„ოიონას“ ფულბეკ სილვერ ტიანის დანაშაულმა და სასჯელმა, ფრანგ ჟურნალისტებს წარსული გაახსენა და არასრული სია გამოქვეყნდა იმ მოთამაშეებისა, რომლებიც ბოლო წლებში მკაცრად დაისაჯნენ.
სიას სათავეში დევიდ ატოუბი უდგას. 2009 წლის დეკემბერში, „სტად ფრანსეს“ მოთამაშე „ჰაინეკენის თასზე“ „ოლსტერის“ მოთამაშის თვალის დაზიანებაში ამხილეს და სარეკორდო, 70-კვირიანი [18 თვე] სასჯელი გამოუწერეს. ასეთი სასჯელის მიზეზი ის იყო, რომ 2004/2005 წლების სეზონში, მაშინ „კლერმონის“ მოთამაშე ატოუბი მსგავსი დანაშაულისთვის უკვე იყო დასჯილი და რეციდივი არ ეპატია.
ტიანი ცოტა ხნის წინ, 14 თვით დაისაჯა და მისი ამბავი ყველასათვის ცნობილია - კოტდივუარელმა მორაგბემ მატჩის რეფერის სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და საცემად გაიწია.
დილან ჰარტლიმ პირველი დანაშაული 21 წლის ასაკში ჩაიდინა და დღემდე ყველაზე მკაცრი სასჯელიც მაშინ მოიხადა - 26,5 კვირა.
ჟულიენ დიუპის სასჯელმა 2010 წელს 24 კვირა შედგინა, რომელიც გასაჩივრების შემდეგ 23 კვირამდე შემცირდა.
2008 წელს რუმინეთის ეროვნული ნაკრებისა და „პერპინიენის“ მორაგბე მარიუს ტინკუ 18 კვირით დასაჯეს.
6-კაციანი სია ვიტო კოლელიშვილით სრულდება, რომლის 14-კვირიანი სასჯელიც 24 აპრილს იწურება და ქართველი მესამეხაზელი მალე მოედანს დაუბრუნდება. „კლერმონის“ მოთამაშეს მსაჯის, უეინ ბარნსის პოზიცია არ მოეწონა და მას ხელი კრა, მერე კი, მოწინააღმდეგეს ეჩხუბა. კოლელიშვილი გადარჩა, რადგან დანაშაული სასჯელის სახით 24 კვირას ითვალისწინებდა, მაგრამ ბოდიში მოიხადა და სასჯელი გაუნახევრეს.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია