სტატიები

11:38 | 20.04.2016 | ნანახია 4493 - ჯერ

ჯენტლმენთა თამაში - დენ კარტერის ბლოგიდან

სამგზის მსოფლიოს საუკეთესო მორაგბე, ფრანგული „რასინგ 92-ის“ მგეზავი დენ კარტერი theplayerstribune.com-ზე საინტერესო ბლოგს აქვეყნებს. 34 წლის ახალზელანიდელი ლეგენდა რაგბიში საკუთარ პირველ ნაბიჯებზე, All Blacks-ზე, მეტოქისადმი პატივისცემაზე და ბევრ საინტერესო თემაზე წერს. ჩვენ ტექსტს პირველ პირში, შეუცვლელად გთავაზობთ:

უკვე 5 წლის ასაკში ვცდილობდი ჰაკა შემესრულებინა. დავდგებოდი სარკის წინ, მუხლებზე და მკერდზე ვირტყამდი ხელებს, მართალია არაფერი გამომდიოდა, მაგრამ მაინც მთელი არსებით ვცდილობდი.

როდესაც თქვენ ახალ ზელანდიაში იზრდებით, ადრეული ასაკიდან იცით, რომ რაგბი უფრო მეტია ვიდრე სპორტი - ეს ჩვენი თამაშია. ხშირად ჩვენს ქვეყანაში რაგბის რელიგიას ადარებენ, თუმცა ბოლომდე ასე არაა. რელიგიურ ადამიანს ხანდახან საკუთარ რწმენაში ეჭვი ეპარება, ახალზელანდიელების დამოკიდებულება რაგბისადმი კი, მუდმივია.

ძალიან თბილად მახსენედება ის დრო, როცა პატარა ბავშვს შემეძლო ღამის სამ საათზე გამეღვიძა, რათა მამაჩემთან ერთად ეკრანზე ჩვენი ნაკრების თამაშები მენახა ევროპასა თუ სამხრეთ აფრიკაში. გავრცელებულია ასეთი შეხედულება, რომ All Blacks-ზე მაღლა არანაირი სტანდარტი არ დგას. მათი თამაშისას მთელი ქვეყანა ჩერდება და საყვარელი გუნდისგან მხოლოდ გამარჯვებას ელოდება.

მაშინ ძალიან რთული იყო იმის წარმოდგენა, რომ ოდესღაც მეც მომიწევდა All Blacks-ის მაისურის მორგება. რაგბის ნაკრები ახალზელანდიელთა სიამაყეა, ბოლო ათწლეულებში ნაკრების წარმატება თვალშისაცემია, All Blacks-ს თავისი არსებობის ისტორიაში საერთაშორისო მატჩების 75%-ზე მეტი მოგებული აქვს. მე ახალი ზელანდიის ძალიან პატარა ქალაქიდან ვარ, ამ ქალაქის არც ერთ მაცხოვრებელს, მანამდე ნაკრებში არასდროს უთამაშია, ამიტომ იდეა, თუნდაც ერთ მატჩში ჩამეტარებინა ნაკრების მაისურით, ფანტასტიკური ჩანდა.

მე დღემდე მახსოვს ის საოცარი გრძნობა, რაც ნაკრებში პირველი მატჩის დაწყებამდე მქონდა. მე უნდა წარმედგინა საოცრად ლამაზი ქვეყანა და დამეცვა მისი სახელი, ამ ემოციის სიტყვით გადმოცემა შეუძლებელია... ეს 2003 წელს იყო, მე მაშინ მხოლოდ 21 წლის ვიყავი. უელსის ნაკრებს ვეთამაშებოდით, მახსოვს ის გარემო რაც ჰამილტონის სტადიონზე იყო, მახსოვს ქომაგის დახვედრა. პირველი ჰაკა ნაკრებში, არასდროს დამავიწყდება. ისე ვნერვიულობდი, რომ უკანა რიგში დავდექი. შემდეგი წლების განმავლობაში ძალიან გავიზარდე და პირველ რიგებში გადმოვინაცვლე. ჩვენ ის მატჩი მოვიგეთ და მას შემდეგ უკან არასდროს აღარ დავმალულვარ.

ჰაკა მაორის ტომების ძველისძველი საომარი ყიჟინაა, მას All Blacks ყოველი მატჩის დაწყების წინ ასრულებს. ეს რიტუალი ძალიან მიყვარს. ჰაკა უამრავი ადამიანის ყურადღებას იქცევს, მაგრამ მასში უშუალოდ ჩართვა უფრო მეტს გაგებინებს ამ საინტერესო რიტუალის შესახებ. ეს დიდი სულიერი გამოცდილებაა, რომელიც საშუალებას გაძლევს მიწიდან ენერგია მიიღო. ყოველ მოძრაობას საკუთარი ისტორია აქვს, ახალი ზელანდიის ყველა მცხოვრებს შეუძლია მათი ჩვენება. ჰაკა ისეთ დიდ ენერგიას მმატებს, რომ ზღვარსაც კი ვაბიჯებ და შემდეგ ცოტა ხანი დასაწყნარებლად მჭირდება.

ჩემი სათამაშო პოზიცია - 10 ნომერი, ამერიკული ფეხბურთის ქვართერბექს ჰგავს, მე უნდა გავცე სიგნალები თუ ვინ სად და რა დროს უნდა იყოს, ეს სხარტ, ნათელ გონებას მოითხოვს. ამიტომ ჰაკას შემდეგ მე ვაკვირდები მორკინალებს, როგორი შემართებულები არიან.

რაგბიში ჩაუხედავი ადამიანები ფიქრობს, რომ რაგბი ძალზედ სასტიკი სპორტის სახეობაა და რაღაც თვალსაზრისით, ეს სიმართლეა - მტკიცებულებად, სხეულზე თამაშის დროს მიღებული უამრავი ნაიარევი მაქვს: გაწყვეტილი მაქვს აქილევსის მყესი, გავიტეხე წვივი, რამდენჯერმე დავიზიანე სხვა მყესებიც, მქონდა დაზიანებები ნეკნებზეც. აღარ ვთვლი ისეთ დაზიანებებს, როგორიც თითების მოტეხილობაა...

ადამიანის სხეული საოცარი რამაა და რაგბიში გვიწევს მისი მაქსიმალური შესაძლებლობები გამოვიყენოთ. როცა რაგბიდან წასვლას საბოლოოდ გადავწყვეტ, ალბათ მაშინ ტრავმები დიდ როლს ითამაშებენ ამაში.

რაც თქვენ ზემოთ წაიკითხეთ, იქიდან გამომდინარე შესაძლოა სპორტის ეს სახეობა ძალიან უცნაურად გეჩვენოთ, მაგრამ გეტყვით, რომ რაგბი მოთამაშეებში ჯენტლმენის თვისებებს აყალიბებს.

უმაღლეს დონეზე თამაშისას, უამრავ მწვავე ორთაბრძოლაში გვიწევს ჩაბმა, თამაშის შემდეგ კი ვლინდება რაგბის ჭეშმარიტი სახე - ტრადიციის მიხედვით, ორივე გუნდის მოთამაშეები ლუდის დასალევად მივდივართ, სადაც სახალისო ისტორიებს ვიხსენებთ. იმ აგრესიას, რასაც ქომაგი მოედანზე ხედავს, მოედანზევე ვტოვებთ და ჩვენ ცხოვრებაში მეგობრებად ვრჩებით.

ბევრი მორაგბე, რომლის წინააღმდეგაც მიწევს თამაში და ბოჭვების კეთება, ჩემი მეგობარია. სასტვენის შემდეგ ჩვენ კვლავ მეგობრები ვხდებით. ყველას გვესმის, რომ მორაგბის კარიერა მოკლეა, მეგობრობა კი მთელი ცხოვრება გრძელდება. მას შემდეგ, რაც კარიერას დავასრულებთ, ჩვენ მხოლოდ მოგონებები დაგვრჩება, რომელსაც ერთმანეთს გავუზიარებთ.

რაც უფრო ახლოვდება ჩემი კარიერის დასასრული, მით უფრო ემოციური ვხდები. რაგბიმ ძალიან ბევრი რამ მომცა. All Blacks-ის წევრობა ნიშნავს იმას, რომ თქვენ მისაბაძი ადამიანი ხართ თქვენს ქვეყანაში. ყოველთვის ყურადღების ცენტრში ხართ და გთხოვენ ავტოგრაფების დარიგებას. მე არასდროს ვამბობ ამაზე უარს, რადგან ვიცი ეს ქომაგისთვის დიდ რამეს ნიშნავს. როცა ბავშვი ვიყავი, ცნობილი მორაგბეებისგან ყურადეღება ჩემთვის უდიდესი სიხარული იყო.

ამჟამად, მე დიდ ყურადღებას ვუთმობ იმას, რომ ახალზელანდიელთა ახალ თაობას რაგბისადმი ინტერესი არ გაუნელდეს. მინდა მათ რაგბისგან საუკეთესო თვისებები მიიღონ, მიუხედავად იმისა, გაიმარჯვებენ თუ ვერა. მსურს რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გამოსცადოს ის სიამოვნება, რაც რაგბის შეუძლია მიანიჭოს.

სამწუხაროდ, რაგბი ბევრ ქვეყანაში ძირითად სპორტთა ჩამონათვალში არ არის, თუმცა ვთვლი, რომ ძალიან ცოტა სპორტის სახეობას შეუძლია დაიკვეხნოს ისეთი კულტურით, როგორიც რაგბის აქვს. რაგბის აქვს უნარი გააერთიანოს სიმკაცრე და მადლიერება, ინტელექტი და სპორტული სიძლიერე - ეს მისი მნიშვნელოვანი თვისებაა. იმედი მაქვს, უფროდაუფო მეტი ადამიანი გაეცნობა სპორტის ამ სახეობას, რომელიც ადამიანის საუკეთესო თვისებებს ავითარებს.

მოამზადა უჩა გოგიძემ


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
13:01 | 21.04.2016
BEERTRANCE (1073)

ნამდვილად მასეა.

12:43 | 20.04.2016
GiorgiG83 (525)

:UP:

0.145308