ინგლისი

12:16 | 19.04.2016 | ნანახია 1491 - ჯერ

ვეიდის რეკორდი და საჩემპიონო ოთხეული

ინგლისის „ავივა პრემიერშიპის“ რეგულარული გათამაშების დასრულებამდე ორი ტურით ადრე, პრაქტიკულად გარკვეულია ის ოთხი გუნდი, რომლებიც მაისის მეორე ნახევარში ჩემპიონის ტიტულს გაითამაშებენ.

მე-20 ტურში რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტი დაფიქსირდა და მიმოხილვა ჯაბა ბრეგვაძის „ვუსტერისა“ და „უოსპსის“ შეხვედრით დავიწყოთ. საქართველოს ეროვნული ნაკრების კვაჭი მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო, 45 წუთი ითამაშა, ბურთით 3-ჯერ შეუტია და 4 მეტრი მოიგო, 3 პასი გააკეთა, ერთხელ ოფლოუდი გაახერხა, დაცვაში 9 ბოჭვა შეასრულა და 3 გაუცუდდა, ერთხელ კი, თერნოვერი შეემთხვა.

თამაში მხიარული გამოდგა და 10 700-მა მაყურებელმა ჯამში 14 ლელო იხილა, რომელთაგან 6 მასპინძლების და 8 სტუმართა ანგარიშზეა. ამ რვა ლელოდან „უოსპსის“ გარემარბმა კრისტიან ვეიდმა ექვსი საკუთარ ანგარიშზე ჩაიწერა, რითაც 2000 წელს რაიან კონსტებლის მიერ დამყარებული რეკორდი გაიმეორა. 24 წლის მორაგბე აქამდე ეროვნულ გუნდში ერთადერთხელ, 2013 წელს იყო გამოძახებული და იმავე პერიოდში ირლანდიელი და ბრიტანელი ლომების შემადგენლობაშიც ითამაშა, თუმცა, ასეთი შედეგის ფონზე, წესით ედი ჯონსის თვალთახედვის არეშიც უნდა მოხვდეს. აღსანიშნავია, რომ ვეიდისთვის ეს მე-100 საიუბილეო მატჩი იყო „უოსპსის“ შემადგენლობაში და ეს საუკეთესოდ აღნიშნა.

„ექვსი ლელო ეზოში თამაშისასაც არ დამიდია. მეშვიდე ცაზე ვარ, რადგან კლუბში ჩატარებული მე-100 მატჩი მართლაც განსაკუთრებულად აღვნიშნე. მადლობა ბიჭებს, რადგან სწორედ მათ შემიქმნეს სიტუაციები, რომლის შემდეგაც ჩემი სისწრაფის გამოყენებას ვახერხებდი“ - თქვა კრისტიანმა.

თამაში „უოსპსმა“ 54:35 მოიგო, „ექსეტერის“ მარცხით ისარგებლა და მეორე ადგილზე აღზევდა. „ექსეტერი“ „გლოსტერს“ ეწვია და 9:16 დამარცხდა. მასპინძლებს ამ მატჩამდე პრემიერშიპში 4-მატჩიანი მარცხიანი სერია ჰქონდათ, რასაც ერთი კვირის წინ ჩელენჯ ქაფის მეოთხედფინალში „ნიუპორტთან“ მარცხიც ემატებოდა. ქართველთათვის კარგად ნაცნობ „კინგსჰოლმზე“, წვიმის მიუხედავად, საკუთარი გუნდის საქომაგოდ 13 400 მაყურებელი შეიკრინა, მაგრამ პირველი 40 წუთის შემდეგ, პირველად 2010 წლიდან, ტაბლოზე ნულები ენთო. მეორე ნახევარის დებიუტში მასპინძლებმა შეხვედრის ერთადერთი ლელო დადო და ეს გადამწყვეტი აღმოჩნდა. ლეიდლოუმ დასკვნით მეოთხედში სამი ჯარიმა გაიტანა, რითაც სტუმრების სამი ჯარიმა გაანეიტრალა და „გლოსტერს“ ექვსეულში მოხვედრის შანსი შეუნარჩუნა, რითაც შემოდგომიდან ჩემპიონთა თასზე თამაშის უფლებას მიიღებს.

ლონდონურ დერბის „უემბლიმ“ უმასპინძლა და „სარასენსისა“ და „ჰარლექუინსის“ შეხვედრას 80 650 მაყურებელი დაესწრო. გათამაშების ლიდერმა პირველ ტაიმში სამი ლელო დადო, რომელთაგან ორი კრის ეშტონის ანგარიშზეა. ამაზე „ჰარლექუინსმა“ ბენჟამინ ბოტიკას ოთხი ჯარიმით უპასუხა, თუმცა მატჩის მიწურულს გასატანი პოზიციიდან მას დარტყმა გაუცუდდა და თავის გუნდს პრემიალური ქულა ვერ შესძინა. „სარასენსმა“ 22:12 მოგებით ლიდერობა განიმტკიცა.

გადამწყვეტ მატჩში „ლესტერმა“ „ნორთჰემპტონი“ სტუმრად 30:24 დაამარცხა, მდევარს 7 ქულით გაუსწრო და ოთხეულში დამკვიდრდა. მატჩის დებიუტი სტუმრების იყო, რომელთა კვაჭმა ჰარი ტაკერმა ზურაბ ჟვანიას სტილში, 55-მეტრიანი რეიდი ლელოთი დაასრულა და „თაიგერსი“ 12 წუთის შემდეგ 10:0 დაწინაურდა. მასპინძლებმა 10 წუთში წონასწორობა აღადგინეს, მაგრამ ვერენიკი გონევამ 26-ე წუთზე გადაცემა ჩაჭრა და ლელომდე ირბინა.

ტაიმის 13:17 წაგების შემდეგ, 53-ე წუთზე ჯორჯ პისის ლელოს გარდასახვა არ მოყვა, თორემ წონასწორობა ისევ აღდგებოდა, ასე კი, სხვაობა 2 ქულამდე ერთხელაც შემცირდა და საბოლოოდ „ლესტერმა“ 30:24 მოგებით, ნახევარფინალი პრაქტიკულად დაიბევა.

„სეილისა“ და „ბათის“ მატჩში 72-ე წუთისთვის ანგარიში 17:17 იყო, მაგრამ დასკვნით წუთებში „ზვიგენებმა“ ორი ლელო დადეს, 29:17 მოიგეს და პრემიალური ქულაც ჩაიწერეს. „სეილი“ ჯერჯერობით მეექვსე ადგილზეა და 23 აპრილს იმავე „ბათთან“ გამოტოვებულ შეხვედრას გამართავს. მისი მოგებით „შარქსს“ ოთხეულში შესვლის თეორიული შანსი გაუჩნდება.

„ნიუკასლისა“ და „ლონდონ აირიშის“ შეხვედრაში უნდა გარკვეულიყო, თუ ვინ დატოვებდა პრემიერშიპს. ლონდონელებმა რამდენიმე ჯარიმა ვერ გაიტანეს, რაც გადამწყვეტი აღმოჩნდა, „ნიუკასლმა“ 13:6 იმარჯვა და მიზანი შეასრულა. ძნელად დასაჯერებელია დასკვნით ორ ტურში რაიმე შეიცვალოს და „ლონდონ აირიშის“ ადგილს, პრემიერშიპის მომავალ სეზონში „ბრისტოლი“ დაიკავებს.

ინგლისი. ავივა პრემიერშიპი. XX ტური

გლოსტერი - ექსეტერი 16:9

ვუსტერი - უოსპსი 35:54

სარასენსი - ჰარლექუინსი 22:12

ნორთჰემპტონი - ლესტერი 24:30

სეილი - ბათი 29:17

ნიუკასლი - ლონდონ აირიში 13:6

1.

სარასენსი

20

15

1

4

514:343

71

9

2.

უოსპსი

20

14

0

6

557:361

67

11

3.

ექსეტერი

20

13

0

7

499:334

65

13

4.

ლესტერი

20

13

0

7

451:420

59

7

5.

ნორთჰემპტონი

20

10

0

10

412:358

52

12

6.

სეილი

19

10

2

7

398:400

51

7

7.

ჰარლექუინსი

20

9

1

10

491:496

50

12

8.

გლოსტერი

20

9

1

10

397:384

45

7

9.

ბათი

19

7

0

12

351:392

37

9

10.

ვუსტერი

20

7

0

13

384:523

35

7

11.

ნიუკასლი

20

5

1

14

328:512

26

4

12.

ლონდონ აირიში

20

4

0

16

291:550

19

3

23 აპრილი. გადადებული

ბათი - სეილი

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.125803