საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ბოლოდროინდელმა წარმატებებმა და სწრაფი ტემპებით ზრდამ, უდიდესი ყურადღება დაიმსახურა მსოფლიოს მასშტაბით.
ქართული მოდელით განსაკუთრებით დაინტერესებული არიან აღმოსავლეთ ევროპის წარმომადგენლები და როდესაც Rugger.info-ს ჟურნალისტს „ბორჯღალოსანთა“ ახალზელანდიელ თავკაც მილტონ ჰეიგთან გასაუბრების შანსი მიეცა, რა თქმა უნდა ის ხელიდან არ გაუშვა:
- საქართველოს ნაკრები დიდი ხანია მაგალითად და ორიენტირად იქცა განვითარებადი სარაგბო ქვეყნებისთვის, განსაკუთრებით ევროპაში. ქართული რაგბის სახე მისი ეროვნული გუნდია. რამდენად მიესადაგება ის თქვენს იდეალს?
- ამჟამად გუნდის მომზადების დონე 70%-ია იმისა, რისკენაც მივისწრაფვით. რა თქმა უნდა, იდეალისთვის სრულ 100%-ს უნდა მივაღწიოთ. ვფიქრობ, ამისათვის კიდევ ორი-სამი წელიწადი დაგვჭირდება. ჩვენი მთავარი პრობლემა შეტევის არცოდნაა მას შემდეგ, რაც პირვანდელი გეგმა არ იმუშავებს, იმპროვიზაციაში მოვიკოჭლებთ. ასევე, არ გვყოფნის შეტევითი სტილის მოთამაშეები. მაგრამ ყველა ამ პრობლემის მოგვარება შესაძლებელია. რაც მთავარია, სწორ გზაზე ვდგავართ.
- კონკურენცია პროგრესს აჩქარებს. ფაქტია, რომ საქართველო რაგბის ევროპის ჩემპიონატისთვის გადაზრდილია, მაგრამ ჯერ ვერ იღებს მონაწილეობას ექვს ერში. იქცევა ზაფხულის ტესტ-მატჩები განვითარებისთვის საკმარის მოტივაციად?
- „მსოფლიო რაგბის“ დახმარებით, ივნისსა და ნოემბერში ძალიან კარგი ტესტ-მატჩები გვაქვს დაგეგმილი. თუმცა, ჩვენ მაინც გვჭირდება მეტად კონკურენტული და სერიოზული ტურნირი თებერვალსა და მარტში. განვითარებისთვის აუცილებელია უძლიერესებთან თამაში.
- შექმნილი სიტუაციის შესაცვლელად ალტერნატიული ტურნირის შექმნა კარგი გადაწყვეტილება იქნება?
- მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ასეთ ტურნირში მსოფლიოს რეიტინგში მოწინავე 15 პოზიციაზე მყოფი გუნდები მიიღებენ მონაწილეობას. სხვა შემთხვევაში ცვლილებები არაფრის მომცემი იქნება.
- გუნდის მართვის თქვენეულ სტილზე მოგვიყევით. როგორ ახერხებთ ისეთი ემოციური ადამიანების კონტროლს და ერთ მთლიანად გაერთიანებას, როგორებიც ქართველები არიან?
- ამ პროცესს დრო ჭირდება. საბოლოოდ, უნდა მოხდეს ფორმულირება გუნდური პროტოკოლის და იმ სტანდარტების, რომლებიც ქცევის ჩარჩოებს შექმნიან. თუ ადამიანებს ესმით, რა დგას მათ უკან, ვის წარმოადგენენ, ვისთვის თამაშობენ, მაშინ მკაცრად აკონტროლებენ საკუთარ ქმედებებს, როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ. ჩვენს გუნდში თავისი საქმის პროფესიონალების ჩინებული კოლექტივია თავმოყრილი და ისინი ერთი მიზნით არიან გაერთიანებული. ჩვენ ყველანი ერთად ვიღწვით გაუმჯობესებისკენ.
- არის კავშირი ბავშვების აღზრდასა და გუნდთან მუშაობას შორის? მოგვიყევით იმ პრინციპებზე, რომლებსაც იყენებთ.
- დიდებული შეკითხვაა. ჩემი აზრით, ამ შემთხვევებში პრინციპები მართლაც ერთნაირია. აუცილებელია ყურადღება მიაქციო დისციპლინას და ამავდროულად, იყო აღმზრდელი - რაღაც მომენტში მამა, რაღაც მომენტში მწვრთნელი. უმნიშვნელოვანესია, ყველა ხვდებოდეს, რომ ყველაფრის მიუხედავად შენ ისინი გიყვარს და მუდამ გვერდში ედგები. აი ესაა რამდენიმე პრინციპი, რომელსაც მოთამაშეებთან და ჩემს გოგონებთან ურთიერთობისას ვიცავ.
- საქართველოს ნაკრებთან მუშაობისას, რა არის თქვენი უმთავრესი მიზანი?
- დავეხმარო საქართველოს, გახდეს რაგბი უფრო კონურეტუნარიანი სპორტის სახეობა როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე. დავეხმარო ყველა ასპექტში პროფესიონალიზმის ჩამოყალიბებაში. მე არ ვარ დაკავებული მხოლოდ საქართველოს ნაკრებით, ბევრს ვმუშაობ ქვეყნის შიგნითაც. მწამს, საქართველოს აქვს იმის პოტენციალი, რომ გახდეს ერთ-ერთი წამყვანი ერი მსოფლიოს რაგბის სამყაროში - სწორედ ამისთვის ვიბრძვით საერთო მონდომებით.
- და ბოლოს, რა იყო თქვენი მოტივატორი ბავშვობაში, როდესაც რაგბის თამაშს იწყებდით? რას ეტყვით იმ პატარა ბიჭებს და გოგონებს, რომლებიც რაგბის ათვისებას ეხლა იწყებენ?
- კარგად მახსოვს, როგორ მიყვარდა თანატოლებთან ერთად მოედანზე სირბილი და რაგბის თამაში. ბავშვებს რაგბისა და მისი უმთავრესი პრინციპების შესახებ ვეტყვი: დისცილინა და თავგანწირვა. რაგბიში პატივს სცემ მოწინააღმდეგეს და ყველა იმ ადამიანს, ვინც თამაშშია ჩართული. აქ შეგიძლია იპოვნო მეგობრები, რომლებიც სიცოცხლის ბოლომდე გაგყვებიან. ყველა ზემოთჩამოთვლილი, მე საკუთარ თავზე გამოვცადე.
P.S.: Rugger.info-მ ჰეიგთან მცირედი ბლიც-ინტერვიუც ჩაწერა - საყვარელი საჭმელი, კინო, წიგნი და ა.შ. აქ ყველაზე საინტერესო შემდეგი კითხვაა: თქვენი საყვარელი მორაგბე, და ჰეიგის პასუხი: „მაიკლ ჯონსი, ტანა უმაგა და მამუკა გორგოძე“.
მოამზადა ზურა ქსოვრელმა
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია