სუპერ რაგბის მე-9 ტურის ცენტრალური მატჩი დღეს ველინგტონში გაიმართა, სადაც ადგილობრივი „ჰარიქეინსი“ „ჩიფსს“ დაუხვდა და მინიმალური სხვაობით, 27:28 დამარცხდა. ახალზელანდიური დერბი უდიდეს ინტერესს იწვევდა, სტუმრები სატურნირო ცხრილის სათავეში იდგნენ, ხოლო „ჰარიქეინსი“ მათ 4 ქულით ჩამორჩებოდა და მე-3 ადგილს იკავებდა.
მოლოდინები გამართლდა, ქომაგმა ძალიან დაძაბული და ლამაზი მატჩი იხილა, გამარჯვებულის ვინაობა კი, მსაჯის საფინალო სასტვენამდე არ იყო ცნობილი.
პირველ ტაიმში გუნდებმა ორ-ორი ლელოს დადება მოახერხეს, მასპინძელთაგან ჯეინმა და კოულსმა გამოიჩინეს თავი, ხოლო „ჩიფსიდან“ ორივე ლელო ფიჯელი შუამარბის, სეტა ტამანივალუს ანგარიშზეა. სტუმრებმა ორივე ლელო გარდასახეს, ხოლო „ქარიშხლებმა“ მხოლოდ ერთი. სამაგიეროდ, მასპინძელთა მგეზავმა ბოდენ ბარეტმა არეკნის გატანა შეძლო, შესაბამისად, მასპინძლებს პირველ ტაიმში 15 ქულა დაუგროვდათ და შესვენებაზე ერთქულიანი უპირატესობით გავიდნენ - 15:14.
მეორე ტაიმის საწყისი წუთები ფანტასტიური გამოდგა. ქომაგმა ექვსწუთიან მონაკვეთში სამი ლელო იხილა - ჯერ „ჩიფსის“ მესამეხაზელმა მაიკლ ლიჩმა დადო ლელო, რომელიც მაკკენზიმ გარდასახა; შემდეგ ველინგტონელთა ქომაგმა გაიხარა, ლელო ტიჯეი პერენარას ანგარიშზეა, თუმცა გარდასახვა არაზუსტია; ცოტა ხანში კვლავ სტუმრებმა იხეირეს, ლელო შეცვლაზე სამი წუთის შესულმა მესამეხაზელმა ტალენი სეუმ დადო და მაკკენზი კვლავ ზუსტია - 20:28.
8-ქულიანი სხვაობის აღმოსაფხვრელად „ჰარიქეინსმა“ ყველაფერი იღონა, შეტევები საკმაოდ გააძლიერა და შედეგად, 69-ე წუთზე ბოდენ ბარეტის ლელო ვიხილეთ - მასპინძლებმა სტუმრები შერკინებაში დაჩაგრეს, იქიდან გამოტანილი ბურთი მეორე ხაზელ ფატიალოფას მიუვიდა, რომელმაც ბარეტს ლამაზად ამოუგდო, მგეზავმაც კარგად ირბინა და 5 ქულას გარდასახვით 2-იც შემატა, რითაც სხვაობა მინიმუმამდე დავიდა, თუმცა „ჰარიქეინსმა“ მეტის გაკეთება ვეღარ მოახერხა და საკუთარ სტადიონზე 27:28 დამარცხდა.
ამ მოგების შემდეგ „ჩიფსმა“ პირველობა კიდევ უფრო გაიმყარა, ხოლო „ჰარიქეინსს“ შვიდ ქულაზე ნაკლებით წაგებისთვის ბუნუს-ქულა ერგო და 26 ქულით ჯერჯერობით მესამე ადგილს ინარჩუნებს.
უჩა გოგიძე
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია