ზიმბაბვეში მიმდინარე 20-წლამდე მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატის „ალაფაზე“, ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის თამაშები გაიმართა და გამოიკვეთნენ ის გუნდები, რომლებიც ელიტურ 12-ში აღსაზევებლად იბრძოლებენ და შესაბამისად, გაისად ერთ-ერთი მათგანი თბილისში ჩამოვა.
დღის მატჩებიდან ყველაზე დიდ ინტერესს კუნძულელების - სამოასა და ფიჯის დაპირისპირება იწვევდა, მაგრამ ბრძოლა მხოლოდ ერთი ტაიმი შედგა. ანგარიში ლელოთი ფიჯიმ გახსნა, გარდასახვაც გამოიყენა და რადგან ეს ტურნირი ექსპერიმენტულია [ლელო 6 ქულა, კარში ნებისმიერი დარტყმა - 2], 8:0 დაწინაურდა. სამოამ საპასუხო ლელო მალევე დადო და ტაიმი ფრედ დასრულდა. მეორე ნახევარში სამოა ინიციატივას დაეუფლა და ლელო-გარდასახვით მალევე დაწინაურდა, მერე უპირატესობა ჯარიმით გაზარდა, საათის თავზე მეზობლებს მესამე ლელო გაუტანა, ხოლო ბოლო წუთზე მეოთხეც მიითვალა და პრემიალური ქულაც ჩაიწერა.
ჯგუფის მეორე შეხვედრაში ურუგვაიმ მასპინძელ ზიმბაბვეს პირველ ტაიმში ხუთი ლელო დაუდო და 36:6 დაწინაურდა. სამხრეთელებს პრემიალური ქულა დაბევებული ჰქონდათ, უპირატესობაც სოლიდური იყო და მოეშვნენ, რის გამოც ზიმბაბვემ ორი ლელოთი დასაჯა და ჩამორჩენა 14 ქულამდე დაიყვანა. მაგრამ ურუგვაიმ დასკვნით 5 წუთში აფრიკელებს კიდევ ორი ლელო გაუტანა და ჯამში 50:22 იმარჯვა. შეგახსენებთ, პირველ ტურში ურუგვაი ფიჯისთან ბოლოში გატყდა და 34:38 დამარცხდა, 4 ლელო გაიტანა და 2 პრემიალური ქულა ჩაიწერა. ახლა მათ 7 ქულა აქვთ და დასკვნით ტურში ფინალის საგზურისთვის სამოას ერკინებიან, რომელიც 10 ქულით პირველზეა.
მეორე ჯგუფში ქულათა მაქსიმუმით [10] პირველზეა ესპანეთი. ჰონკონგის 44:8 ძლევის შემდეგ, მათ ნამიბიას 6 ლელო დაუდეს და 40:22 დაამარცხეს. პირველ ტურში ნამიბიასთან დამარცხებულმა აშშ-მ [44:46], ჰონკონგს 32:12 სძლია, 70-ე წუთზე მეოთხე, პრემიალური ლელოც დადო და ჯგუფიდან გასვლის შანსი შეინარჩუნა. ახლა მათ 7 სატურნირო ქულა აქვთ და თუ დასკვნით დღეს ესპანეთს სძლიეს, თანაც პრემიალური ქულაც აიღეს, ან მეტოქეს არ ააღებინეს, ფინალში ითამაშებენ.
ჯგუფური ეტაპი 27 აპრილს სრულდება, ხოლო ფინალი 1 მაისს გაიმართება.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია