ამბები

15:41 | 18.04.2016 | ნანახია 2059 - ჯერ

„კრასნი იარმა“ „აკადემიას“ აჯობა

საქართველოში წინასასეზონო შეკრებაზე მყოფმა რუსეთის ჩემპიონმა და თასის მფლობელმა „კრასნი იარმა“, პირველი საკონტროლო შეხვედრა გამართა.

თბილისის „აკადემიასთან“ მატჩი ერთი დღით ადრე უნდა გამართულიყო, მაგრამ კოკისპირული წვიმის მოლოდინით, თამაში მომდევნო დღისთვის გადაიდო. პროგნოზი არ გამართლდა, იმ დღეს არ იწვიმა, მეორე დღეს კი, ძლიერი ქარი ამოვარდა და ეს თამაშსაც დაეტყო, გუნდებმა შეცდომები მრავლად დაუშვეს.

„აკადემიას“, რომელმაც დიდი 10 მე-7 ადგილზე დაასრულა, რამდენიმე მოთამაშე ტრავმის გამო მოისაკლისა, ხოლო ნაწილი 20-წლამდელთა შეკრებაზეა გამოძახებული. ისინი მწვრთნელებმა ესპუართა შემადგენლობიდან ჩაანაცვლეს და ჯამში პირველ გუნდში რეზერვიდან 10 მოთამაშე ჩართეს. მათთვის და ზოგადად გუნდისთვის, ესეთი დონის მეტოქესთან ჯახით მიღებული გამოცდილება რა თქმა უნდა ფასდაუდებელია.

რადგან შეცვლები შეუზღუდავი იყო, რუსებმაც თბილისში მყოფი პრაქტიკულად ყველა მორაგბე ჩართეს საქმეში და რამდენიმეს „კრასნი იარში“ დებიუტი ჰქონდა, მათ შორი საქართველოს ნაკრების მგეზავ ლაშა მალაღურაძესაც, რომელმაც ერთი გარდასახვა გაიტანა.

რაც შეეხება თამაშს, პირველ ტაიმში დიდი ბრძოლა გაჩაღდა და სტუმრებმა მხოლოდ ერთი ლელო დადეს - 0:7. შესვენების შემდეგ ფიზიკურად უკეთეს კონდინციებში მყოფმა რუსებმა კიდევ სამი ლელო დადეს, „აკადემიამ“ ერთით უპასუხა და „კრასნი იარმა“ 26:5 იმარჯვა.

რუსთა თბილისური შეკრება 26 აპრილამდე გაგრძელდება და კიდევ ორი ამხანაგური მატჩი იგეგმება. მეტოქეები მოგვიანებით გაირკვევა და შესაძლოა, დიდი 10-ის გუნდებისგან კრებულიც გაკეთდეს. ცნობილია, რომ „იარი“ ამ კვირაში ერთობლივ ვარჯიშს გეგმავს გორის „ჯიქთან“.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.132219