ზე-18

0:21 | 28.03.2016 | ნანახია 1213 - ჯერ

არგენტინელები კვლავ მცირედით აგებენ (+ვიდეო)

სუპერ რაგბის მეხუთე ტური დღეს დილით „რედსისა“ და „ვარათასის“ ავსტრალიური ჯახით დასრულდა, მანამდე კი არგენტინელმა „იაგუარებმა“ შინ კარგ ფორმაში მყოფი „სტორმერსი“ მიიღეს და კვლავ მინიმალური სხვაობით დამარცხდნენ- 8:13.

საინტერესოა, რომ არგენტინულ მატჩში გუნდებმა ქულების დაგროვება მხოლოდ პირველ ტაიმში მოახერხეს. მატჩის პირველი ქულები სამხრეთაფრიკელებმა ჩაიწერეს- მე-3 და მე-17 წუთზე კოლმანმა საჯარიმო დარტყმის ზუსტად შესრულება მოახერხა- 0:6.

არგენტინელებმა სტუმრებს ერთი ჯარიმით უპასუხეს, შემდეგ კი, მათთვის სამწუხაროდ, მსაჯმა მოედნიდან ნიკოლას სანჩესი გააძევა, რასაც მყისვე „სტორმერსის“ ულამაზესი ლელო მოჰყვა- ახალგაზრდა ფულბეკმა ჩესლინ კოლბიმ ბურთი მეტოქის ოცდაორმეტრიან ხაზთან მიიღო, შესანიშნავი სისხარტე გამოავლინა, ხუთი არგენტინელი ზედიზედ ჩამოიტოვა და ლელოში შეფრინდა, კოლმანმა გარდასახვა ზუსტად დაარტყა- 3:13.

პირველი ტაიმის ბოლო შეტევაში „იაგუარებმა“ ლელოს დადება მოახერხეს- სინბინიდან დაბრუნებულმა მგეზავმა ნიკოლას სანჩესმა მეტოქის დაცვის ხაზი ლამაზ სტილში გაჭრა, დაახლოებით ათი მეტრი გაირბინა და დე ლა ფუენტეს დროულად უპასა, რომელმაც ოვალის დამიწება მოახერხა და როგორც აღმოჩნდა მატჩის საბოლოო შედეგიც დააფიქსირა- 8:13.

„სტორმერსისთვის“ აღნიშნული გამარჯვება მეოთხეა, აფრიკელები 18 ქულით სუპერ რაგბის საერთო ცხრილში მეორე ადგილზე არიან.

კვლავ მოუგებლად აგრძელებს ტურნირს ავსტრალიური „რედსი“, რომელმაც ბრისბეინში „ვარათასს“ უმასპინძლა და 13:15 წააგო.

არადა, მასპინძლები პირველ გამარჯვებასთან საკმაოდ ახლოს იყვნენ. „რედსი“ 69-ე წუთამდე 13:12 ამარცხებდა სტუმრებს, თუმცა ბენჯამინ ფოლიმ საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა და ანგარიში 13:15 გახადა. „რედსმა“ შეტევა სცადა, თუმცა ვეღარაფერი გააწყო და 18- გუნდიან ჩემპიონატში მე-16 ადგილზე აღმოჩნდა. რაც შეეხება, „ვარათასს“ ორი გამარჯვებით ის მეათეა.

უჩა გოგიძე


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.081434