ზე-18

0:12 | 24.04.2016 | ნანახია 1014 - ჯერ

„სტორმერსმა“ მოიგო და მეორეზე ავიდა (+ვიდეო)

სამხრეთაფრიკულ-ავსტრალიური დაპირისპირება შედგა კეიპ თაუნში, სადაც ადგილობრივმა „სტორმერსმა“ „რედსი“ მიიღო და იოლად, 40:22 დაამარცხა. „სტორმერსი“ წელს კარგ ფორმაშია, ისინი მუდამ ზედა ეშელონში არიან, ხოლო „რედსის“ ერთადერთი გამოანთება „ჰაილენდერსთან“ მოგებული მატჩი (28:27) იყო.

ორივე ტაიმი ქულაუხვი გამოდგა. მატჩის პირველი სამი ქულა სტუმრებმა ჯარიმით მიითვალეს და შემდეგ მასპინძლებმა შვიდ წუთში ორი ლელო დადეს: მე-10 წუთზე ჯერ კობუს ვან ვიკმა სტუმართა მგეზავ ჯეკ მაკინტაიერის შეცდომით ისარგებლა და სტუმრები დაალელოვა, ხოლო მე-17 წუთზე ლეოლინ ზასმა რაქიდან ამოღებული ბურთი გადადო ლელოში, ორივე ლელო ჟან-ლუკ დუ პლესისმა გარდასახა -14:3.

ამის შემდეგ ლელოს გემო სტუმრებმაც გაიგეს - ჩათვლის მოედანს 22-ე წუთზე ლიამ გილმა უწია, გარდასახვა მაკინტაიერმა შეასრულა. 32-ე წუთზე „სტორმერსის“ ათიანმა ჯარიმის გატანა მოახერხა და პირველი ნახევარიც ასეთი ანგარიშით დასრულდა -17:10.

მეორე ნახევრის დასაწყისში სტუმრები წინ გავიდნენ, 46-ე წუთზე ჰანტმა შეძლო ლელოს დადება და მერე გარემარბმა ეტო ნაბულიმ კარგად გათამაშებული კომბიანაცია დაასრულა ლელოთი. მაკინტაიერმა მხოლოდ ერთი ლელო გარდასახა და „რედსი“ ხუთი ქულით დაწინაურდა - 17:22.

აქედან მოყოლებული ქულებს მხოლოდ „სტორმერსი“ აგროვებდა, რომლებმაც ორი გარდასახული ლელოსა და სამი ჯარიმის გატანა შეძლეს. „სტორმერსს“ ხელი რიცხობრივმა უპირატესობამაც შეუწყო, 73-ე წუთზე მსაჯმა სემ ტალაკაი გაასინბინა და აფრიკელებმა 10 ქულა ამის შემდეგ მიითვალეს.

ამ გამარჯვების შემდეგ „სტორმერსს“ 28 ქულა დაუგროვდა და სუპერ რაგბის სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზე გადავიდა. „რედსს“ რვა ქულა აქვს და მე-14 პოზიციაზეა.

ავსტრალიური დერბი შედგა პერთში, სადაც „ფორსმა“ „ვარატასს“ უმასპინძა და 13:49 განადგურდა. სტუმრებმა დამხდურებს ხუთი ლელო დაუდეს და ბონუსქულის მითვლაც მოახერხეს. „ვარატასი“ ამ მოგების შემდეგ მე-11 ადგილზეა, „ფორსი“ მხოლოდ „საუთერნ კინგსს“ უსწრებს.

დღის უკანასკნელ მატჩში ბოლოადგილოსანი „საუთერნ კინგსი“ „ლაიონსს“ დაუხვდა. როგორც მოსალოდნელი იყო, „მეფეებმა“ „ლომებს“ წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს, მათ მხოლოდ ორი გარდაუსახავი ლელო გაიტანეს და 10:45 წააგეს. „ლაიონსმა“ 5 ქულა მიიღო და მე-4 ადგილამდე აღზევდა.

სტორმერსი - რედსი 40:22

ფორსი - ვარატასი 13:49

უჩა გოგიძე


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.07748