ჩელენჯ კაპი

10:35 | 23.04.2016 | ნანახია 1549 - ჯერ

„ჰარლექუინსი“ პირველი ფინალისტია

ინგლისური კლუბი „ჰარლექუინსი“ გახდა პირველი კლუბი, რომელმაც 2015/2016 წლების რაგბი ევროპის ჩელენჯ ქაფის ფინალის საგზური მოიპოვა.

ინგლისელებმა ფრანგულ „გრენობლს“ სამი უპასუხო ლელო დაუდეს და უშანსოდ, 30:6 დაამარცხეს. შედეგად, ისინი ჩელენჯ ქაფის ფინალში, რომელსაც წელს ლიონი უმასპინძლებს, მეოთხედ ითამაშებენ. წინა სამ ჯერზე „ჰარლექუინსი“ გამარჯვებული გახდა და ამ ტიტულს ყველაზე მეტჯერ ფლობდა, ბოლოს კი, თასი 2011 წელს შემართა.

ინგლისელებისთვის ეს ამ ტურნირზე ზედიზედ მე-10 მოგებული შეხვედრაა საკუთარ მოედანზე. მასპინძლების შერკინებამ ბურჯების - ჯო მარლერისა და ადამ ჯონსის მეშვეობით თავიდანვე შეძლო უპირატესობის მოპოვება და ბენჟამინ ბოტიკამ ჯარიმით ანგარიში გახსნა. მერე შუამარბები ამოქმედდნენ და მატჩის საუკეთესო მოთამაშე ჯეიმი რობერსტმა მე-12 წუთზე შეხვედრის პირველი ლელო დადო - ბოტიკას გრძელი პასის შემდეგ, ტიმ ვიზერი ლელოს 10-მეტრამდე მიუახლოვდა, რაქიდან დენი ქეარმა დაარტყა, რობერტსი კი, ორ მცველს გაუსხლტა და ლელოში მერცხალივით შეფრინდა.

ბოტიკამ გარდასახვას მე-17 წუთზე ჯარიმით კიდევ 3 ქულა შემატა. ჯონათან ვიშნევსკიმ მე-15-ე და 26-ე წუთებზე ჯარიმებით უპასუხა და ფრანგებმა ტაიმი 6:13 დათმეს, მაგრამ სადებიუტო 10 წუთში მათ ტრავმების შედეგად ბურჯი და შუამარბი რომ დაკარგეს, მეორე ტაიმში კიდევ უფრო გაუჭირდათ.

შესვენების შემდეგ შეცვლაზე შესულ ნიკ ევანსს სულ 3 წუთი დაჭირდა ლელოს გასატანად - მან ფეხით გადაიკიდა ბურთი, მცველებს გაასწრო და ლელო თავადვე გარდასახა - 20:6 53-ე წუთზე. „გრენობლმა“, რომელიც პირველად იყო ფინალში გაიბრძოლა, მაგრამ ლელომდე სანტიმეტრები დააკლდა. მერე „ჰარლექუინსმა“ 2 წუთში მონაგარი კიდევ 10 ქულით გაზარდა - ჯორჯ ლოვემ ლელო, ხოლო ევანსმა ჯარიმა და გარდასახვა გაიტანა და „ჰარლექუინსმა“ 30:6 მოიგო.

ვინ იქნება 13 მაისს „ჰარლექუინსის“ მეტოქე დღეს, „მონპელიესა“ და „ნიუპორტის“ შეხვედრის შემდეგ გაირკვევა. ფრანგთა სასტარტო შემადგენლობაშია მიხეილ ნარიაშვილი, ხოლო დავით ქუბრიაშვილი თადარიგშია.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.116722