დიდი 10

14:41 | 25.04.2016 | ნანახია 1854 - ჯერ

ტრადიცია უცვლელია - „ლელო-სარასენსი“ ფინალშია

საქართველოს ჩემპიონატის ბოლო ოთხი წლის ტრადიცია უცვლელია. თბილისის „ლელო-სარასენსმა“ წინა სამ ჯერზე რეგულარული პირველობა მეორე ადგილზე დაასრულა, მაგრამ სამივე ჯერზე შესარჩევი ფინალი მოიგო. ამჯერად გუნდმა რეგულარული გათამაშებაც მოიგო, შესარჩევი ფინალიც და 15 მაისს მეტოქეს ელის.

წელს ქვეყნის ბოლო სამი წლის უცვლელ ჩემპიონს ამ ეტაპზე ახალი, მაგრამ კარგად ნაცნობი მეტოქე ყავდა - თბილისის „ლოკომოტივი“, რომელსაც შარშან დიდ ფინალში აჯობა. ამ გუნდების ჯახი მუდამ დაძაბულობით გამოირჩევა და ასე იყო ამჯერად დიდ დიღომში, სადაც „ლელო-სარასენსი“ კვლავაც რჩება ბეჭდაუდებელ გუნდად.

თამაში სანახაობრივი ვერ გამოდგა და ეს მოსალოდნელი იყო, რადგან სასწორზე ფინალის საგზური იდო და თანაც, გუნდებს ბოლო თამაში სამი კვირის წინ ჰქონდათ გამართული. ერთის მხრივ, დასვენება კარგია, რადგან ძალების აღდგენის და მიკრო-ტრავმების მოშუშების საშუალებას იძლევა, თუმცა სათამაშო ტონუსიც იკარგება. შედეგად, გაიმარჯვა იმ გუნდმა, რომელმაც ნაკლები შეცდომა დაუშვა.

„ლოკომოტივი“ რიგ ეპიზოდებში ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდა, მაგრამ ბურთს ვერ უფრხილდებოდა და ამის გამო ყველაფრის თავიდან, თანაც მეტოქის ლელოდან მოშორებით დაწყება უწევდა. ანგარიში სტუმრებმა ბექა წიკლაურის ჯარიმით გახსნეს, რომელსაც მოგვიანებით, შესვენებამდე ერთი გასატანი ჯარიმა გაუფუჭდა.

„ლელო-სარასენსმა“ მეორე მეოთხედში შეძლო უპირატესობის დაუფლება და საკუთარი შესაძლებლობები კარგად გამოიყენა. 26-ე წუთზე მასპინძლებმა 5-მეტრა დერეფნიდან კარგი მოლი დააყენეს და ლელოში შესულმა გუჯა სურგულაძემ ბურთი დაამიწა. ირაკლი ყიასაშვილმა გარდასახვა ზუსტად შეასრულა, ტაიმის ბოლოს კი, ულამაზესი ლელო გაიტანა. მან სისწრაფეში, მეტოქის 22-ში მიიღო გადაცემა, ორ მცველს ლამაზი ფინტებით გაცდა და ძელებსშორის შეფრინდა. რა თქმა უნდა გარდასახვაც ზუსტი იყო - 14:3.

როგორც მოსალოდნელი იყო, მეორე ტაიმში „ლოკომოტივმა“ კიდევ უფრო მოინდომა, მაგრამ მასპინძლები ახერხებდნენ მატჩის ტემპის დაგდებას. სტუმართა შანსი მას შემდეგ ამაღლდა, რაც რეფერიმ 56-ე წუთზე „ლელოს“ გიორგი ჭყოიძე გაუსინბინა, მაგრამ მასპინძლებმა კაცნაკლულადაც გაძლეს. 79-ე წუთზე „ლელო-სარასენსი“ კიდევ ერთხელ დარჩა კაცნაკლული, ამჯერად სინბინით ოთარ ბარკალაია დაისაჯა. დრო ძალიან ცოტა იყო, „ლოკომოტივმა“ რიცხობრივი უპირატესობის გამოყენება ვერც ამჯერად მოახერხა და საბოლოოდ პირველი ტაიმის შედეგი - 14:3 დაფიქსირდა, რითაც „ლელო-სარასენსმა“ ფინალში თამაში დაიბევა, ხოლო „ლოკომოტივს“ ფინალის საგზურისთვის 7 მაისს, გორის „ჯიქთან“ მოუწევს პაექრობა.

დიდი 10. პლეი ოფი. მეორე ეტაპი

24 აპრილი. თბილისი. „ლელო“

ლელო-სარასენსი (თბილისი) - ლოკომოტივი (თბილისი) 14:3 (14:3)

ლელო-სარასენსი: 15. ყიასაშვილი, 14. ჩიტიძე, 13. თოდუა, 12. ტალახაძე, 11. ხეცოიძე, 10. ხმალაძე, 9. მინდიაშვილი; 1. მაჭარაშვილი, 2. ჭყოიძე, 3. პატარაია, 4. ჭეიშვილი, 5. ქოიავა, 6. კოპაძე, 7. სურგულაძე, 8. ბუბუტეიშვილი.

სათადარიგოები: 16. ლომთაძე, 17. მარგალიტაძე, 18. მჭედლიძე, 19. ხორბალაძე, 20. კვაჭაძე, 21. ბარკალაია, 22. ფაფიაშვილი, 23. მაისურაძე.

2 ლელო: სურგულაძე, ყიასაშვილი

2 გარდასახვა: ყიასაშვილი

ლოკომოტივი: 15. წიკლაური, 14. კალანდაძე, 13. ძნელაძე, 12. გაგოშვილი, 11. შკინინი, 10. კავთიძე, 9. ხუციშვილი; 1. ელოშვილი, 2. გენებაშვილი, 3. ბურდული, 4. გეგია, 5. მახარაძე, 6. ფოფხაძე, 7. ჟღენტი, 8. გასვიანი.

სათადარიგოები: 16. ქვათაძე, 17. პაატაშვილი, 18. გაგნიძე, 19. ბერიშვილი, 20. მიქაძე, 21. დავითაშვილი, 22. ნიკოლავა, 23. ქავთარაძე.

1 ჯარიმა: წიკლაური

მცირე ფინალი. 7 მაისი

ლოკომოტივი (თბილისი) - ჯიქი (გორი)

ფინალი. 15 მაისი

ლელო-სარასენსი (თბილისი) - მ.ფ. გამარჯვებული

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.079446