ინგლისი

14:21 | 24.04.2016 | ნანახია 1092 - ჯერ

„სეილმა“ ჩემპიონობის შანსი დაკარგა

ინგლისის „ავივა პრემიერშიპის“ გადადებულ მატჩში „სეილ შარქსი“ უმოტივაციო „ბათთან“ 26:32 დამარცხდა და მართალია 2 პრემიალური ქულა აიღო, მაგრამ ჩემპიონობისთვის ბრძოლის გაგრძელების პრაქტიკული შანსი დაკარგა.

ერთი კვირის ინტერვალით ეს გუნდები მეორედ შეხვდნენ ერთმანეთს და „ბათმა“ 17 აპრილს განცდილი მარცხისთვის [17:29] რევანში აიღო. ამით მათ ბევრი ვერაფერი მიიღეს და გაისად ჩემპიონთა თასის ზონაშიც ვერ მოხვდებიან, „სეილმა“ კი, მეოთხეადგილოსან „ლესტერთან“ ჩამორჩენა მხოლოდ 6 ქულამდე დაიყვანა და რეგულარული პირველობის დასრულებამდე 2 ტურით ადრე, მისი აღმოფხვრა გაუჭირდება. შედეგად, საჩემპიონო პლეი ოფის მოწინავე ოთხეული, პრაქტიკულად უკვე გარკვეულია.

თამაში „ზვიგენებმა“ ძალიან სუსტად დაიწყეს, ბოჭვები უფხოდ ასრულეს და პირველსავე წუთზე ოლი დევოტომ ლელო გაიტანა. 10 წუთში „ბათმა“ მეტოქის 22-ში სწრაფად გაითამაშა ბურთი და რამდენიმე დარტყმის შემდეგ ბურთი ჩარლი ეველსმა დაამიწა. ჯორჯ ფორდმა ორ გარდასახვას მე-15 წუთზე ჯარიმაც შემატა და შესვენებამდე ანგარიში აღარ შეცვლილა - 17:0.

თამაშის განახლების შემდეგ „სეილ შარქსს“ სულ 7 წუთი დაჭირდა ორი ძალისმიერი ლელოს დასადებად, თავი სამოელმა ჯონი ლეოტამ და რუსმა ანდრეი ოსტრიკოვმა გამოიჩინეს, ხოლო დენი სიპრიანიმ გარდასახვები შეასრულა. ფორდმა 53-ე წუთზე ჯარიმით უპასუხა, ხოლო 4 წუთში გრძელი გადაცემით ალამთან სემესა როკოდუგინი დაგეზა - 25:14. სტუმრები სიტუაციის შეცვლას ცდილობდნენ, თუმცა 70-ე წუთზე თერნოვერი შეემთხვათ და უილ ჰომერიმ ლელომდე ირბინა, რითაც გუნდს პრემიალური ქულა დაუბევა, ხოლო ფორდმა გარდასახვით სხვაობა 18 ქულამდე გაზარდა. „სეილის“ სამოელმა ლეგიონერებმა - ტიჯეი იოანემ და ლეოტამ, დასკვნით სამ წუთში „ბათის“ ჩათვლის მოედანი ორჯერ აიღეს, მეორე ჯერზე ჯო ფორდმა გარდასახვაც ზუსტად შეასრულადა მართალია გუნდი მარცხისგან ვერ იხსნა, მაგრამ პრემიალური ქულა ააღებინა, რომელიც ჩემპიონთა თასის საგზურისთვის ბრძოლაში, შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.080562