20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის „ალაფის“ პირველი დღე ლელოებით დახუნძლული და დრამატული აღმოჩნდა. ოთხ თამაშში ჯამში 40 ლელო გავიდა, გუნდებმა 292 ქულა მოიხვეჭეს, გამარჯვებები კი, ნამიბიას, ესპანეთს, ფიჯისა და სამოას დარჩათ.
ეს ტურნირი ქულათა დარიცხვის კუთხით ექსპერიმენტულია. ლელოსთვის გუნდებს 6 ქულა ერიცხებათ, ხოლო ნებისმიერი კარში დარტყმა [გარდასახვა, ჯარიმა, არეკნი] 2 ქულად ფასობს. შესაძლოა, სწორედ ეს იყო მიზეზი იმისა, რომ რვავე გუნდი ლელოს დასადებად თავქუდმოგლეჯილი გარბოდა და კარში დარტყმებთან ერთად, დაცვაც ავიწყდებოდა.
ზიმბაბვეში მიმდინარე ტურნირის პირველი რაუნდის ორი თამაში განსაკუთრებით დაძაბული გამოდგა და ერთი სენსაციაც დაფიქსირდა. აშშ-ს ნაკრების კაპიტანმა ჰეთ-თრიკი შეასრულა, მაგრამ ამით საკუთარ გუნდს ვერ უშველა და ახალგაზრდა „არწივები“ ნამიბიასთან 44:46 დამარცხდნენ. აქამდე „ალაფაზე“ მხოლოდ ერთადერთხელ დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც გუნდმა 40-ქულაზე მეტი მოაგროვა, მაგრამ საბოლოოდ წაგებული დარჩა.
აშშ 54-ე წუთისთვის 34:24 იგებდა, მაგრამ აფრიკელები დანებებას არ აპირებდნენ. თამაში ქულა-ქულაში გაგრძელდა, ოღონდ ნამიბიელთა დამრტყმელი გარდასახვებსაც კარგად ასრულებდა და ჩამორჩენა 4 ქულამდე დავიდა. აშშ-მ 30-მეტრიდან გატანილი ჯარიმით უპირატესობა გაზარდა, გაწითლებულ დროზე მეტოქის გადამწყვეტი შეტევა ვერ მოიგერია, ლელო ძელებს უკან გაუშვა და იოლი გარდასახვის შემდეგ, პირველსავე მატჩში მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა.
ამ შეხვედრაში გუნდებმა 6-6 ლელო დადეს, მაგრამ აშშ-მ მხოლოდ სამი გარდასახვა გამოიყენა და ერთი ჯარიმაც გაიტანა, ხოლო ნამიბიელთა დამრტყმელებმა ხუთი გარდასახვა გამოიყენეს, რაც გადამწყვეტი აღმოჩნდა.
მეორე მატჩში ტურნირის დებიუტანტმა ესპანეთმა ჰონკონგს იოლად, 44:8 მოუგო. ევროპელები განსაკუთრებით კარგად მოლში გამოიყურებოდნენ, რაც კარგად გამოიყენეს და მეტოქეს ერთის წილ 6 ლელო დაუდეს.
დაძაბული გამოდგა ურუგვაისა და ფიჯის დაპირისპირება. 15 წუთზე ნაკლები დრო რჩებოდა, როდესაც ურუგვაი 28:14 იგებდა და გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ მერე ფიჯიმ მაგია ჩართო, სამი ლელო დადო, სამივე გარდასახა და ურუგვაელთა ბოლო წუთზე გატანილმა კიდევ ერთმა ლელომ, მათ გამარჯვება ვეღარ დაუბრუნა - 38:34 ფიჯის სასარგებლოდ. გუნდებმა ხუთ-ხუთი ლელო გაიტანეს, მაგრამ ურუგვაიმ მხოლოდ ერთი გარდასახა და ერთი ჯარიმა გაიტანა, ხოლო ფიჯელებმა ოთხი ლელო გარდასახეს.
ელიტური 12-იდან დაქვეითებულ სამოას მასპინძელმა ზიმბაბვემ ღირსეული ბრძოლა გაუმართა და სამი ლელო გაუტანა, მაგრამ მეტოქე ძალზედ ძლიერი იყო. სამოელებმა საპასუხოდ რვა ლელო დადეს, 54:24 მოიგეს და ელიტაში დაბრუნების უპირველეს ფავორიტებად რჩებიან.
23 აპრილს, მეორე რაუნდში, სამოა ფიჯის ეთამაშება, ურუგვაი ზიმბაბვეს შეხვდება, ესპანეთი ნამიბიას, ხოლო აშშ ჰონკონგს დაუპირისპირდება.
ზიმბაბვეში იმყოფება ახალგაზრდა ქართველი მსაჯი ნიკა ამაშუკელი, რომელიც პირველ სათამაშო დღეს ერთბაშად ორ შეხვედრაში იყო გვერდითი მსაჯი - ესპანეთი-ჰონკონგი და სამოა-ზიმბაბვე.
„ისე მოხდა, რომ პირველ დღეს ორ თამაშზე ვიყავი გვერდითი მსაჯი. ქულათა დარიცხვის სისტემის გარდა, წესებში მრავლადაა ცვლილებები, რომელთა მიზანი თამაშის დინამიურობის გაზრდაა. საინტერესო სიახლეებია. ახლახანს დასრულდა გარჩევა და ჩემი მსაჯობით კმაყოფილი არიან. ჯერ არ ვიცი მეორე ტურში რომელ თამაშზე და რა პოზიციაზე დამნიშნავენ. ეს თამაშის წინა დღეს გაირკვევა“ - გვითხრა ამაშუკელმა.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მემგონი მართლაც კარგი სისტემაა, მაგრა გაიზარდა შედეგიანობა