სუპერ რაგბის მიმდინარე სეზონში ახალი ზელანდიის ეროვნული გუნდის ფულბეკმა ისრაელ დეგმა პირველი თამაში ჩაატარა და დუბლი მიითვალა. ზე-რაგბის მერვე ტური კრაისტჩერჩში, „კრუსეიდერსისა“ და არგენტინულ „იაგუარსის“ მატჩით გაიხსნა და ზელანდიელებმა მეტოქე 32:15 დაამარცხეს.
ახალზელანდიელებმა სტუმრები განსაკუთრებით მატჩის პირველ ნახევარში დაჩაგრეს და ეს დიდწილად მოედნიდან „იაგუარების“ ფულბეკ ხოაკინ ტუკულეტის გაძევებამაც გამოიწვია. „ჯვაროსნებმა“ პირველ ტაიმში სამი ლელო დადეს, საიდანაც მოუნგამ ორი გარდასახა. მანვე ტაიმის ბოლო წუთზე ჯარიმაც ზუსტად დაარტყა და „კრუსეიდერსის“ მონაგარი 22 ქულამდე გაზარდა. საწყის 40 წუთში არგენტინელებმა მხოლოდ ერთი ჯარიმის გატანა მოახერხეს- 22:3.
მეორე ტაიმის პირველი ქულები სტუმრებმა მიითვალეს, 48-ე წუთზე ფაკუნდო ისამ ლელო დადო, ხოლო ხუან მარტინ ერნანდესმა გარდასახა. მე-60 და 63-ე წუთებზე კვლავ „კრუსეიდერსის“ ჯერი დადგა - ჯერ კაპიტანმა ქირან რიდმა ივარგა, ხოლო შემდეგ სუპერ რაგბიში დაბრუნებულმა ისრაელ დეგმა მატჩში მეორე - ულამაზესი ლელო გაიფორმა. გარდასახვები არაზუსტი იყო. მატჩის ბოლოს სტუმრებმა მეორედ შეძლეს მასპინძელთა ჩათვლის მოედნის აღება და საბოლოო შედეგი დააფიქსირეს - 32:15.
„ჯვაროსნებისთვის“ წლევანდელ სეზონის სტარტზე განცდილი მარცხის შემდეგ, ეს ზედიზედ მეექვსე გამარჯვებაა, ხოლო არგენტინელებს საპირისპირო შედეგი აქვთ - შვიდი მატჩიდან მხოლოდ ერთი, სადებიუტო შეხვედრა მოიგეს.
დღის მეორე შეხვედრაში ავსტრალიური „რებელსი“ და ახალზელანდიური „ჰარიქეინსი“ერთმანეთს მელბურნში დაუპირისპირდნენ და ვიცე-ჩემპიონმა სტუმრებმა იოლად იმარჯვეს - 38:13.
პირველ ნახევარში „ქარიშხლებმა“ ოთხი ლელოს დადება მოახერხეს და ტაიმი 26:8 მოიგეს. მეორე ნახევარიც მათივე უპირატესობით წარიმართა, თუმცა ამჯერად „მხოლოდ“ ორი ლელოს დადება შეძლეს, საპასუხოდ კი ბოლო წუთზე კრევფორდის ლელო მიიღეს. სტუმართა ლელოები ვიქტორ ვიტოს, არდი სავეას, ბოდენ ბარეტის [2], ჯეისონ ვუდვარდის და კორი ჯეინის ანგარიშზეა.
„რებელსისთვის“ ეს მესამე მარცხი იყო, ხოლო „ჰარიქეინსმა“ შვიდ მატჩში მეხუთე გამარჯვება იზეიმა და ხუთივე ზედიზედ.
კრუსეიდერსი - იაგუარსი 32:15
რებელსი - ჰარიქეინსი 13:38
უჩა გოგიძე
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია