პარიზული კლუბი „რასინგ 92“ თავის ლიდერს, ახალზელანდიელ მგეზავ დენ კარტერს ჩემპიონთა თასის ნახევარფინალისთვის ინახავს და საფრანგეთის ტოპ 14-ის 21-ე ტურში, 17 აპრილს „ტულუზის“ წინააღმდეგ არ ათამაშებს.
ჩემპიონთა თასის მეოთხედფინალში „ტულონთან“ მოგებული მატჩის პირველ ტაიმში, ზელანდიელმა მარჯვენა მუხლი იტკინა, რის შემდეგაც პლანეტის საუკეთესო მექულემ კარში დარტყმებზე უარი თქვა და ეს პატივი მაქსიმ მაშენოს გადაულოცა. ამ უქმეებზე კარტერი დაისვენებს, რათა გართულებები თავიდან აირიდოს და 24 აპრილს ნახევარფინალში, ნოტინგემში ინგლისური „ლესტერ თაიგერსის“ წინააღმდეგ სათამაშოდ სრულ მზადყოფნაში იყოს.
ცნობილია, რომ „რასინგს“ ვერც „ტულუზთან“ და ვერც „ლესტერთან“ მატჩებში ვერ დაეხმარება ვეტერანი კვაჭი დიმიტრი შარჟევსკი. ის „ტულონთან“ გამართული მატჩის პირველ ტაიმში დაშავდა და შეცვალეს, ახლა კი, ცნობილი ხდება, რომ მუხლის ტრავმის გამო პარიზელებს ექვსი კვირით დააკლდება.
ოთხშაბათის ვარჯიში გამოტოვეს ალექსანდრ დამულენმა, ჰენრი ჩავანსიმ, კეისი ლაულალამ, იოჰან გუსენმა და ბენ ტემეიფუნამ. ტრავმირებულია და ბოლო პერიოდში გუნდს ვერ ეხმარება ქართველი ბურჯი დავით ხინჩაგიშვილი.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია