ინტერვიუ

13:15 | 15.04.2016 | ნანახია 3380 - ჯერ

ვახტანგ ახობაძე „აჟენს“ გააძლიერებს
„საქართველოდან ასე შორს, ქართველებისგან გვერდში დგომა ვისწავლე“

ფედერალ 1-ის „მასის“ ქართველმა ბურჯმა ვახტანგ ახობაძემ მძლავრი კარიერული ნაბიჯი გადადგა და ახალ სეზონს „აჟენში“ დაიწყებს, რომელიც ამჟამად ტოპ 14-ში გამოდის, თუმცა პრო დ2-ში დაქვეითებას ვერ გადაურჩება.

„ლელოს“ ყოფილი მორაგბე, რომელსაც საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში აქვს ნათამაშევი, საფრანგეთში მეხუთე სეზონს ასრულებს და მეორე ელიტარულ დივიზიონში თამაშის გამოცდილება აქვს. პირველი სამი წელი მან პრო დ2-ის „ალბიში“ გაატარა და 2014 წელს „მასიში“ გადავიდა, რომელის იმ წელს ასევე პრო დ2-ში თამაშობდა. 2014/2015 წლების სეზონში ჩატარებულ 13 მატჩში მან პირველი ელიტური ლელოს გატანაც მოახერხა, მაგრამ მისი გუნდი რანგით მესამე დივიზიონში დაქვეითებას ვერ გადაურჩა.

მიმდინარე სეზონში, ახობაძემ, რომელსაც 23 წელი მაისში უსრულდება, გუნდის მიერ მიმდინარე სეზონში ჩატარებული 17-ივე მატჩში მიიღო მონაწილეობა, 12-ჯერ იყო სასტარტო შემადგენლობაში და ორი ლელო გაიტანა. „მასი“ პრო დ2-ში ასასვლელად იბრძვის და იმედია, ქართველთა გუნდი მიზანს მიაღწევს, რაშიც მას ვახტანგიც უნდა დაეხმაროს, რომელიც სხვა გუნდთან ერთად დანამდვილებით დაუბრუნდება პრო დ2-ს.

„აჟენი“ დიდი ისტორიის მქონე კლუბია. ის 108 წლის წინ, 1908 წელს დაარსდა და რვაჯერ იყო ქვეყნის ჩემპიონი [ბოლოს 1988 წელს], ექვსჯერ კი, მეორე ადგილს დასჯერდა [ბოლოს 2002 წელს]. პირველ გუნდში ორი ქართველი თამაშობს - ეროვნული ნაკრების უკანახაზელი თამაზ მჭედლიძე და ბურჯი გიორგი თეთრაშვილი და როგორც ირკვევა, ახობაძის ამ გუნდში გადასვლა მათი დიდი დამსახურებაა.

worldrugby.ge ვახტანგ ახობაძეს საფრანგეთში, ტრანსფერის დეტალებზე ესაუბრა:

  • „აჟენი“ ტიტულოვანი კლუბია, რომელსაც ტოპ 14-ში თამაშის დიდი გამოცდილება აქვს. ამ გუნდში ამჟამად ორი ქართველი თამაშობს - გიორგი თეთრაშვილი, რომელთან ერთადაც საფრანგეთში ჩამოვედი და „ალბიში“ ვთამაშობდი და საქართველოს ნაკრების გარემარბი თამაზ მჭედლიძე, რომელსაც ქართველი გულშემატკივარი ძალიან კარგად იცნობს. სწორედ მათი დამსახურებაა ამ კლუბში ქართველების მიმართ კეთილგანწყობილი რომ არიან.
  • ანუ, „აჟენი“ მათი მეშვეობით დაგიკავშირდათ?
  • გუნდში ჩემზე წარმოდგენა ჩვენი ბიჭებისგან შეექმნათ და მერე საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოვჩნდი.
  • კონტრაქტი უკვე გააფორმეთ?
  • დიახ, ორწლიან შეთანხმებას მოვაწერე ხელი, „აჟენი“ ისეთი გუნდია, ალბათ დიდი ხანი სხვაგან წასვლაზე აღარც ვიფიქრებ.
  • „აჟენი“ კი კარგია გუნდია, მაგრამ წელს პრო დ2-ში დაქვეითებას ვეღარ გადაურჩება. იქ ასასვლელად იბრძვის „მასი“ და რატომ არ გერჩივნათ მეორე ელიტარულ გუნდში ნაცნობ გუნდთან ერთად გეთამაშათ?
  • ჯერჯერობით „აჟენი“ ტოპ 14-ის გუნდია, „მასი“ კი, ფედერალ 1-ში გამოდის და საფიქრალი არც არაფერი იყო. მე კონტრაქტი ტოპ 14-ის გუნდთან გავაფორმე და ის პრო დ2-ში რომც დაქვეითდეს, პირველსავე წელს ტოპ 14-ში დასაბრუნებლად იბრძოლებს, რისი შანსიც „მასის“ არ ექნება. მოკლედ, სულ სხვა დონის გუნდში გადავდივარ და ეს ჩემს კარიერაში მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
  • გეთანხმებით...
  • „აჟენის“ ამბიციები „მასისგან“ მკვეთრად განსხვავებულია, ეს ჩემთვისაც დიდი გამოწვევაა, შანსია, რომელიც ღმერთმა მიწყალობა და ახლა უკვე ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული. ამ შანსს გამოყენება უნდა. „მასის“ არაფერს ვსაყვედურობ. ამ გუნდმა ძალიან ბევრი შემძინა, დიდი სკოლა გავიარე, მაგრამ წინსვლა აუცილებელია.
  • რა არის ყველაზე მეტი, რაც „მასიმ“ შეგძინათ?
  • მოგეხსენებათ, „მასიში“ ქართველები მრავლად არიან და სწორედ მათგან შევისწავლე ბევრი რამ. ისინი საკუთარ გამოცდილებას მიზიარებდნენ და ამისთვის მათი უზომოდ მადლიერი ვარ. ისეთი გამოცდილების მქონე პირველხაზელებისგან, როგორებიც დავით აშვეთია და დავით დადუნაშვილი არიან, მართლაც ძალიან ბევრის სწავლა შეიძლება. გუნდის შერკინების მწვრთნელი ვიქტორ დიდებულიძე, ძალიან დიდ დროს მითმობდა და შემასწავლა უამრავი პატარა დეტალი, რომლისგანაც რაგბის და განსაკუთრებით პირველი ხაზის თამაში შედგება. რაც მე ახლა ვიცი, სწორედ „მასის“ ქართველების დამსახურებაა და კიდევ ერთი, საქართველოდან ასე შორს, მე ქართველებმა ერთმანეთის გვერდში დგომა მასწავლეს.
  • მომავალ სეზონში „აჟენში“ რამდენი ქართველი იქნებით?
  • ქართველები ახალ გუნდშიც მრავლად ვიქნებით. გიორგი თეთრაშვილი და თამაზ მჭედლიძე „აჟენში“ რჩებიან, იქვეა გიორგი მარგველანი და მე მეოთხე ვიქნები.
  • კლუბის ხელმძღვანელობას მიზნებზე უკვე ესაუბრეთ?
  • ამაზე ასე კონკრეტული საუბარი არ გვქონია, თუმცა ბევრი მარჩიელობა არ უნდა იმას, რომ ტოპ 14-ში დასაბრუნებლად ვიბრძოლებთ.
  • გისურვებთ წარმატებას
  • დიდი მადლობა.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
18:11 | 15.04.2016
პანტელეიმონი (1218)

წარმატებას გისურვებ.

0.071882