძირითადში იყვნენ და შეუცვლელად ითამაშეს მეორეხაზელმა დათუნაშვილმა და შუამარბმა შარიქაძემ.

სტუმრები მატჩში სამჯერ დაწინაურდნენ - ორჯერ ჯარიმით და 29-ე წუთზე ლელო-გარდასახვით. მასპინძლებმა წონასწორობა სამივეჯერ აღადგინეს - ჯერ ჯარიმებით, ხოლო 33-ე წუთზე საჯარიმო ლელოთი, რომელიც შერკინებამ დაიმსახურა და რა თქმა უნდა მასში წვლილი დათუნაშვილსაც მიუძღვის. შესვენებამდე „ორიაკმა“ კიდევ ორი ლელო დადო და ჯამში მესამე ქართველთა მონაწილეობით, რომლებმაც მარჯვენა ფლანგზე კარგად გაშალეს იერიში - 25:13. თამაშის განახლებიდან 21 წუთში „ორიაკმა“ კიდევ სამი ლელო დადო და ბოლოს „ბურგუენისგან“ მიღებულმა ლელომ მათ ვერაფერი დააკლო.

სტუმრად „ბიარიცთნ“ მნიშვნელოვანი შეხვედრა წააგო და პრო დ2-ში ადგილი ფაქტობრივად დაკარგა გიორგი ზაქაშვილის „ექსმა“. არადა, სტუმრებმა მაგრად იბრძოლეს და პირველი ტაიმის დებიუტში 11:3, ხოლო მეორეს დასაწყისში 18:15 იგებდნენ. მაგრამ ვერაფერი მოუხერხეს მასპინძელთა ავსტრალიელ კვაჭ ელვის ლევის, რომელიც ელვასავით დარბოდა და ჰეთ თრიკი შეასრულა. 18:32 ჩამორჩენის შემდეგ, „ექსმა“ ჯერ ჯარიმით და 78-ე წუთზე გატანილი ლელო-გარდასახვით სხვაობა 4 ქულამდე დაიყვანეს, მაგრამ ამით მხოლოდ პრემიალური ქულა აიღეს და ახლა დარჩენილ სამ მატჩში მე-14 ადგილთან 7 ქულა აქვთ „ამოსაქაჩი“. ქართველი ბურჯი ძირითად შემადგენლობაში იყო და 42-ე წუთზე შეცვალეს.

პლეი ოფში ადგილი თითქმის დაიბევა „ბეიონმა“, რომელმაც სტუმრად „ნარბონი“ 27:20 დაამარცხა. მასპინძელთ რიგებში ძირითადში იყო ვეტერანი ბურჯი ტარიელ რატიანიძე, რომელიც 54-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო სტუმართა ბურჯი ანტონ ფეიქრიშვილი სათადარიგო იყო და მოედანზე 46-ე წუთზე შევიდა, 69-ეზე კი, თავად გახდა შესაცვლელი.

პლეი ოფში ადგილის კიდევ ერთი მაძიებელი „პერპინიენი“ შინ „ალბის“ დაუხვდა და მხოლოდ ჯარიმებით მოგროვილი ქულების წყალობით 18:13 დაამარცხა. მასპინძელთა რიგებში შეცვლაზე 10 წუთი ითამაშა ბურჯმა გიორგი მჭედლიშვილმა, ხოლო სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ ბურჯი ბექა შეყლაშვილი და მეორე ხაზელი ვახტანგ მაისურაძე - ისინი შესაბამისად, 48-ე და 45-ე წუთებზე შეცვალეს. „ალბიმ“ ტაიმი 10:6 მოიგო და 70-ე წუთზე გატანილი ჯარიმით 13:12 დაწინაურდა, თუმცა დარჩენილ დროში ორი ჯარიმა მიიღო და პრემიალურ ქულას დასჯერდა.

„ტარბმა“ „მონტობანს“ უმასპინძლა და 20:15 დაამარცხა, მაგრამ „დაქსის“ წარმატებების ფონზე, ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად დარჩენილ მატჩებშიც მოუწევს ბრძოლა. მასპინძელთა რიგებში სათადარიგოები იყვნენ ბურჯები - ირაკლი მირცხულავა და კახაბერ კობერიძე, რომლებმაც დასკვნთი 11 წუთი ითამაშეს. აღსანიშნავია, რომ საბოლოო ანგარიში 52-ე წუთზე დაფიქსირდა.

საფრანგეთი. პრო დ2. XXVII ტური

პერპინიენი - ალბი 18:13

ნარბონი - ბეიონი 20:27

ორიაკი - ბურგუენი 44:20

ბიარიცი - ექსი 32:28

მონ დე მარსანი - კარკასონი 39:10

ტარბი - მონტობანი 20:15

ბეზიე - დაქსი 24:35

კოლომიე - ლიონი 27:16

1.

ლიონი

27

23

0

4

856:424

106

14

2.

ბეიონი

27

17

1

9

575:523

77

7

3.

ორიაკი

27

16

0

11

663:555

73

9

4.

პერპინიენი

27

14

1

12

632:559

68

10

5.

მონ დე მარსანი

27

15

1

11

562:554

68

6

6.

კოლომიე

27

13

3

11

542:555

65

7

7.

ბეზიე

27

14

1

12

665:618

64

6

8.

ბიარიცი

27

13

0

14

589:548

59

7

9.

მონტობანი

27

12

0

15

514:541

57

9

10.

ალბი

27

12

2

13

511:546

57

5

11.

ბურგუენი

27

11

0

16

526:559

56

12

12.

ნარბონი

27

12

0

15

543:588

55

7

13.

ტარბი

27

12

0

15

501:550

49

9

14.

კარკასონი

27

10

0

17

428:662

45

5

15.

დაქსი

27

9

1

17

496:651

44

6

16.

ექსი

27

8

0

19

489:659

38

6

ტარბს დაკლებული აქვს 8 ქულა

XXVIII ტური. 5, 6 და 8 მაისი

ორიაკი - პერპინიენი, ბურგუენი - ბეზიე, ექსი - ტარბი, ბეიონი - ალბი, კარკასონი - ნარბონი, ლიონი - ბიარიცი, მონტობანი - კოლომიე, დაქსი - მო დე მარსანი

გიორგი ბეჭვაია


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.08333