საქართველოს ეროვნული ნაკრების ბურჯები - მიხეილ ნარიაშვილი და დუდუ ქუბრიაშვილი 13 მაისს ლიონში, ევროპის რანგით მეორე საკლუბო ტურნირ ჩელენჯ ქაფის ფინალში ითამაშებენ.
მათმა „მონპელიემ“ უელსურ „ნიუპორტს“ 7700 მაყურებლის წინაშე უმასპინძლა და 22:12 დაამარცხა. სტუმრებს შანსი არ ჰქონიათ, ფრანგებმა 22 უპასუხო ქულა აიღეს, ბოლო მეოთხედში მოეშვნენ და ორი საპასუხო ლელო გაუშვეს, მაგრამ ამით არაფერი შეცვლილა. აღსანიშნავია, რომ გუნდი სეზონის დასკვნით ნაწილს საუკეთესო ფორმაში ხვდება და ჩელენჯ ქაფსა და ტოპ 14-ში ჩატარებული ბოლო 13 თამაშიდან 12 მოიგო, აქედან 9 ზედიზედ.
უქულო პირველი მეოთხედის შემდეგ, „მონპელიემ“ სათამაშო უპირატესობის ანგარიშზე ასახვა დაიწყო და შესვენებამდე ოთხი ჯარიმა გაიტანა - 12:0. 54-ე წუთზე ფრანგებმა მეხუთე ჯარიმა მიითვალეს, ხოლო 59-ე წუთზე ბისმარკ დუ პლესმა მოლის შემდეგ შეხვედრის პირველი ლელო დადო და გარდასახვაც ზუსტი იყო - 22:0. „ნიუპორტმა“ საპასუხო ლელო ორიოდე წუთში დადო, მაგრამ მეორე მხოლოდ შეხვედრის მიწურულს და ანგარიში ოდნავ შეალამაზა, „მონპელიე“ კი, პირველად კლუბის არსებობის ისტორიაში, ჩელენჯ ქაფის ფინალში ითამაშებს, სადაც მისი მეტოქე ჯგუფური ეტაპიდან კარგად ნაცნობი ინგლისური „ჰარლექუინსი“ იქნება.
ნარიაშვილმა „ნიუპორტთან“ მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და მოედანზე 71 წუთი გაატარა. ამ პერიოდში მან 10-ჯერ მიიღო ბურთი, 3 მეტრით წინ წაიწია და 4 პასი გასცა, დაცვაში 3 ბოჭვა შეასრულა და ერთხელ დაჯარიმდა. შეცვლაზე 53-ე წუთიდან ითამაშა ქუბრიაშვილმა, რომელმაც 2-ჯერ მიიღო ბურთი და ის 1 მეტრით წაწია წინ. მთლიანობაში, ორივე ქართველმა მოცულობითი შავი სამუშაო შეასრულა და იმ მოლშიც იყვნენ ჩართული, რომლის შედეგად მათმა გუნდმა ლელო გაიტანა და მატჩის ბედი გადაწყვიტა.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია