საერთაშორისო

15:27 | 13.04.2016 | ნანახია 1832 - ჯერ

კუციას რთული მისია - პოლიტიკა და რაგბი

სამხრეთ აფრიკის ახალ მთავარ მწვრთნელ ალისტერ კუციას დიდი სამუშაო ელის. აფრიკელი ქომაგი მისგან ნაკრების ძველი დიდების დაბრუნებას ელის და ამასთანავე, 52 წლის სპეციალისტს ნაკრებში უფრო მეტი შავ და ფერადკანიანი მორაგბის ინტეგრირება მოუწევს. ეს სამხრეთ აფრიკის ხელისუფლების მოთხოვნაა.

ალისტერ კუცია პიტერ დე ვილერსის (რომელიც აფრიკელებს 2008-11 წლებში ხელძღვანელობდა) შემდეგ „სპრინგბოქსის“ ისტორიაში მეორე არათეთრკანიანი თავკაცია. ის აფრიკელებს შორის დიდი სიმპათიით სარგებლობს. 2007 წელს, როდესაც „ბოკემ“ მსოფლიო თასის მეორედ მოგება მოახერხა, იგი მთავარი მწვრთნელის ასისტენტის პოსტს იკავებდა და ასევე, წარმატებული იყო სუპერ რაგბის „სტორმერსის“ თავკაცობის პერიოდში (2010-15 წლები).

2015 წლის მსოფლიო თასზე მესამე ადგილის დაკავების მიუხედავად, „სპრინგბოქსი“ აშკარად კრიზისშია. აფრიკელებმა ბოლო 11 ტესტიდან 5 წააგეს, სენსაციურად დამარცხდნენ მსოფლიო თასზე იაპონიასთან (32:34) და რაც უფრო მტკივნეულია მათი ქომაგისთვის - დაუძინებელ მტერ ახალი ზელანდიასთან ჩატარებულ ბოლო შვიდ მატჩში, მოედანი წაგაბულებმა ექვსჯერ დატოვეს.

კუციას პირველი გამოცდა ივნისში ელის, 11, 18 და 25 ივნისს „სპრინგბოქსი“ ირლანდიის ნაკრებთან სამ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ახალმა თავკაცმა წესით პირველი მატჩებიდანვე უნდა დაიწყოს შავკანიანი მოთამაშეების საქმეში ჩართვა. შეგახსენებთ, რომ სარ-ის რაგბის კავშირმა აიღო ვალდებულება, 2019 წლისთვის ნაკრების მოთამაშეების 50% არათეთრკანიანი მოთამაშეებით იყოს დაკომპლექტებული. აღსანიშნავია, რომ სამხრეთ აფრიკის მოსახლეობის მხოლოდ 8,25%-ია თეთრკანიანი, ხოლო 80%-ზე მეტი შავკანიანია.

ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც არჩევანი ალისტერ კუციას კანდიდატურაზე შეჩერდა, სწორედ ისაა, რომ მას თეთრ და შავკანიანი მორაგბეების დაბალანსების გამოცდილება აქვს - „სტორმესში“ მისი ხელძღვანელობის დროს რასობრივი ბალანსი თითქმის ბოლომდე იყო დაცული. მის დანიშვნას სამხრეთაფიკელ ექსპერტთა შორის ბევრი მოწინააღმდეგეც გამოუჩნდა:

ბრენდან ვენტერი („სპრინგბოქსის“ ყოფილი შუამარბი, სპორტული მიმომხილველი): „ალისტერმა „სტორმერსი“ ერთ-ერთ საუკეთესო კლუბად აქცია, თუმცა სუპერ რაგბის მოგება მაინც ვერ მოახერხა და ეს მისი დიდი ნაკლია“.

მარკ კიოჰანი (სპორტული ჟურნალისტი): „მან უდიდესი გამოცდილება მიიღო ნაკრებში ასისტენტად მუშაობისას და „სტორმერსის“ თავკაცობის დროს, მაგრამ იგი ახლა რაგბის საუკეთესო ათ მწვრთნელს შორის ნამდვილად ვერ ხვდება“.

კუციას ნამდვილად რთულ პერიოდში უწევს ნაკრებში მწვრთნელობის დაწყება, რადგან სპორტულთან ერთად, პოლიტიკოსის თვისებებიც უნდა გამოამჟღავნოს. იგი ვალდებულია დააბალანსოს ნაკრების რაზმი რასობრივი კუთხის სრული დაცვით. ეს განსაკუთრებით რთული მისიაა თუ გავითვალისწინებთ, რომ სამხრეთაფრიკულ კლუბებში შავკანიანი მოთამაშეების წილი მხოლოდ 27%-ია.

უჩა გოგიძე


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.089638