დიდი 10

1:27 | 24.04.2016 | ნანახია 2318 - ჯერ

„ლელო-სარასენსი“ vs „ლოკომოტივი“ - ტრადიციული დერბი ფინალისთვის

დღეს დიდ დიღომში, „ლელოს“ ახალ სტადიონზე ბოლო წლების ქართული შიდა რაგბის ყველაზე საინტერესო დაპირისპირება გაიმართება. სასწორზე დიდი რამ - ფინალის საგზური დევს და ეს „ლელო-სარასენსისა“ და „ლოკომოტივის“ შეხვედრას დამატებით ხიბლს მატებს.

ამ წყვილმა შარშან დიდი ფინალი გაითამაშა. მაშინ „ლელო-სარასენსმა“ მეტოქეს ვაკეში შანსი არ დაუტოვა, თავიდანვე მოიპოვა უპირატესობა და საბოლოოდ 30:21 აჯობა, რითაც ზედიზედ მესამედ გახდა ქვეყნის ჩემპიონი. ბოლო შვიდ წელიწადში, ამ გუნდებმა ჩემპიონის ტიტული სამჯერ გაითამაშეს და შარშანდლამდე ორივეჯერ „ლოკომოტივი“ იყო გამარჯვებული - 2008 [19:9] და 2010 [16:11] წლებში. ჯამში, დამოუკიდებლობის პერიოდში, რკინიგზელები 9-ჯერ იყვნენ პირველები, მაგრამ ბოლოს ეს 2010 წელს შეძლეს და მას შემდეგ გადამწყვეტ მატჩში ერთადერთხელ, შარშან ითამაშეს.

ბოლო წლებს თუ გადავხედავთ, „ლელო-სარასენსის“ უპირატეობა აშკარაა. ამ გუნდმა „ლოკომოტივს“ შარშან სამჯერ მოუგო [ორჯერ რეგულარულში და ერთხელ ფინალში] და წლევანდელი სეზონის რეგულარულ გათამაშებაშიც ორჯერ სძლია მეტოქეს - 18:17 „ავჭალაზე“ და 34:31 „ლელოზე“, სადაც დღესაა თამაში.

საგულისხმოა ერთი ფაქტი - გასულ სამ წელს, „ლელო-სარასენსი“ რეგულარულ პირველობას მეორე ადგილზე ასრულებდა, მაგრამ მერე ზედიზედ იგებდა ორ თამაშს და ჩემპიონი ასე ხდებოდა. წელს დიდ დიღმელებმა პირველი ადგილი დაიკავეს, „ლოკომოტივი“ მეორე იყო. ამით მათ პლეი ოფში უკეთესი კალენდარი მიიღეს, მაგრამ ერთი პრობლემაც შეექმნათ - მათ სამი კვირაა არ უთამაშიათ და რადგან შემდეგ უქმეებზე აღდგომაა, მოგებულს, რომელიც ფინალის საგზურს მიიღებს 15 მაისამდე, ხოლო წაგებულს, რომელიც ფინალში გასასვლელად „ჯიქს“ უნდა შეხვდეს, 7 მაისამდე კვლავ უქმობა მოუწევს.

დიდი 10. პლეი ოფი. მეორე ეტაპი

24 აპრილი. თბილისი. „ლელო“. 15:30 საათი

ლელო-სარასენსი [თბილისი] - ლოკომოტივი [თბილისი]

ლელო-სარასენსი: 15. ყიასაშვილი, 14. ჩიტიძე, 13. თოდუა, 12. ტალახაძე, 11. ხეცოიძე, 10. ხმალაძე, 9. მინდიაშვილი; 1. მაჭარაშვილი, 2. ჭყოიძე, 3. პატარაია, 4. ჭეიშვილი, 5. ქოიავა, 6. კოპაძე, 7. სურგულაძე, 8. ბუბუტეიშვილი.

სათადარიგოები: 16. ლომთაძე, 17. მარგალიტაძე, 18. მჭედლიძე, 19. ხორბალაძე, 20. კვაჭაძე, 21. ბარკალაია, 22. ფაფიაშვილი, 23. მაისურაძე.

ლოკომოტივი: 15. წიკლაური, 14. კალანდაძე, 13. ძნელაძე, 12. გაგოშვილი, 11. შკინინი, 10. კავთიძე, 9. ხუციშვილი; 1. ელოშვილი, 2. გენებაშვილი, 3. ბურდული, 4. გეგია, 5. მახარაძე, 6. ფოფხაძე, 7. ჟღენტი, 8. გასვიანი.

სათადარიგოები: 16. ქვათაძე, 17. პაატაშვილი, 18. გაგნიძე, 19. ბერიშვილი, 20. მიქაძე, 21. დავითაშვილი, 22. ნიკოლავა, 23. ქავთარაძე.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.116025