იაპონურმა „სანვულვზმა“ არგენტინულ „იაგუარსთან“ მატჩის მსვლელობაში გარდატეხის შეტანა შეძლო და სუპერ რაგბიში პირველი, ისტორიული გამარჯვება მოიპოვა.
ტურნირის დებიუტანტების ჯახში ფავორიტად არგენტინელები ითვლებოდნენ. მიზეზი მარტივია - სამხრეთამერიკელები უკეთეს რაგბის თამაშობენ და აქამდე მხოლოდ ერთხელ რომ შეძლეს გამარჯვება, ეს გამოცდილების ნაკლებობის ბრალი იყო. მეორეს მხრივ, იაპონელებმა გასულ ტურებში კი იბრძოლეს, მაგრამ ერთი კვირის წინ აუტსაიდერ „ჩიტასთან“ უშანსოდ, 17:92 დამარცხდნენ და ზოგმა ისიც კი თქვა, რათ გვინდოდა სუპერ რაგბიში ასეთი გუნდის ჩართვაო.
თამაში ტოკიოში გიმართა, მაგრამ „სანვულვზის“ მორაგბეებს მანამდე შორეულ აფრიკაში 3-კვირიანი ტურნე რომ ჰქონდათ, 13 ათასზე მეტი კილომეტრი გამოუვიდათ ნაფრენი. განვლილი პერიოდის დიდი ნაწილი მოგზაურობაში გაატარეს არგენტინელებმაც, მაგრამ გუნდებს დაღლილობის არაფერი ეტყობოდათ და თამაშიც კარგი საყურებელი გამოდგა.
ანგარიში მასპინძლებმა სამოელი ტუსი პისის ჯარიმით გახსნეს, მაგრამ მე-10 წუთამდე ორი სწრაფი ლელო მიიღეს აგუსტინ კრევისა და ლუკას გონსალეს ამოროსინოსგან. ხუან მარტინ ერნანდესს გარდასახვები გაუცუდდა, თუმცა დებიუტი „მზის მგლებს“ კარგს არაფერს უქადდა. მაგრამ მათ შეძლეს ტაიმის შუაში შედეგიანი შეტევის განხორციელება და იასუტაკა სასაკურას ლელოს პისიმ ზუსტი გარდასახვა მიყოლა, ხოლო 32-ე წუთზე სამოელმა ჯარიმაც გაიტანა და მასპინძლები 13:10 დააწინაურა.
მაგრამ მათი უპირატესობა სულ რამდენიმე წუთით შენარჩუნდა, ემილიანო ბოფელიმ სტუმართა მესამე ლელო გაიტანა და „იაგუარსი“ კვლავ დაწინაურდა. ერნანდესის გარდასახვა ისევ არაზუსტი იყო, მაგრამ ტაიმის ბოლოს მიზანი გაისწორა და ჯარიმიდან გაიტანა - 18:13. თამაში მასპინძლების ზუსტი ჯარიმით განახლდა, მაგრამ იქვე ფაკუნდო ისამ კარპენტერის გადაცემა ჩაჭრა და არგენტინელების მეოთხე ლელო გაიტანა, რითაც მათ პრემიის აღების იმედი გაუჩინა. ერნანდესი ზუსტი იყო - 25:16.
საქმეში იაპონური ხასიათი ჩაერთო და 57-ე წუთზე კარპენტერმა დაშვებული შეცდომა გამოასწორა - მან ლამაზი კომბინაცია ლელოთი დაასრულა, ხოლო პისიმ გარდასახვით ჩამორჩენა 2 ქულამდე დაიყვანა და საქმეში ნერვები ჩაერთო. თამაში პისი-ერნანდესის დუელში გადაიზარდა და „სანვულვზი“ ორჯერ დაწინაურდა, თანაც მეორედ 71-ე წუთზე - 29:28. იაპონელებს იმდენად სურდათ გამარჯვება, რომ სუფთა დაცვით მეტოქეს შეტევისას უკანაც კი დაახევინეს, ხოლო უკანასკნელ წუთზე ტატეკავამ „იაგუარსს“ მესამე ლელო დაუდო, პისიმ გარდასახვით „სანვულვზს“ 36:28 მოაგებინა და არგენტინა სულაც პრემიის გარეშე დარჩა.
ამრიგად, „იაგუარსი“ კვლავ ერთადერთი, სადებიუტო მატჩში მოპოვებული გამარჯვების ამარაა, ხოლო „სანვულვზს“ეს გამარჯვება საკუთარი თავის რწმენას შემატებს.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია