გორის „ჯიქმა“ დაახლოებით 7-წუთიანი, 60-მეტრიანი იერიში მეორე ტაიმის მე-9 გადაცილებულ წუთზე ლელოთი დაასრულა, რამაზ ხარაზიშვილმა არცთუ რთული პოზიციიდან გარდასახა და 19:18 მოგებით, თავისი გუნდი მცირე ფინალში გაიყვანა.
ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც „ჯიქი“ საქართველოს ჩემპიონატის მედალს მოიპოვებს, ოღონდ რა სინჯისა იქნება ის, მაისში გაირკვევა. აქამდე გუნდის საუკეთესო შედეგი მე-5 ადგილი იყო, რომელიც 2013 წელს დაიკავა, წელს კი, „ჯიქმა“ რეგულარული გათამაშება მე-3 ადგილზე დაასრულა და საბოლოო შედეგიც მასზე ნაკლები არ ექნება.
თამაშის მსვლელობიდან გამომდინარე, თავისუფლად შეიძლებოდა გამარჯვება „ყოჩებს“ მოეპოვებინა, მაგრამ შარშანდელი საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი თემურ სოხაძე, დღეს ხასიათზე ვერ იყო, სამი ჯარიმა და ერთი გარდასახვა გაუფუჭდა და ბოლო წუთები გადამწყვეტი ამის ხარჯზე აღმოჩნდა. ბოლნისელები დააზარალა ტრავმების ეპიდემიამაც, რის გამოც მხოლოდ სამი ცვლილება განახორციელა და თანაც სამივე შემთხვევაში ბურჯი შეიცვალა.
თამაში რომ დაძაბული იყო, ამაზე ანგარიშიც მეტყველებს. შეხვედრამ სასიამოვნო ამინდში და ატმოსფეროში, თითქმის სავსე ტრიბუნების ფონზე ჩაიარა. ბოლო წლების პლეი ოფების თამაშებს თუ გადავხედავთ, მაყურებელთა ინტერესი შიდა რაგბის მიმართაც იზრდება და ეს ძალიან კარგია, რადგან შიდა და საკლუბო რაგბის განვითარების გარეშე, რაღაც ეტაპის შემდეგ, ქართული რაგბის პროგრესი გაჭირდება. სასიამოვნოა ისიც, რომ პლეი ოფების ეტაპზე თამაშების სანახაობრივი მხარე იზრდება და იმედია, ეს სამომავლოდ რეგულარული გათამაშების შეხვედრებზეც აისახება.
მატჩის დებიუტში გუნდებმა მეტოქის შეცდომის იმედად ფეხით თამაში გააჩაღეს. შედეგად, გიორგი ბეგაძეს 22-ის ხაზთან დაუფარეს და რამდენიმე მიძალების შემდეგ, „ჯიქმა“ ჯარიმა გამოიმუშავა, რომელიც რამაზ ხარაზიშვილმა 3 ქულად აქცია. მე-12 წუთზე „ყოჩების“ შერკინება მეტოქისას მაგრად მოერია, მაგრამ სოხაძეს თითქმის კარის წინ 37 მეტრიდან დარტყმა გაუცუდდა. ფაქტობრივად მთელი სათამაშო დროის განმავლობაში, ბოლნისელები შერკინებაში დომინირებდნენ და ამას კარგადაც იყენებდნენ, თუმცა საბოლოოდ, ეს გადამწყვეტი ვერ აღმოჩნდა.
ტაიმის შუაში „ყოჩები“ ისევ რაქში დაჯარიმდა და ხარაზიშვილმა დაახლოებით 45 მეტრიდან ანგარიში 6:0 გახადა. მაგრამ 24-ე წუთზე ირლანდიელმა რეფერიმ გვერდით მსაჯთან გასაუბრების შემდეგ, გორელთა მეორეხაზელი მალხაზ ჯინჭარაძე სახიფათო ბოჭვაში ამხილა და სინბინში გაუშვა. „ყოჩების“ უპირატესობა შერკინებაში, კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა და 30-ე წუთზე რეფერიმ ისინი გააფრთხილა, შემდეგი ჯარიმა სინბინით დაისჯებაო. სოხაძემ 40 მეტრიდან კარში დაარტყა და ზუსტად ისე ააცილა, როგორც პირველ ჯერზე.
35-ე წუთზე გორელების შერკინება კვლავ დაჯარიმდა, ირლანდიელმა სინბინი სამომავლოდ გადადო, სოხაძემ კი, ბურთი აუტში გადაიტანა. ლელოდან 7 მეტრში ის ჯაბა კიკვიძემ მოიგო, მოლი ვერ დადგა, მაგრამ „ყოჩებმა“ მოკლე დარტყმებით მანძილი დაფარა, თანაც ცენტრისკენაც გადაინაცვლა და დავით ხიდეშელმა ლელო ძელთან დაამიწა, ხოლო სოხაძემ გარდასახა - 6:7.
მეორე ტაიმის პირველივე წუთზე, ბოლნისელთა შერკინებამ ისევ იმძლავრა და ამჯერად სოხაძე ზუსტი იყო, მაგრამ მალევე უკვე „ჯიქის“ შერკინებამ გამოიმუშავა ჯარიმა და ხარაზიშვილმა კარის წინ 42 მეტრიდან ჩამორჩენა კვლავ მინიმუმამდე დაიყვანა - 9:10. თამაში რომ განახლდა „ჯიქის“ შერკინების შემკვრელმა, ერთ-ერთმა ყველაზე აქტიურმა მორაგბე გურამ შენგელიამ ხაზი გაჭრა და კარგადაც იარა, მაგრამ პასმა არ ივარგა. მერე „ჯიქის“ უკვე შეცვლილი მარცხენა ბურჯი ისევ ჩავარდა და გოგა კაკოვინი სინბინით დაისაჯა.
მიუხედავად ამისა, 51-ე წუთზე „ყოჩები“ თამაშგარისთვის დაჯარიმდა და ხარაზიშვილმა კარიდან მარცხნივ, დაახლოებით 35 მეტრიდან „ჯიქი“ დააწინაურა. სოხაძეს 4 წუთში შეეძლო პასუხის გაცემა, თუმცა მისი 48 მეტრიდან დარტყმული არაზუსტი იყო. სამაგიეროდ, ის 63-ე წუთზე კარის წინ 35 მეტრიდან იყო ზუსტი და „ყოჩებს“ ლიდერობა დაუბრუნა. მერე ბოლნისელთა მგეზავმა თავისი ნახევრიდან მეტოქის ლელოდან 5 მეტრში გადაიტანა ჯარიმა, ბურთი კვლავ კიკვიძემ მოიგო, მოლმა წინააღმდეგობის მიუხედავად მანძილი დაფარა და შეტევის დამწყებმა კიკვიძემ ბურთი დაამიწა. სოხაძის გარდასახვა ბევრ რამეს წყვეტდა, თუმცა მისი დარტყმული ძელმა აისხლიტა და „ჯიქს“ მატჩის გადარჩენის იმედი დარჩა.
მაგრამ „ყოჩები“ თამაშის მსვლელობას აკონტროლებდა, 75-ე წუთზე სოხაძემ 22 მეტრიდან არეკნის გატანა სცადა და ოდნავ ააცილა. მერე მან იგივე ორჯერ, უკვე ცენტრიდან, უფრო დროის გასაყვანად სცადა. „ჯიქმა“ თამაში ვერ დაალაგა, ჯარიმიდან ბურთი აუტშიც ვერ გაგზავნა და სოხაძემ გორელები თავის ნახევარზე, 10-მეტრიან წყვეტილ ხაზთან დააბრუნა. მაგრამ აქ უკვე „ჯიქმა“ ფაზები მიაბა, თავგანწირული თამაშით მანძილი ნელ-ნელა დაფარა, „ყოჩები“ რამდენჯერმე დაჯარიმდა, თუმცა მეტოქემ სწრაფი გათამაშებით ამოსუნთქვის საშუალება არ მისცა და გმირული დაცვის მიუხედავად, 7-წუთიანი იერიშის შემდეგ, მე-9 გადაცილებულ წუთზე არსენ ტრაპაიძემ მიზნამდე მიაღწია. იმ დღეს 100%-იანმა ხარაზიშვილმა იოლი გარდასახვა გამარჯვების მომტან 2 ქულად აქცია და „ჯიქმა“ 19:18 მოგებით, ისტორიულ შედეგს უწია.
ვინ იქნება მცირე ფინალში „ჯიქის“ მეტოქე ხვალ, „ლელო-სარასენსისა“ და „ლოკომოტივის“ ჯახის შედეგად გაირკვევა. გორელებს ამ წყვილს შორის დამარცხებულთან მოუწევთ ფინალის საგზურისთვის ბრძოლა.
დიდი 10. პლეი ოფი. მეორე ეტაპი
23 აპრილი. თბილისი. „ავჭალა“. 2 000 მაყურებელი
ჯიქი [გორი] - ყოჩები [ბოლნისი] 19:18 [6:7]
ჯიქი: 15. კიკნაძე, 14. გაბროშვილი, 13. რ. ხუციშვილი, 12. ჯინჯიხაძე, 11. ხარაზიშვილი, 10. ნინიძე, 9. ზაბახიძე; 1. ორაგველიძე, 2. მამრიკიშვილი, 3. გურგენაძე, 4. ჯინჭარაძე, 5. ტრაპაიძე, 6. ტუჩაშვილი, 7. მჭედლიშვილი, 8. გ. შენგელია.
სათადარიგოები: 16. კაკოვინი, 17. ჩირგაძე, 18. თ. კიკნაძე, 19. დიდებულიძე, 20. სუხაშვილი, 21. ბიწაძე, 22. დევსურაშვილი, 23. სამხარაძე.
1 ლელო: ტრაპაიძე
1 გარდასახვა: ხარაზიშვილი
4 ჯარიმა: ხარაზიშვილი
2 სინბინი: ჯინჭარაძე, კაკოვინი
ყოჩები: 15. გოგოლაშვილი, 14. გეგენავა, 13. ხარშილაძე, 12. ცერცვაძე, 11. ა. ხუციშვილი, 10. სოხაძე, 9. ბეგაძე; 1. ხოსიტაშვილი, 2. ხიდეშელი, 3. ლ. შენგელია, 4. ცუცქირიძე, 5. კიკვიძე, 6. გუგეშაშვილი, 7. ტყეშელიაძე, 8. გაჩეჩილაძე.
სათადარიგოები: 16. გოგიშვილი, 17. ჯაშიტაშვილი, 18. ჯინჭარაძე, 19. ჩიხლაძე, 20 გარუჩავა, 21. მახარაშვილი, 22. მელაძე, 23. ცირეკიძე.
2 ლელო: ხიდეშელი, კიკვიძე
1 გარდასახვა: სოხაძე
2 ჯარიმა: სოხაძე
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია