ამბები

23:05 | 12.04.2016 | ნანახია 2205 - ჯერ

ჩემპიონების მართვადი თამაში

ხვალ, 13 აპრილს, 16 საათზე რუსთავის სარაგბო სტადიონზე საქართველოსა და რუსეთის ჩემპიონები - თბილისის „ლელო-სარასენსი“ და კრასნოიარსკის „კრასნი იარი“ მართვად თამაშს, იგივე ერთობლივ ვარჯიშს გამართავენ, რომელიც მაქსიმალურად იქნება მიახლოვებული სამატჩო პირობებთან.

როგორც წესი, ასეთ დროს გუნდებს წინასწარ შეთანხმებული პოზიციებიდან, სტატიკური მდგომარეობიდან - შერკინებიდან, ან დერეფნიდან, ეძლევათ გარკვეული რაოდენობის შეტევები და წინასწარ დაგეგმილ კომბინაციებს ათამაშებენ, ხოლო მეტოქე საკუთარი ლელოს დაცვას ცდილობს. მართალია ეს არაა სრულფასოვანი თამაში, მაგრამ მაინც საინტერესო სანახაობა უნდა გამოვიდეს.

თბილისში 5 აპრილს წინასასეზონო შეკრებაზე ჩამოსულ ციმბირულ კლუბს 10 აპრილს „არმიასთან“ უნდა ეთამაშა, მაგრამ თბილისელებმა საკადრო პრობლემების გამო თამაში ბოლო მომენტში იუარეს. „კრასნი იარი“ სრულფასოვან თამაშს 15 აპრილს, რუსთავში „აკადემიასთან“ გამართავს და ის 17:30 საათზე დაიწყება. რუსეთის ჩემპიონი საქართველოში 26 აპრილამდე დარჩება და შინ გამგზავრებამდე კიდევ ერთ საკონტროლო შეხვედრას გამართავს. მეტოქე სავარაუდოდ დიდი 10-ის პლეი ოფის პირველი ეტაპიდან გავარდნილი გუნდი იქნება.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.120931