ინტერვიუები

0:47 | 15.04.2016 | ნანახია 2759 - ჯერ

„ალაფაზე“ წასვლამდე ნიკა ამაშუკელთან

არ არსებობს გუნდი, გნებავთ გულშემატკივარი, რომელიც მსაჯობით კმაყოფილია. ყველა „ვხედავთ“, რომ ამა თუ იმ თამაშში მსაჯი „გვწირავს“, მაგრამ რამდენად ობიექტურები ვართ ამ მომენტში?

ახალგაზრდა, 21 წლის რეფერი ნიკა ამაშუკელი ამბობს, რომ „არ არსებობს მსაჯისთვის საყვარელი გუნდი“ და ის მოედანზე უბრალოდ, ცდილობს თავისი საქმე კარგად შეასრულოს. თუმცა იქვე ამატებს, „მსაჯებს შეცდომებიც მოსდით“.

ცოტა ხნის წინ ამაშუკელი მსგავსი „მიკერძოებულობის ბრალდების“ მსხვერპლი გახდა, რაზეც თავად არ საუბრობს. ფაქტი კი ერთია, მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, მის მიმართ საერთაშორისო ასპარეზზე ნდობა იზრდება და დღეს ზიმბაბვეში, 20-წლამდელთა მსოფლიო თასის „ალაფაზე“ გაემგზავრა.

მსაჯობის რაობაზე, განვლილ გზაზე და სხვა მრავალ დეტალზე, ოღონსდ ფოთის ინციდენტის გარდა, თავად ამაშუკელი მოგვითხრობს.

  • როდის და რატომ დაიწყეთ მსაჯობა?
  • 2013 წელს, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებთან ერთად „ალაფისთვის“ ვემზადებოდი, როდესაც ჩვენი კაპიტანი საბა შუბითიძე მომიახლოვდა და მკითხა - თუ ვიყავი დაინტერესებული მსაჯობის კურსებით. მაშინ მსაჯების გადამზადების პროგრამა ახალი დაწყებული იყო. საბამ იცოდა, რომ ვფლობდი ინგლისურ და რუსულ ენებს, რასაც დიდი ყურადღება ექცეოდა. და რადგან კოჭის მძიმე ტრავმა მქონდა, რომელიც ჩემი, როგორც მოთამაშის განვითარებას აფერხებდა, ამ კურსებით დავინტერესდი.

რაგბი უზომოდ მიყვარს, საინტერესო იყო მისი სხვა კუთხით დანახვა და სწავლება დიდი სიხარულით დავიწყე. მერე ამ კურსებზე რამდენიმე მეგობარი წავიყვანე, მათ შორის შოთა თევზაძე, რომელიც ასევე დატანჯული იყო ტრავმებით. თავიდან თითქოს სკეპტიკურად უყურებდნენ ამ წამოწყებას, მაგრამ მერე კურსები ყველას მოწონდა. განსხვავება რაგბის ხედვაში, მორაგბისა და მსაჯის პოზიციიდან იმდენად დიდია, რომ ამის სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია. თავად თუ არ სცადე მსაჯობა, ისე ამას ვერ შეიგრძნობ. ფაქტობრივად, ყველა დეტალში შედიხარ და სრულიად განსხვავებულ სამყაროში ხვდები.

  • მოდით ცოტა უფრო შორს გავიხედოთ და გვითხარით, სანამ თავად დაიწყებდით მსაჯობას, როგორც მორაგბე, როგორ უყურებდით ამ პროფესიას?
  • მოთამაშეობისას 100% დარწმუნებული ვიყავი, რომ წესები ვიცოდი, მაგრამ მსაჯობა რომ დავიწყე მივხვდი - 100%-ით სხვაგან ვიყავი. მაშინ უბრალოდ მოედანზე გავდიოდი და ჩემს საქმეს ვაკეთებდი. სხვათა შორის, თამაშისას მსაჯების მიმართ პრეტენზია არასდროს გამომითქვამს. 2012 წელს, 18-წლამდელთა ნაკრებში თამაშისას, როდესაც იტალიასთან შეხვედრაში მსაჯმა ზედიზედ სამი მოთამაშე გაგვიგდო, მოედანზე რეფერისთან ურთიერთობა მე მქონდა და არც მაშინ გამიპროტესტებია მისი საქციელი. სხვათა შორის, მსაჯი რომ გავხდი ეს თამაში გავარჩიე და იმ რეფერიმ ორი მორაგბე ტყუილად გაგვიგდო, ერთი კი, ყვითელ ბარათს ნამდვილად იმსახურებდა. ვერც საქართველოს ჩემპიონატში გაიხსენებს ვინმე მომენტს, რომ მსაჯის გადაწყვეტილება გამეპროტესტებინოს.
  • რაგბის თამაში სად დაიწყეთ?
    - თამაში „ჯიქებში“, 12 წლის ასაკში, გია ამირხანაშვილთან დავიწყე, რომელიც ახლა ჩემი კოლეგა და მასწავლებელია. მას დიდი წვლილი მიუძღვის ჩემი ჯერ მორაგბის და მერე მსაჯად ჩამოყალიბებაში.
  • ამირხანაშვილის გარდა კიდევ ვინ იყვნენ თქვენი მასწავლებლები?
  • მასწავლებლები იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც ჩვენამდე მსაჯობდნენ - ამირხანაშვილი, უჩა ნარიმანიძე, ნოდარ რობიტაშვილი. ლუკა კილასონიას არასდროს უმსაჯია, მაგრამ ძალიან ძლიერი თეორიტიკოსია და ნებისმიერ მსაჯობის მსურველს დაეხმარება პროფესიულ აღზრდაში. ეს ის ადამიანები არიან, რომელთა ზურგზეც გადაიარა ქართული რაგბის რთულმა პერიოდმა და რომელთა დამსახურებაცაა დღეს შიდა ჩემპიონატი რომ ტარდება.
  • ახლა როგორ მიდის მსაჯთა განვითარების პროგრემა?
  • ახალბედებს უტარდებათ თეორიული მეცადინეობები, რომელშიც უკვე „დიდი 10“-ის მსაჯებიც ვმონაწილეობთ. ამას მოსდევს პრაქტიკები მოედანზე და საქმეში ჩართვა საფესტივალო ასაკიდან, ან „ბ“ ლიგის გათამაშებაში კიდის მსაჯად. მე დებიუტი პირველი ლიგის თამაშზე, გვერდითა მსაჯად მქონდა, რაღაც პერიოდის შემდეგ, „ბ“ ლიგის ცენტრში შევედი და საბოლოოდ „დიდი 10“-ის ცენტრალურ მსაჯობამდე მოვედი. მსაჯობა ადვილი არც საწყის პერიოდში იყო და არც ახლაა იოლი.
  • და „დიდი 10“-დან თქვენ და შოთა თევზაძე ევროპის ერთა თასის საშინაო თამაშებზეც მოხვდით, ოღონდ მეოთხე მსაჯად.
  • ჩემთვის დიდ პატივი იყო ეროვნულ სტადიონზე, თუნდაც მეოთხე მსაჯად ყოფნა. სხვებთან შედარებით, მე და შოთა უცხო ენებს უკეთ ვფლობთ, ჩამოსულ მსაჯებთანაც მეტად შეგვეძლო კომუნიკაცია და ამის ხარჯზე არჩევანი ჩვენზე შეჩერდა. არავინ არავისზე წინ, ან უკან არაა და „დიდი 10“-ის სხვა ბიჭებიც ჩვენი დონის სპეციალისტები არიან, ოღონდ, ენასთან დაკავშირებით აქვთ პრობლემები. კარგია, როდესაც მაღალი დონის მსაჯებს უყურებ, თუ როგორ ემზადებიან თამაშისთვის, რას აკეთებენ, როგორ ხურდებიან, როგორ ესაუბრებიან მოთამაშეებს და მერე როგორ არჩევენ თამაშს. ამ დეტალებისგან ძალიან ბევრს ვსწავლობ.
  • გარდა ამისა, „მსოფლიო რაგბის“ ეგიდით გამართულ „თბილისის თასზეც“ რამდენჯერმე იყავით გვერდითი მსაჯი.
  • დიახ და მინდა აღვნიშნო, რომ იოლი არ იყო, რადგან საქართველოს ნაკრების მატჩებზეც გვიწევდა მსაჯობა. მთლიანობაში, ამ სამმა წელიწადმა, რა პერიოდშიც „თბილისის თასი“ იმართებოდა, ფასდაუდებელი გამოცდილება შეგვძინა, რადგან ჩვენ მაღალი დონის მსაჯებთან ერთად ვმუშაობდით, რომელთაგან რამდენიმე წელს მსოფლიო თასზეც იყო მიწვეული. გარდა ამისა, ურთიერთობა გვქონდა მსაჯთა მენეჯერებთან, ჩაგვიტარდა სემინარები და ამითაც ბევრი რამ ვისწავლეთ. რაც შეეხება კონკრეტულ სირთულეებს, 2014 წელს, საქართველოსა და არგენტინის „იაგუარების“ შეხვედრისას, ისეთი აუტის დაფიქსირება მომიწია, რომლის შედეგადაც თამაზ მჭედლიძეს ლელო არ შედგა - ოდნავ დააბიჯა ფეხი კიდით ხაზს. მძიმე გადაწყვეტილება იყო, მაგრამ უნდა მიმეღო. შეიძლება ვინმეს სხვანაირად ეჩვენება, თუმცა როდესაც მოედანზე ხარ და მსაჯობ, იქ შენი კლუბი, შენი საყვარელი გუნდი აღარ არსებობს და უბრალოდ შენ საქმეს აკეთებ. ამის გარეშე პროფესიონალად ვერ ჩამოყალიბდები.
  • თქვენს განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა ეგრეთწოდებულმა ირლანდიურმა პროგრამამ.
  • საქართველოსა და ირლანდიის რაგბის კავშირები შეთანხმდნენ, რომ ისინი დაგვეხმარებოდნენ მსაჯთა რაოდენობის გაზრდაში, მათ მომზადებაში, იქნებოდა გაცვლითი პროგრამები. ამ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, პირველად ირლანდიაში 2014 წელს, ისევ და ისევ ენის ცოდნის უპირატესობით, მე და შოთა წავედით. ვიმსაჯეთ „იუნიორ ლიგების“ თამაშები, სადაც ჩვეულებრივად კაცთა გუნდები თამაშობენ, უბრალოდ ირლანდიის ქვედა დონეა. რაიმე განსაკუთრებული არა, მაგრამ რთული თამაშები იყო. ამოცანას თავი კარგად გავართვით და მაღალი შეფასება დავიმსახურეთ. ამ ყველაფერს დევიდ ობრაიენი კურირებდა, რომელიც ირლანდიის რაგბის კავშირის სამსაჯო განვითარების კომიტეტის ოფიცერი და ქართული რაგბის მეგობარია. მან უდიდესი წვლილი შეიტანა ჩვენს განვითარებაში.
  • დიდი იყო სხვაობა იმ ირლანდიურ ლიგასა და საქართველოს დაბალ ლიგებს შორის, სადაც იმ პერიოდში მსაჯობდით?
  • ვერ ვიტყვი, რომ ხარისხობრივად მაინცდამაინც დიდი განსხვავება იყო. უბრალოდ, ირლანდიელები უფრო სწორად თამაშობდნენ. თუმცა, ურთიერთობის კულტურა მსაჯსა და მოთამაშეებს შორის, ძალიან მაღალი იყო. სხვა მხრივ, ჩვენი „დიდი 10“-ის მორაგბეები იქ ლიდერები იქნებოდნენ.
  • მოდით საქართველოს დავუბრუნდეთ, ძნელია საქართველოში შერკინების მსაჯობა?
  • ნამდვილად რთულია და გეტყვით რატომაც. უცხოურ ლიგებში გუნდები შერკინებას, როგორც იარაღს, არ იყენებენ. რა თქმა უნდა, არის ისეთი თამაშებიც, სადაც შერკინების როლი გადამწყვეტია, თუმცა უმეტესად გუნდებს ურჩევნიათ ბურთი სწრაფად გაიტანონ და ითამაშონ, ის თამაშის განახლების საშუალებაა. ჩვენთან სხვაგვარადაა. აქ ფიზიკურად ძლიერი შერკინების ბიჭები, მას იყენებენ როგორც იარაღს და რატომაც არა, როცა შეგიძლია ამის მეშვეობით მოიგო მოედანი, მოიპოვო ქულები. სწორედ აქედან ჩნდება აუცილებლობა, რომ უშეცდომოდ იმსაჯო შერკინება. ესაა მიზეზი, რის გამოც საქართველოში ჩამოსული მსაჯები პრობლემებს აწყდებიან შერკინების მსაჯობისას, რადგან ამას თავიანთ ქვეყნებში მიჩვეული არ არიან.
  • მსაჯის მოსატყუებლად პირველ ხაზელებს ბევრი ხრიკი აქვთ?
  • ძალიან და მათ ნაწილს ჯერ კიდევ ვსწავლობ. პირველი ხაზი აბსოლუტურად სხვა სამყაროა. კრეიგ ჟუბერი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მსაჯია, აფრიკის ნაკრების პირველი ხაზის მოთამაშეებთან ერთად გადიოდა სემინარებს, რათა შერკინებაში მსაჯობა დაეხვეწა. პირდაპირ ვიტყვი, შერკინების კუთხით, საქართველოში მიღებული გამოცდილება ფასდაუდებელია ნებისმიერი მსაჯისთვის.
  • საერთაშორისო მატჩებში, ცენტრალურ მსაჯად პირველი ნაბიჯი ერთა თასის მესამე დივიზიონში გადადგით.
  • დიახ და განსაკუთრებული არაფერი მინახავს. უბრალოდ, ეს იყო აუცილებლად გასავლელი ხიდი. მე და შოთას რაგბი ევროპის მსაჯთა კომიტეტის ხელმძღვანელ პატრიკ რობენისთვის უნდა დაგვენახებინა, რომ შეგვეძლო საერთაშორისო თამაშების მსაჯობა და ვაკმაყოფილებდით კრიტერიუმებს, რათა შემდგომ სხვა ტურნირებზე მივეწვიეთ.
  • მერე იყო ირლანდიელების მოთხოვნა, როდესაც თავიანთი ჩემპიონატის მატჩების სამსაჯოდ თქვენ და შოთა მიგიწვიეს.
  • ეს მართლაც უპრეცედენტო შემთხვევა იყო. ირლანდიის შიდა ჩემპიონატის მეორე ლიგის თამაშები ვიმსაჯეთ. ირლანდიელებმა გვითხრეს, რომ პირველი და მეორე დონის შეხვედრებს შორის დიდი სხვაობა არაა. ძალიან მაღალი დონე იყო, თამაში ფაქტობრივად არ ჩერდებოდა და გაკვირვებული დავრჩი, რადგან ნამდვილად არ ველოდი ასეთ თამაშს. იქ თამაშებზე ვიღლებოდი, ასეთი რამ კი, ხშირად არ მემართება. 80 წუთში სულ 13 ჯარიმა იყო, რაც ძალიან ცოტაა.
  • მორიგი ნაბიჯი 20-წლამდელთა მსოფლიო თასის „ალაფაზე“ გექნებათ.
  • ზიმბაბვეში 19 აპრილიდან 1 მაისის ჩათვლით მნიშვნელოვანი ტურნირი იმართება. პირველადგილოსანი გუნდი 20-წლამდელთა მსოფლიო თასზე 12 საუკეთესო გუნდში ხვდება და მიხარია, რომ შარშან „ალაფა“ საქართველომ დამაჯერებლად მოიგო. აღსანიშნავია, რომ ტურნირის ისტორიაში ასაკით ყველაზე უმცროსი მსაჯი ვარ. ვიცი, რომ პირველი ორი თამაში გვერდითი მსაჯი ვიქნები, დანარჩენი ტურნირის მსვლელობისას გაირკვევა. ეს ყველაზე მაღალი დონეა, რაც კი აქამდე მიმსაჯია. ზიმბაბვეში ძლიერი გუნდები მოიყრიან თავს - ფიჯი, სამოა, აშშ და უდიდეს გამოცდილებას მივიღებ. ჩვენი მენეჯერი ალან როლანი იქნება, რომელსაც არაერთი მნიშვნელოვანი თამაში აქვს ნამსაჯი, მათ შორის მსოფლიო თასის ფინალი.
  • ალან როლანი ახსენეთ და რა მისიით ესწრებოდა ის შარშან თბილისის თასს?
  • მთავარი მისია საქართველოს ეროვნული ნაკრები იყო. ტექნიკური საკითხების მოგვარებასთან ერთად, ის ქართულ მხარეს აცნობდა, თუ რა იქნებოდა მსოფლიო თასზე, რას მიექცეოდა განსაკუთრებული ყურადღება, რამაც საბოლოოდ შედეგი გამოიღო და მსოფლიო თასზე „ბორჯღალოსნები“ დისციპლინით გამოირჩეოდნენ. ასევე, აკვირდებოდა თბილისის თასს. საქართველოს ნაკრების მონაწილეობით ჩატარებულ მატჩში, მე გვერდითი მსაჯი ვიყავი და მართალია ჩემთვის არასასიამოვნო იყო, მაგრამ ჯაბა ბრეგვაძის საწინააღმდეგოდ, უხეში თამაშისთვის დროშის აღმართვა მომიწია. როლანმა ეს საქციელი მომიწონა. გარდა ამისა, მან სემინარი ჩაგვიტარა და ძალიან ბევრი რამ გვასწავლა.
  • ცნობილ მსაჯებზე ვსაუბრობთ და ვინაა თქვენი კუმირი მსაჯი?
  • იყო ასეთი ზელანდიელი მსაჯი, სტივ ვოლში. ცოტა უცნაური იყო ამ კაცის მოქმედებები, მაგრამ ძალიან კარგად ესმოდა თამაში. კარგად ალაგებდა ურთიერთობას მორაგბეებთან და სრულად განსხვავებული სტილით, პატივისცემას იმსახურებდა.
  • რაგბი გამორჩეულია მსაჯისა და მოთამაშეების კომუნიკაციით. არიან მორაგბეები, რომლებთანაც კომუნიკაცია სხვებზე მეტად გიადვილდებათ?
  • ასეთი მორაგბეები მეტწილად კაპიტნები არიან და მათ უმეტესობასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. ნელ-ნელა საქართველოში ეს მიმართულებაც იხვეწება და დამოკიდებულება სულ უფრო და უფრო კორექტული ხდება. ეს კარგი ჟესტია, რის შემდეგაც გუნდებთან ურთიერთობა გიადვილდება.
  • დამკვიდრებულია აზრი, რომ მსაჯები ხშირად ძლიერი გუნდის, ან ძლიერი შერკინების მხარეს იჭერებ. ეთანხმებით ამ მოსაზრებას?
  • მსაჯებისთვის ასეთი რამ არ არსებობს. რა ინტერესი უნდა იყოს, რომ ძლიერის მხარე დაიჭირო? მსაჯი მოედანზე სამ ძირითად ფუნქციას ასრულებს - სწორი შეჯიბრი, დრო და სივრცე. შეტევა-დაცვის, ან ძლიერი-სუსტის უპირატესობა არ არსებობს.
  • თამაშისას მსაჯებს შეცდომებიც მოსდით.
  • რა თქმა უნდა, თუნდაც ნაიჯელ ოუენსს, ფინალშიც შეცდომები ჰქონდა, რამაც ზელანდიელთა მხრიდან ქულის მოპოვება გამოიწვია, მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ცუდად ჩაატარა ფინალი? შეცდომა დასაშვებია, უბრალოდ, უნდა ეცადო არ დაუშვა ისეთი შეცდომა, რომელიც გადაიზრდება ქულაში, ან მორაგბის ტრავმაში და ჩხუბში. თუმცა, ასეთებიც ხდება.
  • თქვენი, როგორც მსაჯის სურვილებზე და მიზნებზე რას გვეტყვით?
  • მინდა, რომ საქართველოს ჩემპიონატში იმდენად დაახლოვდნენ მსაჯები და კლუბები, რომ ნაკლები პრობლემები წარმოიშვას. ასევე, ნაკლები იყოს ტექნიკური წუნი, რაც ლამაზი თამაშის წინაპირობაა. ალბათ, სიახლე არ იქნება თუ ვიტყვი, რომ მინდა მსოფლიო თასზე ვიმსაჯო. ამაზე მეტს მსაჯი ვერაფერს მიაღწევს. მინდა ქართული მსაჯობა და ქართული რაგბი ერთად გაიზარდოს და ამაში ხელი შეგვიწყონ არა მხოლოდ მასწავლებლებმა და ირლანდიელებმა, არამედ ქართველმა მორაგბეებმა და მათმა კლუბებმა.
  • თქვენი, როგორც მსაჯის აზრით, აიწია საქართველოს ჩემპიონატის დონემ? რა შეიცვალა ზოგადად ამ კუთხით ბოლო წლებში?
  • ჩემი აზრით დონემ აიწია. უკანასკნელ ჩემპიონატებში, ბოლო მომენტამდე გადაწყვეტილი არაფერია და ჩემპიონატი კონკურეტუნარიანი გახდა. იშვიათია 20-30 ქულიანი სხვაობები და მეტია დაძაბული ბრძოლები. კარგი იქნება, გუნდები ხაზით უფრო მეტს თუ ითამაშებენ.
  • „დიდი 10“-ის თამაშების წინ ამ გუნდების თამაშის სტილს თუ ეცნობით?
  • დღევანდელი მოცემულობით, “დიდი 10“-ის ყველა მსაჯი ვალდებულია ყოველი თამაშის წინ შეისწავლოს ამ გუნდების ურთიერთშეხვედრა. ნახოს ვინ რა ტაქტიკით თამაშობდა და შეისწავლოს მათი ძლიერი და სუსტი მხარეები. თამაშის წინ გუნდებს ეუბნები, რას მიაქციონ მეტი ყურადღება და ამას შედეგი მოაქვს. არიან მორაგბეები, რომლებსაც უყვართ ხრიკები. ასეთები განსაკუთრებით მესამეხაზელები არიან და ვიზიარებ ინგლისელების გამონათქვამს - დაიჭერ 7 ნომერს, დაიჭერ თამაშს. ჩვენ ასეთ მოთამაშეებსაც „ვსწავლობთ“.
  • ეთანხმებით მოსაზრებას, რომ სპორტის სახეობებიდან რაგბი ყველაზე რთული სამსაჯოა?
  • აუცილებლად. ისევ ინგლისელების სიტყვებს მოვიშველიებ, რომელსაც ფრანგებიც იზიარებენ - მსაჯმა კარგად უნდა ისწავლოს რაგბის წესების წიგნი და თამაშზე გასვლის წინ ეს წიგნი უნდა გადააგდოს. არის ნიუანსები, რომლებსაც სუფთად წესების მიხედვით ვერ განსჯი. აქ შენ უნდა მიიღო გადაწყვეტილება, რა უკეთესი იქნება, რათა თამაში გამოვიდეს. ეს ერთადერთი სპორტია, სადაც მსაჯი მოთამაშეს კომუნიკაციით ეხმარება, რომ თავი აარიდოს ჯარიმას.
  • საქართველოში, კონკრეტულად „დიდ 10“-ში ინერგება ვიდეო-რეფერის სისტემა. თქვენთვის, როგორც მსაჯისთვის რამდენად მნიშვნელოვანია ეს ტექნიკური დახმარება?
  • ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც გუნდებისთვის, ასევე მსაჯებისთვის. ვერ გაექცევი მომენტებს, როდესაც ვერ ხედავ ლელო დაიდო თუ არა. ალბათ, გვქონია მომენტები, როდესაც ლელო არასწორად ჩაგვითვლია, ან ყოფილა და არ ჩაგვითვლია, იმიტომ, რომ რაღაც ვერ დაგვინახავს. ვიდეო-რეფერი საჭირო და აუცილებელია, მაგრამ ჩემი მოკრძალებული აზრია, რომ მსოფლიო თასზე ამ კუთხით ცოტა ზედმეტი ხდებოდა. ვიდეო-რეფერი უნდა მოიშველიო, როდესაც ამისი აუცილებლობა იქნება, მაგრამ ის არ უნდა ერთვებოდეს მინდვრის მსაჯის ფუნქციებში. ყოფილა მომენტები, როდესაც გვერდით მსაჯს დაუძახია, მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია, რათა თამაში არ გამეფუჭებინა და ვიდეო-რეფერის თვითნებურად ჩართვაც დაუშვებელია. ყველა ეპიზოდში, ცალსახად, გადაწყვეტილება მინდვრის მსაჯმა უნდა მიიღოს.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
18:38 | 15.04.2016
პანტელეიმონი (1218)

ნიკა გაიხარე და პროფესიულ წარმატებას გისურვებ.

გასაგებია, რომ ნიკა არ საუბრობს, მაგრამ მიჩუმათებას ვინც ცდილობს ფოთის ინციდენტის, თავსაც დაიღუპავს და ქართულ რაგბსაც დაღუპავს.

0.101807