გულშემატკივრის გვერდი

18:01 | 13.04.2016 | ნანახია 3073 - ჯერ

ჭორებისგან აწყობილი ფაზლი
ლადო კილასონიას სპორტული ზღაპრები

მგონი 2003 წლის მერე არ მოქოქილა ინგლის ეგრე - შოტლანდია 70 წუთი ეომა, ირლანდია 60, იტალია ვერც ერთი, უელსი კი ბოლო 9, მაგრამ მოგებით ვერავინ მოუგო და კამერები სულ უფრო ხშირად გვაჩვენებენ იმ ჩია, აპრეხილწარბა, მელოტ კაცს, შავ მანტოში ჩაფუთნული რომ დაჰყურებს თამაშს მაღალი ტრიბუნიდან.
ეგ კაცი ედი ჯოუნზია, ინგლისის ნაკრების პირველი არაინგლისელი მწვრთნელი. და ეხლა ვიცი, ვიღაცეები დაიწყებენ, რომ ყველა პირობა შეუქმენს და საუკეთესო ასისტენტების ისეთი არჩევანი ჰქონდა, როგორც მჟავეულების ჩვენებურ ბაზარში, შერკინება - ძველი „სარასინელი“ და ინგლისელი სტივ ბორტსვიკი, ყოველ თამაშზე ცხვირს რომ იტყავებდა, დაცვა - ასევე „სარასენსელი“ პოლ გუსტარდი, თავისი ავანგარდული, ახლებური სისტემით, მენეჯერები, ფიზიოები, ექიემბი, თანაც როგორები? სულ ნარჩევ-ნარჩევი და პროფესიულ რაგბიში დაბერებული ხალხი და რა თქმა უნდა პროფესიონალი მოთამაშეების თვალუწვლდენელი რიგი.
კი, მართალია ეს ყველაფერი და დარწმუნებული ვარ ვიღაცეებს გონიათ, რომ ასეთ პირობებში თვითონაც შეძლებდნენ ინგლისის ნაკრების მწვრთვნელობას, მაგრამ მთელი ეს ფუფუნება ხომ აქამდეც ჰქონდა ინგლისს? რაღა ეხლა წამოიქაჩა დოპინგნაგლეჯი ცხენივით? და ჩვენი მზერაც გვინდა თუ არა, კამერის ობიექტივებივით ისევ გადადის იმ ჩია, აპრეხილწარბა შავმანტოიან კაცზე, ჩუმად რომ დაჰყურებს თამაშს ტრიბუნიდან და წარმატება ჩრდილივით დასდევს კუდში.
2001 წელს მან პირველმა მოაგებინა ავსტრალიურ „ბრამბიზს“ ზე-12, 2003 წელს ავსტრალიის ნაკრები გაიყვანა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, თან როგორ, ვინც რაგბი იცის, იმას უეჭველი ემახსოვრება ის სასწაული ნახევარფინალი, ოზებმა ზელანდიელებს საერთოდ რომ არ დაურტყეს ფეხი (რითიც იმათი უმაგრესი უკანა ხაზი თითქმის მთლიანად გამოთიშეს თამაშს), თავისი ლელოდანაც კი ხელით შემოუტიეს და თამაში მოუგეს. 2007 წელსაც ეგ კაცი იყო სამხრეთ-აფრიკის ნაკრების მთავარი მწვრთვნელის, ჯეიკ უაითის ასისტენტი, როდესაც აფრიკამ მსოფლიო მოიგო და 2015 წელსაც ის თავკაცობდა იაპონიას, ამ ამომავალი მზის ქვეყნის შვილებმა სამხრეთ აფრიკა რომ დადეს ბეჭებზე და მთელი ელფერი გააცალეს საქართველოს მოგებას ტონგასთან. ა, ჰო, კიდევ სწორედ მაგ კაცის აღმოჩენილი და ლიგიდან რაგბიში გადმოყვანილია მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი და ცბიერი მესამე ხაზელი, ავსტრალიელი ჯორჯ სმიტი. მაგრამ ეს მარტო ტიტულებია.
მსოფლიო პატარაა, განსაკუთრებით დღეს, როდესაც ინფორმაცია ელვის უსწრაფესად ვრცელდება, სარაგბო სამყარო კი, კიდევ უფრო მცირეა და როგორც ყველგან აქაც დაიარებ-დასუნსულებ-დაქრიან ჭორები. მე ედი ჯოუნზს არ ვიცნობ, მარტო ერთხელ მინახავს თბილისში, ბანკეტზე, მაგრამ ბევრი ჭორი მსმენია მასზე და ჩემს წარმოსახვაში ეგრე ჭორებისგან და ერთი ნაღდი ამბიდან მყავს აწყობილი, როგორც ფაზლი.
ჰოდა ნაღდით დავიწყებ: იაპონია რომ ჩამოვიდა და ბოლო წუთზე არეკნით რომ მოგვიგო 28:25, ეგ გახსოვთ? აი, სწორედ მაგ თამაშზე მოაწყო ედი ჯოუნზმა სკანდალი, ბურთის მომტან ბავშვებს ბურთები ნელა მოაქვთ, რითაც ქართველები თამაშის ტემპს აგდებენო და ისეთი ამბავი აუტეხავს, რომ საქართველოს რაგბის მაშინდელი პრეზიდენტი გია ნიჟარაძეც კი იძულებული გამხდარა გასახდელებში ჩასულიყო და იაპონელების მენეჯერისთვის შეეტია: მაგან ეგრე თავის ცოლ-შვილს უყვიროსო. ქართველებს კი ერთ-ერთი კარგი თვისება მგონი ეგ გვაქვს - ძალიან სწრაფად ვიკიდებთ ავტორიტეტებს. თვითონ ედი ჯოუნზი იქ არ ყოფილა, უკვე მოედანზე დაბრუნებულიყო, იაპონელებმა ბოდიშები იხადეს, მაგრამ პირველი ტაიმის შემდეგ, როდესაც ტალანში ჯოუნზს გამოუვლია, კედელს აკვრიან და თავის დახვრით, ხელის გულების შეტყუპებით და ხმადაბალი „ჰოსსს!“-ით შეუცილებიათ გასახდელში.
აი, ჭორები კი მაგ კაცზე უამრავია: საპნიან წყალში აწყობს ბურთებს და ეგრე სარკედ ქცეული ოვალური ნაგლეჯებით ავარჯიშებს იაპონელებსო, დღეში ოთხი ვარჯიში აქვს და ყველაფერი წამი-წამზეა გათვლილიო. ჩვენი შერკნების ფრანგი მწვრთვნელისთვის დიდიე ბესისთვის მოუყოლია, იაპონიის სამწვრთვნელო შტაბის კანადელ მენეჯერს, ჯოუნზთან რომ მუშაობდა, საერთოდ არ ვიცით რაგბის გარეთ რა ტიპია, ოჯახი ან შვილები ჰყავს თუ არაო. დილის ხუთ საათზე დგება, ვარჯიშობს და ექვს რომ ოცი წუთი აკლია სამწვრთვნელო გუნდის შეკრებაა, სადაც დღე უნდა დაიგეგმოს და ქართულად რომ მოვთარგმნო კანადელის ფრანგულად ნათქვამი სიტყვები: „კაი დედის შვილი ხარ და ათი წამი მაინც დააგვიანოო!“, დილის შვიდ საათზე ვარჯიში იწყება, მერე ჭამები და კიდევ სამი ვარჯიშია, საღამოს კი, ვერცერთი მწვრთვნელი ისე ვერ დაწვება, რომ ჯოუნზს დღის განხილვა არ ჩააბაროს, რამ როგორ ჩიარა, რა იყო კარგი და რა უნდა გამოსწორდეს! მარტო ამის შემდეგ გაქვს დასვენების უფლება, მეორე დილას კი ჯოუნზი დილის ხუთ საათზე ისევ ფეხზეა და ყველაფერი თავიდან იწყებაო! და თუ ვიღაცეებს ეგონათ, ეგ ოთხვარჯიშიანი და დილისშვიდსაათიანი სავარჯიშო გრაფიკი მარტო იაპონელებთან იმუშავებსო, ჯოუნზმა ინგლისის ნარკებშიც ეგრე დაიწყო და პირველივე ვარჯიშზე დაგვიანების გამო გუნდიდან კაპიტანი ქრის რობშოუ გაუშვაო, მაგრამ წინა მწვრთნელის, სტივ ლანკასტერის სამწვრთნელო გუნდი რომ მიაყოლა, ოღონდ უმიზეზოდ, ეგ ნაღდია და წაგების მერე გაცეცხლებულმა იაპონელების კაპიტანს ღიმილისთვის პირდაპირ პრესკონფერენციაზე რომ მოაკეტინა ეგეც ნანახი მაქვს!
ამ ამბებიდან დიდი ნაწილი გაბუქებული იქნება, გვიყვარს ჩვენ ადამიანებისგან ეგეთი დაუნდობელი, დაუღალავი მანქანების დახატვა, ისევე როგორც მიცვალებულებს მივაწერთ ყველაფერ კარგს, ცუდი კი გვავიწყდება, მაგრამ ერთს ვერსად გაექცევი: ჭორი ცარიელი ადგილიდან არ ჩდნება, ყველა გამონაგონს აღმოცენებისთვის ხომ შესაფერისი ნიადაგი უნდა!
და რომ ვუყურებ ამ წვრილწარბა პატარა, მოცინარ კაცს, სიცილშიც კი აქვს რაღაცა მურტალი, დაუნდობელი, ცივი, მართლა მკაცრი ადმაიანები ხომ იშვიათად ყვირიან! ირლანდიასთან შეცვლაზე შეჰყავდა ვეება, წითურწვერიანი ელიოტ დეილი, პირველი სანაკრებო მატჩი რომ უნდა ეთამაშა, შემთხვევით მოვკარი მაგ კადრს თვალი, ციცქნა ჯოუნზი მშვიდად უხსნიდა რაღაცას კუნთების ამოდენა მთას, მერე წამოსვლა დააპირა, მაგრამ უცებ ისევ დეილისკენ შებრუნდა, წვრილი შავი წარბები მოქნეული მათრახივით ააცოცდა ხორბლისფერ შუბლზე, მოწკურულ თვალებში კი ისეთი დაუნდოებელი ცეცხლი აენთო გაგცრიდა, თავის ქნევით დაამატა სათქმელი და გაეცალა.
და ამის მერე, თუკი ხელახლა მოკრავთ თვალს თამაშზე, კარგად დააკვირდით მაგ შავმანტოიან თითქოსდა პატარა და თითქოსდა მოცინარ კაცს, ჩუმად რომ დგას ტრიბუნაზე და ღამურის ულმობელი თვალებით უყურებს თამაშს, იმიტომ რომ ჩემი აზრით, დღეს დღეობით სწორედ ეგ ჩია კაცია ამოდენა, ვეება, ჯერ-ჯერობით დაუმარცხებელი ინგლისის ნაკრები თავისი ნატურალიზირებული ვუნიპოლებით, ქერა ჰასკელებით და ხულიგანი და ნიჭიერი მაიკ ბრაუნებით.
აბა მაგარი თუ არ ხარ, რომელი ინგლისელი გაუშვებს გუნდიდან ლანკასტერს, მის მაგივრად კი ნამეტანი უელსური გვარის წვრილთვალება ავსტრალიელს მოიყვანს წითელვარდიანი ნაკრების სათავეში!


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
13:05 | 14.04.2016
meleksa (132)

იქნებ ამის ყოფილი ასისტენტებიდან რომელიმე მაინც დავითრიოთ ჩვენს სამწვრთნელო შტაბში მაგარი იქნება. თვითონ ედი ძვირი სიამოვნება იქნება.

0.07641