6 ერი

17:47 | 10.02.2016 | ნანახია 1006 - ჯერ

იტალიამ ბარბიერი და ბუონდონო დაიმატა

იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჟაკ ბრუნელმა, გუნდის შეკრებაზე შერკინების შემკვრელ რობერტ ბარბიერი და გარემარბი ანდრეა ბუონდონო გამოიძახა.

„აძურა“ ექვსი ერის მეორე ტურში რომში ინგლისს, 14 თებერვალს მასპინძლობს. „მოლიანოს“ გარემარბი ბუონდონო დავიდ ოდიეტეს შემცვლელად მოიაზრება, რომელმაც პირველ ტურში საფრანგეთთან პარიზში 21:23 წაგებულ მატჩში იდაყვი ამოიგდო.

„ოდიეტეს, რომელსაც შაბათს იტალიის ნაკრებში დებიუტი ჰქონდა, რენტგენი გადავუღეთ. მან გვიჩვენა, რომ სპორტსმენს იდაყვი აქვს ამოგდებული და ნაწილობრივ დაზიანებულია მყესები. ვვარაუდობთ, რომ ორ კვირაში ის მოედანზე დაბრუნებას შეძლებს, მანამდე კი, შეკრებაზე მისი თანაკლუბელი ანდრეა ბუონდონო გამოვიძახეთ“ - წერია იტალიის ნაკრების ოფიციალურ განცხადებაში. ბუონდონო იტალიის 7-კაცა ნაკრების წევრია.

ბარბიერისთან დაკავშირებით იმავე განცხადებაში წერია: „იაკოპო სარტომ, რომელმაც საფრანგეთთან მატჩი მუხლის პრობლემების გამო გამოტოვა, ჯერ ვერ გამოჯანმრთელდა. ამიტომ, ნაკრების შეკრებაზე „ბენეტონ ტრევიზოს“ მესამეხაზელი რობერტ ბარბიერი გამოვიძახეთ, რომელსაც ზურგს 39 სანაკრებო კეპი უმაგრებს. ბარძაყის კუნთი აწუხებს ჯორჯ ბიაჯის, რომლის მდგომარეობასაც კვირის განმავლობაში დავაკვირდებით და შედეგების მიხედვით გადაწყდება, ითამაშებს თუ არა ის ინგლისის წინააღმდეგ“.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.07798