საფრანგეთი პრო დ2

20:20 | 15.04.2016 | ნანახია 5576 - ჯერ

ბექა გორგაძე - სამწლიანი კონტრაქტი „აღმოჩენისთვის“

საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა მესამეხაზელ ბექა გორგაძეს ორი წელიც არ დაჭირდა იმისათვის, რომ ფრანგული კლუბი საკუთარ შესაძლებლობებში დაერწმუნებინა. ის უკვე იქცა გუნდის შეუცვლელ ფიგურად და ახალი, სამწლიანი კონტრაქტიც „გამოიმუშავა“, რა თქმა უნდა, გაუმჯობესებული პირობებით.

შედეგად, ფრანგმა ჟურნალისტმა მას სპეციალური სტატია მიუძღვნა:

„20 წლის ბექა გორგაძემ პრო დ2-ში ჯერ მხოლოდ რვა თამაში ჩაატარა, მაგრამ ის უკვე თამამად შეგვიძლია მივიჩნიოთ მიმდინარე სეზონის აღმოჩენად და „მონ-დე-მარსანის“ მომავლად.

გორგაძე გუნდს ორი კვირის წინ, „ექს-ან-პროვანსთან“ მატჩში განსხვავებული პოზიციით დაუბრუნდა. მისი ამოცანა იყო, ორი ტრავმირებული 6 ნომრით წარმოშობილი სიცარიელე შეევსო და საოცარი თამაში შემოგვთავაზა. მათ შორის, რატუს ლელოში უდიდესი წვლილი შეიტანა. ერთი კვირის წინ ის „ნარბონთანაც“ 6 ნომრად მოგვევლინა, შეუდარებელი იყო კონტაქტში და ყველა ორთაბრძოლა მოიგო. ახლა „მონ-დე-მარსანი“ პლეი ოფში მოსახვედრ მატჩში „ალბის“ ეთამაშება და გორგაძე 8 ნომერზე ბრუნდება. მან სკამზე დასვა ტაულანგა, კაცი, რომლის ანგარიშზეც „მონ-დე-მარსანის“ მაისურით 130 თამაშზე მეტია.

გორგაძე „მონ-დე-მარსანში“ 2014 წელს ჩამოვიდა და წელიწადზე ოდნავ მეტი იყო გასული, როდესაც პრო დ2-ში მისი დებიუტი შედგა. ეს 2015 წლის დეკემბერში მოხდა, მაგრამ ლიგაში მის მიერ ჩატარებულმა რაოდენობამ შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს. 8 თამაში, აქედან 6 ძირითადში და ეს მაჩვენებელი უფრო დიდი იქნებოდა, რომ არა მიწვევა ეროვნულ გუნდში. თუმცა საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში, 2016 წლის ერთა თასზე მან ხუთივე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ეს პერიოდი დაკარგულად ვერ ჩაითვლება.

მოკლედ, 20 წლის მორაგბე [თებერვალში შეუსრულდა] ყველა დაბრკოლებას გასაოცარი სისწრაფით ლახავს. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე რაგბისთვის განსაკუთრებული ფიზიკური აღნაგობით არ გამოირჩევა [188 სმ., 100 კგ.], ისაა მოაზროვნე მოთამაშე და რაც მნიშვნელოვანია, უკვე კარგად საუბრობს ფრანგულად.

„ფიზიკურად არაფრით გამოირჩეოდა, მაგრამ როდესაც მისი თამაში ვნახეთ მივხვდით, საოცრებებს ჩაიდენდა“ - ღიმილით ამბობს ბურჯი ტეო კასტინელი, რომელიც გუნდში ბექასთან ერთად, 2014 წელს მოვიდა - „ის „სუფთად“ თამაშობს და იგებს ფაქტობრივად ყველა ორთაბრძოლას. აქ ჩამოსვლის შემდეგ, მისი ფიზიკური მონაცემებიც გაუმჯობესდა და ყალიბდება ნამდვილ პროფესიონალად“.

„სასწავლო ცენტრში მასთან ერთად უზარმაზარი სამუშაო გავწიეთ. ის დაუღალავად ვარჯიშობდა და ყველა ნაკლი მოკლე დროში გამოასწორა. მოდით ნუ გადავაჭარბებთ და ვთქვათ, რომ ისაა პერსპექტიული მოთამაშე, ოდნავ უფრო მეტი, ვიდე პერსპექტიული“ - ფრთხილობს იანიკ აგრე, რომელიც პასუხისმგებელია ქართველის ჩამოყვანაზე.

გორგაძემ 2014 წელს „მონ-დე-მარსანთან“ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა და მას სულ მალე ვადა გასდის. ამიტომ, ბექას გარშემო მსურველების წრე იკვრება. მაგრამ მას უკვე ხელთა აქვს სამწლიანი, ახალი, ნახევრადპროფესიონალური კონტრაქტი და ნებისმიერს, ვისაც მისი წაყვანის სურვილი გაუჩნდება, სოლიდური კომპენსაციის გადახდა მოუწევს“.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.102583