დღეს შუადღისას სუპერ რაგბის მე-9 ტურის მეორე მატჩი გაიმართა მელბურნში, სადაც ადგილობრივმა „რებელსმა“ სამხრეთაფრიკულ „ჩიტასს“ უმასპინძლა და ბონუსქულით, 36:14 მოუგო.
„ჩიტასმა“ წინა ტურში იაპონური „სანვულვზი“ 92:17 გაანადგურა და ალბათ, ამის შემდეგ მოულოდნელი იყო „რებელსთან“ 22 ქულის სხვაობით დამარცხება. მით უმეტეს, რომ თავიდან გუნდი კარგად გამოიყურებოდა და პირველ ტაიმის მოგებაც კი მოახერხა - 14:10. პირველი ლელო სწორედ აფრიკელებმა დადეს: მე-18 წუთზე მათ მეტოქის ოცდაორში კარგი მოლი ააგორეს და ლელოს ხაზამდე იარეს, სადაც კვაჭმა ტორსტენ ვან იარსველმა დაამიწა, გარდასახვა ნილ მარეისმა გაიტანა - 0:7.
მასპინძლებმა 4 წუთში ძალიან ლამაზი ლელოთი უპასუხეს - შუამარბმა რის ჰოჯმა ბურთი ოცდაორის გარეთ მიიღო, დაცვის ხაზი გაჭრა, მეტოქე ცრუ მოძრაობით ჩამოიცილა და გუნდს ხუთი ქულა შემატა, დებრესინიმ გარდასახვით წონასწორობა აღადგინა. „ავაზებმა“ მეირე ლელო 29-ე წუთზე დადეს, ამჯერად თავი ბლომეჯისმა გამოიჩინა და მერეისმა კვლავ ზუსტად გარდასახა - 7:14. ტაიმის ბოლომდე „რებესლსმა“ მხოლოდ ერთი ჯარიმის გატანა მოახერხა და შესვენებაზე დამარცხებული გავიდა.
სამაგიეროდ, მეორე ტაიმში მხოლოდ მასპინძლები აგროვებდნენ ქულებს. მათ 41-ე, 62-ე და 68-ე წუთებზე მოახერხეს ლელოების დადება, აქედან დებრეცინიმ ორი გარდასახა. მასპინძლები ამით არ დაკმაყოფილდნენ და უკანასკნელ წუთზე კიდევ ერთი ლელო მიითვალეს - სტუმრებმა ცენტრში ბურთი დაკარგეს, ოვალთან ყველაზე სწრაფად ტამატი ელისონი აღმოჩნდა, რომელმაც გუნდს სამით მეტი ლელოს გატანისთვის პრემიალური ქულა მოუტანა, ხოლო დებრეცინიმ ზუსტად გარდასახა - 36:14.
რვა ჩატარებულ მატჩში „რებელსს“ ხუთი მოგება და სამი წაგება აქვს და სუპერ რაგბის საერთო ცხრილში მერვე ადგილზეა, ხოლო „ჩიტასისთვის“ ეს მეექვსე მარცხი იყო, მათ მხოლოდ ორი მოგება აქვთ, ორივე „სანვულვზთან“ და მეთორმეტენი არიან.
უჩა გოგიძე
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია