დღის მეორე ნახევარში სუპერ რაგბის მერვე ტურის დარჩენილი ორი მატჩი გაიმართა. ავსტრალიური „რედსი“, წინა შეხვედრაში „ჰაილენდერსთან“ მოულოდნელი გამარჯვების შემდეგ, კვლავ დამარცხდა. „წითლები“ სამხრეთ აფრიკაში „ბულსს“ ეთამაშნენ - 22:41.
მასპინძლები მთელი თამაშის განმავლობაში დომინირებდნენ. პირველ ტაიმში მათ ჯარიმის გატანა და ორი ლელოს დადება მოახერხეს, გარდასახვებიც ზუსტი იყო, „რედსმა“ კი, ერთი ლელო დადო და არეკნი გაიტანა. „ბულსმა“ მატჩის პირველი ნახევარი17:8 მოიგო.
მეორე ტაიმში მასპინძლებმა უპირატესობა ბრამერის ჯარიმით გაზარდეს, 50-ე წუთზე კი, „ბულსმა“ ლამაზი ლელო დადო - ფეხით დაკიდებული ბურთი ცენტრთან კრილმა მიიღო, მგეზავ ბრამერს გადააწოდა, რომელმაც თავის მხრივ ლაბუშანს უპასა, მესამეხაზელმაც სიჩქარე აკრიფა და ლელოში შეფრინდა, გარდასახვა ბრამერმა გაიტანა. ამის შემდეგ გუნდებმა ორ-ორი ლელო გაცვალეს, დამრტყმელები გარდასახვებიდან არ შეცდნენ და საბოლოო შედეგი დაფიქსირდა.
„რედსს“ შვიდ მატჩში მხოლოდ ერთი გამარჯვება აქვს, „ბულსისთვის“ კი, ეს მეხუთე მოგება იყო.
დღის ბოლო მატჩში სამხრეთაფრიკული დაპირისპირება შედგა - „ლაიონსმა“ „სტორმერსს“ უმასპინძლა და 29:22 მოუგო. აღსანიშნავია, რომ „სტორმერსთან“ გამარჯვებას „ლომები“ ბოლო სამი თამაშია ვერ ახერხებდნენ და ახლა გაჭირვებით, მაგრამ ეს „ტრადიცია“ მაინც დაარღვიეს.
მასპინძლებმა ხუთი ჯარიმის გატანა და ორი გარდასახული ლელოს დადება მოახერხეს, სტუმრებმა „ლაიონსის“ მსგავსად ხუთი ჯარიმა გაიტანეს, თუმცა მხოლოდ ერთი ლელოს დადება შეძლეს. წაგებული მატჩის მიუხედავად, „სტორმერსი“ მაინც რჩება სამხრეთაფრიკული ჯგუფის ცხრილის თავში, ხოლო „ლაიონსი“ ამავე ცხრილში მესამე ადგილზეა.
ბულსი - რედსი 41:22
უჩა გოგიძე
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია