დიდი 10

19:39 | 22.04.2016 | ნანახია 1569 - ჯერ

„ჯიქი“ vs „ყოჩები“ - ვინ დარჩება ბრძოლაში

შაბათს 15:30 საათზე, „ავჭალის“ სარაგბო სტადიონზე გორის „ჯიქი“ და ბოლნისის „ყოჩები“ შეიბმებიან და გამარჯვებული ამ სეზონში უმედლოდ აღარ დარჩება, ხოლო დამარცხებულს მეოთხე ადგილით მოუწევს დაკმაყოფილება.

ამ ეტაპზე ბრძოლა უშეღავათო რომ იქნება გამოცდილებით ვიცით. ასე ყოფილა წინა წლებში და ასე იყო ერთი კვირის წინ, პლეი ოფის პირველ ეტაპზე. მაშინ გუნდებმა გამარჯვებები თითო ტაიმის კარგად თამაშის შედეგად მოიპოვეს - „ყოჩებმა“ „ბათუმს“ ფოთში პირველ 40 წუთში სამი ლელო დაუდო და 19:0 დაწინაურდა, ხოლო თამაში 22:13 მოიგო. „ჯიქი“ თბილისში „აიასთან“ მეორე ტაიმის დასაწყისში 3:14 ჩამორჩა, მაგრამ დასკვნით ნახევარ საათში უპირატესობას დაეუფლა და 25:14 იმარჯვა.

„ჯიქი“ ახალგაზრდა გუნდია და ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც პლეი ოფის პირველი ეტაპი გადალახა. აღსანიშნავია, რომ შარშან გორელები საპლეიოფო ზონაში საერთოდ ვერ მოხვდნენ და წელს სერიოზული პროგრესი აქვთ. „ყოჩები“ შარშანწინ მეოთხე იყო, შარშან რეგულარული გათამაშება მოიგო, მაგრამ მერე „ლელო-სარასენსთან“ და „ლოკომოტივთან“ დამარცხდა და მესამე ადგილს დასჯერდა. შეძლებენ თუ ვერა ისინი ამ შედეგის გაუმჯობესების შანსის შენარჩუნებას, ხვალ გამოჩნდება.

მიმდინარე სეზონის ურთიერთშეხვედრებს თუ გადავხედავთ, უპირატესობა აშკარად გორელთა მხარესაა. პირველ ტურში „ჯიქმა“ სამი უპასუხო ლელო დადო და 17:12 იმარჯვა, ხოლო მეორე წრის სტარტზე მეტოქე ასევე პრემიალური ქულით, ამჯერად 19:3 დაამარცხა. ამრიგად, „ყოჩებს“ „ჯიქისთვის“ ლელოც არ დაუდია, მაგრამ ახლა ამ შეხვედრას სხვა დატვირთვა აქვს და გუნდებიც განსხვავებულ რაგბის თამაშობენ.

სეზონის მიწურულს გუნდებს ტრავმირებული მოთამაშეები მოუმრავლდნენ, თანაც 20-წლამდელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება და საკადრო პრობლემები მწვრთნელებისთვის დამატებითი თავისტკივილი იქნება.

დებულების თანახმად, 80 წუთის ფრედ დასრულების შემთხვევაში, დამატებითი დრო არ დაინიშნება და გამარჯვებულად გამოცხადდება გუნდი, რომელსაც კონკრეტულად ამ თამაშში მეტი ლელო ექნება გატანილი; ლელოების თანაფარდობის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება გუნდს, რომელსაც კონკრეტულად ამ მატჩში ნაკლები დისციპლინარული სასჯელი ექნება [წითელი, ყვითელი ბარათი]; ამ მაჩვენებლის თანაფარდობის შემთხვევაში, შემდეგ ეტაპზე „ჯიქი“ გავა, რადგან მან რეგულარული გათამაშება მე-3, ხოლო „ყოჩებმა“ მე-5 ადგილზე დაასრულა.

დიდი 10. პლეი ოფი. მეორე ეტაპი

23 აპრილი. თბილისი. „ავჭალა“. 15:30 საათი

ჯიქი [გორი] - ყოჩები [ბოლნისი]

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
17:28 | 23.04.2016
maxo_65 (458)

დავრეგისტრირდი

0.083542