ამბები

11:23 | 22.04.2016 | ნანახია 2539 - ჯერ

„კრასნი იარმა“ „აიასაც“ მოუგო

ქუთაისის „აიამ“ რუსეთის ჩემპიონს და თასის მფლობელს ოთხი ლელო დაუდო, მაგრამ თავად ექვსი მიიღო და ამხანაგურ მატჩში 20:34 დამარცხდა.

„კრასნი იარისთვის“ ეს მეორე შეხვედრა იყო ქართულ შეკრებაზე, ხოლო „აია“ დიდი 10-ის პლეი ოფში 17 აპრილს, „ჯიქთან“ 14:25 დამარცხდა და ჩემპიონატი მე-6 პოზიციაზე დაასრულა. ქუთაისელებს აღსადგენად ძალიან ცოტა დრო ჰქონდათ, მაგრამ სტუმრებს თამაშზე უარი არ უთხრეს.

ციმბირელები აღფრთოვანებული დარჩნენ ქუთაისის ბაზით და ისიც კი თქვეს, მსგავსი პირობები ინგლისში შეკრებისასაც არ გვინახავსო. მათი განსაკუთრებული მოწონება გასახდელებში მორკინალებისთვის მოწყობილმა ყინულის აბაზანებმა გამოიწვია.

რადგან ქუთაისში მთელი დღე წვიმდა, თამაში ხელოვნურსაფარიან მოედანზე ჩატარდა და ნამდვილი ბრძოლა გაჩაღდა. ხშირი იყო ტრავმები, სისხლდენა და ერთ-ერთმა ქუთაისელმა მორაგბემ, რომელსაც თავში მეტოქის მუხლი მოხვდა, გონებაც დაკარგა. მატჩის დებიუტი მასპინძლების იყო, რომლებმაც სტუმრები შერკინებაში დაჯაბნეს და ჯარიმაც გამოიმუშავეს, მაგრამ მერე კრასნოიარსკელებმა იმძლავრეს და სამი ლელო გაიტანეს. მათგან ერთი ვალერი ცნობილაძის ანგარიშზეა, ლაშა მალაღურაძეს, რომელიც „იარის“ სასტარტო შემადგენლობაში იყო, ორი გარდასახვა გაუცუდდა, მესამე მისმა თანაგუნდელმა გააფუჭა.

ტაიმის ბოლოს „აიამ“ ერთი საპასუხო ლელოს გატანა შეძლო და შესვენებაზე 10-ქულიანი დეფიციტით გავიდა [5:15], მაგრამ მეორე ტაიმში სტუმრებმა კიდევ ორი ლელო დადეს და ამჯერად გარდასახვებიც გაიტანეს - 29:5. ქუთაისელები ამას არ შეეგუენ, მაგრად მოინდომეს და პასუხად ორი ლელო დადეს, თუმცა გარდასახვები არაზუსტი იყო. მატჩის მიწურულს გუნდებმა თითო-თითო ლელო გაცვალეს და საბოლოოდ „კრასნი იარმა“ 34:20 იმარჯვა.

ციმბირელები შეკრების დასრულებამდე კიდევ ერთი თამაშის გამართვას გეგმავენ, 25 აპრილს თბილისური კლუბების ნაკრებთან, 26-ში კი, სამშობლოში გაემგზავრებიან.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
13:08 | 22.04.2016
giga1979 (3)

მოკლედ კლუბებში დაბალი დონეა ჩვენში...სამწუხაროა

13:54 | 22.04.2016
BATU'91 (19)

რუსეთის ჩემპიონი რომ საქართველოს მეექვსეადგილოსან მოუგებს, რა გასაკვირი ამბავი ეგ არის

0.094826