საფრანგეთის მეორე ელიტარული დივიზიონის, პრო დ2-ს 26-ე ტური უცნაური გამოდგა. პლეიოფში ადგილისთვის მებრძოლი ექვსი გუნდიდან მხოლოდ ორმა მოახერხა გამარჯვების მოპოვება. ასევე, გადარჩენის შანსი გაუჩნდათ ერთი შეხედვით უიმედო აუტსაიდერებს.
გასავარდნ ზონაში მყოფმა „დაქსმა“ შინ მესამე ადგილოსან „ორიაკს“ უმასპინძლა. მე-19-ე წუთისთვის გუნდებმა ორ-ორი ჯარიმა გაცვალეს, 24-ე წუთზე მასპინძლებმა მეტოქის 22-მეტრიან ზონაში მოიპოვეს ბურთი და რამოდენიმე მიძალების შემდეგ, არნო პიკმა ლელოს უწია, გარდასახვაც ზუსტი იყო - 13:6. შესვენებამდე სტუმრებმა ორი ჯარიმით ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანეს. მეორე ტამის დასაწყისში „დაქსმა“ ჯარიმით უპირატესობა გაზარდა, მაგრამ მე-60-ე და 65-ე წუთებზე გატანილი ჯარიმებით, სტუმრები გალიდერდნენ. მასპინძლებმა ძალები მოიკრიბეს, 70-ე წუთზე მოგებული დერეფნის შემდეგ მოლი დააყენეს, მეტოქეს ისე მიაწვნენ, რომ სტუმრებმა მათი შეჩერება 20 მეტრის მანძილზე ვერაფრით მოახერხეს და ლელოს უწიეს - 21:18. 78-ე წუთზე გადაკიდებული ბურთი სტუმართა 9 ნომერს წინ გაუვარდა, მდევარმა ადრიენ ბომ ბურთს ფეხი მიკრა და ლელოში თვითონვე დაამიწა, რითაც თავის გუნდს დამატებითი ბონუს-ქულა მოუტანა, „ორიაკი“ კი, შინ უქულოდ გაუშვა - 26:18.
„ორიაკის“ სასტარტო შემადგენლობაში ერთბაშად სამმა ქართველმა ითამაშა - ბურჯმა ნიკოლოზ ხატიაშვილმა, მეორე ხაზელმა ლევან დათუნაშვილმა და შუამარბმა მერაბ შარიქაძემ. პირველი მე-60-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო დანარჩენმა ორმა სრულად ითამაშეს. „დაქსის“ ბურჯი ელიზბარ ყუფარაძე სათადარიგო იყო და შეხვედრაში 54-ე წუთიდან ჩაერთო.
მოიგო ბოლო ადგილოსანმა „ექსმაც“, რომელიც „ბურგუენს“ მასპინძლობდა. მეორე ტაიმში მასპინძლებმა კონტრშეტევებზე სამი ლელო დადეს, სტუმრები 29:6 დაამარცხეს და ბონუს ქულა აიღეს. „ექსის“ შემადგენლობაში ძირითადში იყო და 52-ე წუთზე შეცვალეს ბურჯი გიორგი ზაქაშვილი.
პრო დ2-ის ჩემპიონმა „ლიონმა“, შინ პლეი ოფში ადგილისთვის მებრძოლი „ბეზიე“ მიიღო. მასპინძლებმა სტუმრებს შანსი არ დაუტოვეს და პირველივე ტაიმში მოილიეს საქმე - 31:10. მეორე ნახევარში გუნდებმა თითო ლელო გაცვალეს და საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა [38:17]. სტუმართა შორის სათადარიგო იყო მესამე ხაზელი ლაშა ლომიძე, რომელიც მოედანზე შესვენების შემდეგ შევიდა, მაგრამ თამაში ბოლომდე ვერ ჩაამთავა. მსაჯმა ის უხეშობისთვის 71-ე წუთზე ყვითელი ბარათით დასაჯა და ნაადრევად დაატოვებინა მოედანი.
მეორე ადგილოსანმა „ბეიონმა“ ერთ-ერთ აუტსაიდერ „ტარბს“ უმასპინძლა. მასპინძლებმა შეხვედრა მძლავრად დაიწყეს და მე-13-ე წუთისთვის 10:0 დაწინაურდნენ. სტუმრებმა გაბრძოლება სცადეს, თავი სიოსეფო მანუმ გამოიდო, რომელმაც ბურთი თავის ნახევარზე მოიხელთა, მთელი მოედანი ირბინა და ლამაზი ლელო ისე დადო, რომ მდევრებს შებოჭვის შანსი არ მისცა. შესვენებამდე გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს, ხოლო მეორე ნახევარი, პირველის მსგავსად, „ბეიონმა“ მძლავრად დაიწყო და 42-ე წუთზე კიდევ ერთი ლელო გაიტანა. ამის შემდეგ ანგარიშს მხოლოდ მათ სასარგებლოდ ითვლებოდა და ბონუს ქულის მოპოვებაც შეეძლოთ, მაგრამ 78-ე წუთზე წამოწყებული კონტრშეტევისას, მათი ერთ-ერთი მოთამაშე ბურთიანად აუტში გადავიდა და მსაჯმა ლელო გააუქმა. მასპინძელთა რიგებში სათადარიგო იყო ბურჯი ანტონ ფეიქრიშვილი, რომელმაც დასკვნითი 17 წუთი ითამაშა. სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყო ბურჯი ირაკლი მირხულავა, რომელიც 63-ე წუთზე კახაბერ კობერიძემ შეცვალა. „ტარბის“ მეორე ხაზელი გიორგი ნემსაძე დისკვალიფიცირებულია.
პლეი ოფში მოხვედრისთვის მევრძოლი „პერპინიენი“ სტუმრად უმოტივაციო „მონტობანთან“ 25:28 დამარცხდა. სტუმრები შეხვედრის დასრულებამდე 2 წუთით ადრე 17 ქულით მარცხდებოდნენ, მაგრამ ძალები მოიკრიბეს და 2 წუთის ინტერვალში ორი ლელო დაუდეს მეტოქეს. მართალია ამით შეხვედრა ვეღარ შემოატრიალეს, მაგრამ 7 ქულაზე ნაკლები მარცხისთვის ბონუს ქულა გამოიმუშავეს და სატურნირო ცხრილში „ბეზიეს“ ჩამოიტოვეს. სტუმართა რიგებში სათადარიგო იყო ბურჯი გიორგი მჭედლიშვილი, რომელიც მოედანზე 66-ე წუთზე შევიდა.
მეექვსე ადგილოსანი „კოლომიე“ სტუმრად მეთორმეტე ადგილოსან „ნარბონს“ ეწვია. მასპინძლებს ლიგაში ადგილი შენარჩუნებული აქვთ და თითქოს მოტივაცია არ უნდა ჰქონოდათ, მაგრამ პირიქით კი მოხდა - მათ სტუმრები უშანსოდ, 34:6 გაანადგურეს. მასპინძელთა რიგებში ძირითადში იყო ვეტერანი ბუჯრი ტარიელ რატიანიძე, რომელიც 51-ე წუთზე შეცვალეს. სტუმრებს ეს მარცხი ადგილის დაკარგვად დაუჯდათ.
მათმა მდევარმა „მონ-დე-მარსანმა“ „ალბისთან“ სტუმრად 0:14 ჩამორჩენა შემოატრიალა და საბოლოო ჯამში 27:14 დაამარცხა. „ალბის“ შემადგენლობაში ძირითადში იყო მეორე ხაზელი ვახტანგ მაისურაძე, რომელიც 47-ე წუთზე შეცვალეს, ამავე დროს შეცვლაზე შევიდა ბურჯი ბექა შეყლაშვილი. სტუმართა რიგებში ძირითადში დაიწყო თამაში და შეუცვლელად გაისარჯა მესამე ხაზელი ბექა გორგაძე, რომელიც საკმაოდ აქტიურობდა რაქებში.
ტურის კიდევ ერთი შეხვედრაში უქართველებო „კარკასონსა“ და „ბიარიცს“ შორის, პირველმა 32:27 მოიგო.
საფრანგეთი. პრო დ2. XXVI ტური
მონტობანი - პერპინიენი 28:25
კარკასონი - ბიარიცი 32:27
ექსი - ბურგუენი 29:6
ალბი - მონ-დე-მარსანი 19:27
ბეიონი - ტარბი 28:10
ნარბონი - კოლომიე 34:6
დაქსი - ორიაკი 26:18
ლიონი - ბეზიე 38:17
1. | ლიონი | 26 | 23 | 0 | 3 | 840:397 | 106 | 14 |
2. | ბეიონი | 26 | 16 | 1 | 9 | 548:503 | 73 | 7 |
3. | ორიაკი | 26 | 15 | 0 | 11 | 619:535 | 68 | 8 |
4. | პერპინიენი | 26 | 13 | 1 | 12 | 614:546 | 64 | 10 |
5. | ბეზიე | 26 | 14 | 1 | 11 | 641:583 | 64 | 6 |
6. | მონ დე მარსანი | 26 | 14 | 1 | 11 | 523:544 | 63 | 5 |
7. | კოლომიე | 26 | 12 | 3 | 11 | 515:539 | 61 | 7 |
8. | მონტობანი | 26 | 12 | 0 | 14 | 499:521 | 56 | 8 |
9. | ბურგუენი | 26 | 11 | 0 | 15 | 506:515 | 56 | 12 |
10. | ალბი | 26 | 12 | 2 | 12 | 498:528 | 56 | 4 |
11. | ბიარიცი | 26 | 12 | 0 | 14 | 557:520 | 55 | 7 |
12. | ნარბონი | 26 | 12 | 0 | 14 | 523:561 | 55 | 7 |
13. | კარკასონი | 26 | 10 | 0 | 16 | 418:623 | 45 | 5 |
14. | ტარბი | 26 | 11 | 0 | 15 | 481:535 | 45 | 9 |
15. | დაქსი | 26 | 8 | 1 | 17 | 461:627 | 40 | 6 |
16. | ექსი | 26 | 8 | 0 | 18 | 461:627 | 37 | 5 |
ტარბს დაკლებული აქვს 8 ქულა
XXVII ტური. 21, 22 და 24 აპრილი
პერპინიენი - ალბი, ნარბონი - ბეიონი, ორიაკი - ბურგუენი, ბიარიცი - ექსი, მონ დე მარსანი - კარკასონი, ტარბი - მონტობანი, ბეზიე - დაქსი, კოლომიე - ლიონი
გიორგი ბეჭვაია
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია