თბილისის „არმაზისთვის“ წლევანდელი სეზონი არცთუ სასიამოვნოდ დაიწყო და ასე გაგრძელდა მე-13 ტურამდე. ამ პერიოდში გუნდს ერთადერთი ფრე ჰქონდა და უმეტესად მცირედი მარცხებით აგროვებდა ქულებს.
მაგრამ „არმაზს“, რომელიც ამ დროს უკვე გავარდნილად ითვლებოდა, ბრძოლა დაუფასდა. დასკვნითი ხუთი მატჩიდან გუნდმა ოთხი მოიგო, ხოლო მეხუთე, წაგებულ შეხვედრაში ტექნიკური გამარჯვება ჩაეთვალა. გადამწყვეტი რეგულარული პირველობის დასკვნითი ტური იყო, რომელშიც „არმაზმა“ რუსთავის „ხარებს“ 22:10 მოუგო, მეტოქეს პრემიალური ქულა რომ არ ააღებინა პირველ ლიგაში გაისტუმრა, ხოლო თავად ბოლოდან მეორე, მე-9 ადგილი დაიკავა და პირველი ლიგის მეორეადგილოსანთან გადათამაშების უფლება მოიპოვა.
„დინამოსათან“ თბილისური დერბის პირველ თამაშში, „არმაზმა“ დარჩენისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა, რადგან მეტოქეს 27-ქულიანი სხვაობით, 40:13 აჯობა. პირველლიგელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ მეორე თამაშში ბედი მაინც სცადეს და პირველ ტაიმში მეტოქეს გაქცევის საშუალება არ მისცეს, მაგრამ გამოცდილებამ მაინც თავისი გაიტანა, ამჯერად „არმაზმა“ 40:19 იმატჯვა და „დიდი 10“-ში ადგილი დაიბევა.
„დინამოს“ გაისადაც პირველ ლიგაში მოუწევს თამაში, რომელიც ფოთის „კოლხმა რაინდებმა“ დატოვა, ხოლო თბილისის სტუ-ს გადათამაშებაში მოუწევს ჩართვა. თავის მხრივ, რეგიონალური გათამაშება მოიგო და პირველ ლიგაში აღზევდა ქუთაისის „უნივერსიტეტი“ - მან ორრაუნდიან ფინალში წყალტუბოს „დინოზავრი“ ჯერ 60:5 და მერე 32:10 დაამარცხა. ამრიგად, ქუთაისს „დიდ 10“-ში ორი [„ბაგრატმა“ პირველი ლიგა მოიგო და უძლიერესებში აღზევდა], ხოლო პირველ ლიგაში ერთი გუნდი ეყოლება. „დინოზავრები“ პირველი ლიგის საგზურისთვის სტუ-ს ორჯერ შეხვდებიან - 7-8 მაისს წყალტუბოში და 14-15 მაისს თბილისში.
ნინუცა კაპანაძე
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია