დღის პირველ ნახევარში სუპერ რაგბის ორი მატჩი გაიმართა. პირველ შეხვედრა ოკლანდში შედგა, სადაც ადგილობრივმა „ბლუზმა“ სამხრეთაფრიკულ „შარქსს“ სძლია - 23:18.
ამ გუნდებს შორის დღემდე გამართული ბოლო 10 შეხვედრა, „ზვიგენების“ სასარგებლოდ სრულდებოდა და ისინი წარმატებასთან ახლაც ძალიან ახლოს იყვნენ, მაგრამ დასკვნით მეოთხედში გატყდნენ და ზელანდიელებმაც სამწუხარო სერია შეწყვიტეს.
ანგარიში ახალზელანდიელებმა გახსნეს, მე-5 წუთზე იჰაია ვესტმა ჯარიმა გაიტანა - 3:0. სამ წუთში სტუმრებმა ლელო დადეს - თავი კაპიტანმა ბისტ მტავარირამ გამოიჩინა, რომელმაც ხუთმეტრიანთან შექმნილი რაქიდან კარგი დარტყმა გააკეთა და ბურთი ლელოში გადადო, გარდასახვა არაზუსტია - 3:5. მე-14 და 32-ე წუთებზე ჯო პიტერსენმა ორი ჯარიმა გაიტანა და „შარქსი“ კიდევ უფრო დააწინაურა.
36-ე წუთზე მასპინძელთა შემადგენლობაში შეცვლაზე შემოსულმა ჯორჯ მოალამ ხუთფაზიანი შეტევის შემდეგ ლელო დადო, გარდასახვა იჰაია ვესტმა გაიტანა და გუნდები შესვენებაზე ანგარიშით 10:11 გავიდნენ.
მეორე ტაიმი ახალი განახლებული იყო, როდესაც „ზვიგენების“ უკანახაზმა მეტოქის დაცვის ხაზი გაჭრა, შუამარბმა პოლ ჯორდანმა დიდი სიჩქარე აკრიფა და მისი შეჩერება ვეღარავინ მოახერხა, ლელო ჯო პიტერსენმა გარდასახა - 10:18.
ამის შემდეგ ქულებს მხოლოდ „ბლუზი“ აგროვებდა: 55-ე წუთზე იჰაია ვესტმა ჯარიმა გაიატანა, 65-ე წუთზე კი, „იდენ პარკზე“ შეკრებილმა ქომაგმა რიკო იოანის ულამაზესი ლელო იხილა, რასაც ვესტის გარდასახვა მოჰყვა. მატჩის ბოლო წუთზე იმავე ვესტმა ჯარიმის გატანა შეძლო და საბოლოო შედეგი დააფიქსირა- 23:18.
„ბლუზისთვის“ ეს გამარჯვება წლევანდელ ზე რაგბიში მესამე იყო. სამი მოგება აქვს „შარქსსაც“, მაგრამ გამარჯვებების ტურნირის სტარტზე, ზედიზედ მოიპოვეს, უკანასკნელი ოთხი მატჩიდან კი, ერთი ფრედ დაასრულეს და მერე ზედიზედ სამჯერ დამარცხდნენ.
დღის მეორე მატჩი, ავსტრალიური დერბი სიდნეიში გაიმართა და იქ „ვარათასი“ „ბრამბისს“ ეთამაშებოდა. წინასწარ ფავორიტის დასახელება ძნელი იყო და თამაშიც საკმაოდ დაძაბული გამოვიდა. პირველ ტაიმში გუნდები ერთმანეთს ქულა-ქულაში მიჰყვებოდნენ, „ვარათასმა“ ორი, „ბრამბისმა“ კი სამი ლელოს დადება მოახერხა და 19:17 დაწინაურდა. შეხვედრა 10 წუთის განახლებული იყო, როდესაც მატჩის გმირმა ჯოზეფ ტომანემ ჰეთ-თრიკი შეასრულა და ლეალიფანომ გარდასახვა შეასრულა.
ამის შემდეგ ანგარიში ერთადერთხელ, 77-ე წუთზე შეიცვალა, როდესაც „ვარათასელმა“ ბერბარდ ფოლიმ ჯარიმა გაიტანა და საკუთარ გუნდს პრემიალური ქულა მოუტანა. „ბრამბისმა“ სტუმრად 26:20 მოგებით ავსტრალიის კონფერენციაში ლიდერობა დაიბრუნა, მაგრამ საერთო ცხრილში ლიდერთა დავაში ჯერ ვერ ჩაერევა.
ბლუზი - შარქსი 23:18
ვარათასი - ბრამბისი 20:26
უჩა გოგიძე
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია