ამბები

19:04 | 15.04.2016 | ნანახია 2036 - ჯერ

რაგბი ჩინეთის დასაპყრობად ემზადება

„მსოფლიო რაგბი“ თამაშის გეოგრაფიის გაზრდაზე და მასობრიობაზე ზრუნვას განაგრძობს და მსოფლიოში ცნობილ ჩინურ ინტერნეტ-მაღაზია Alisports-თან ერთად, ჩინეთში უახლოეს 10 წელიწადში მორაგბეთა რაოდენობის მილიონამდე გაზრდას გეგმავს.

უკანასკნელი მონაცემებით ჩინეთში რეგისტრირებულ მორაგბეთა რაოდენობა მხოლოდ 5 430-ია, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ ქვეყნის მოსახლეობა 1,3 მილიარდია და ამ ფონზე მილიონი მორაგბე ბევრი არაფერია.

„მსოფლიო რაგბსა“ და Alisports-ს შორის, რომლის ბრუნვამაც 2014 წელს 6,5 მილიარდი ევრო შეადგინა, ხელშეკრულებას გასულ კვირაში, 7-კაცა რაგბის მსოფლიო სერიის ჰონკონგის ეტაპის მსვლელობისას მოაწერეს. კომპანია გეგმავს, რომ „მსოფლიო რაგბის“ პროგრამაში Get Into Rugby სოლიდური თანხა ჩადოს და ჩინეთის რაგბის კავშირს დაეხმაროს სტუდენტური რაგბის განვითარებაში და პროფესიონალური კლუბების ჩამოყალიბებაში.

„რაგბი მიმზიდველი სპორტის სახეობაა, რომელიც დაფუძნებულია ერთობლივ მუშაობაზე და პოზიტიურ ღირებულებებზე“ - ამბობს Alisports-ის პრეზიდენტი ჩან დაიონგი.

იგეგმება, რომ ჰონკონგის 7-კაცას გარდა, უახლოეს პერიოდში ჩინეთის ტერიტორიაზე მასშტაბური სარაგბო ტურნირები ჩატარდეს და არაა გამორიცხული, 2027 წლის მსოფლიო თასის მასპინძელიც ეს ქვეყანა გახდეს.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.07781