ინტერვიუ

12:59 | 12.04.2016 | ნანახია 4733 - ჯერ

ზაზა ნავროზაშვილი - უიშვიათესი ტრავმით გაცდენილი წლები

ფრანგული „ლიონის“ ბურჯი ზაზა ნავროზაშვილი ბოლოს თვალთახედვის არეში წელიწადნახევრის წინ, 2014 წლის სექტემბერში მოხვდა. მაშინ ჯერ კიდევ „ბორდოს“ შემადგენლობაში ტოპ 14-ში „ტულონის“ წინააღმდეგ ითამაშა, მერე კი...

23 წლის მორაგბემ შარშან ზაფხულში პრო დ2-ში დაქვეითებულ „ლიონთან“ გააფორმა კონტრაქტი, მაგრამ გუნდმა 25 თამაში ისე ჩაატარა და ტოპ 14-შიც ისე დაბრუნდა, ნავროზაშვილის გვარი განაცხადში ერთხელაც ვერ ამოვიკითხეთ. აღმოჩნდა, რომ ამის მიზეზი უიშვიათესი და უმძიმესი ტრავმა იყო, რის გამოც ახალგაზრდა ქართველს ორჯერ დაჭირდა ქირურგიული ჩარევა.

არადა, „ივერიას“ აღზრდილი მორაგბისთვის თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა. ახლადშექმნილ „არმიაში“ გადასვლის შემდეგ, ის ქვეყნის ჩემპიონი და თასის მფლობელი გახდა, ითამაშა საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში, 2013 წელს საფრანგეთის პირველი ელიტარული დივიზიონის გუნდის, „ბორდოს“ წევრი გახდა და იმავე წელს ჰქონდა დებიუტი პირველი გუნდის შემადგენლობაში. მეორე სეზონის სტარტზე „ტულონთან“ ჩატარებული თამაშის შემდეგ კი, დაიკარგა...

Worldrugby.ge ნავროზაშვილის ბედით დაინტერესდა და არაერთი საინტერესო ამბავი მოისმინა:

  • მას შემდეგ, რაც ტოპ 14-ის „ბორდოდან“ პრო დ2-ში დაქვეითებულ „ლიონში“ გადახვედით ველოდით, რომ უფრო ხშირად მოგიწევდათ თამაში. მაგრამ დიდი ხანია თქვენს შესახებ საერთოდ არაფერი ისმის. შემადგენლობაში არც მას შემდეგ გამოჩნდით, რაც თქვენმა გუნდმა პრო დ2-ის მოგებით ტოპ 14-ის საგზური დაიბევა და თავის გამოჩენის შანსი უახლოეს რეზერვს მიეცა... იქნებ გვითხრათ რა ხდება?
  • ამ კითხვაზე სრულყოფილი პასუხის გასაცემად, ცოტა შორიდან დავიწყებ მოყოლას. სამწუხაროდ, ჩემი პრობლემები „ლიონს“ და ზოგადად გუნდს არ უკავშირდება. დაახლოებით სამი წლის წინ „ბორდოსთან“ „ესპუარების“ კონტრაქტი გავაფორმე და ამ გუნდში ორი სეზონი გავატარე. თავიდან ყველაფერი კარგად აეწყო და პირველსავე სეზონში პირველ გუნდში დებიუტი მქონდა. „ესპუარების“ ჩემპიონატის გარდა, ორჯერ ვითამაშე ჩელენჯ ქაფზე და ერთხელ ტოპ 14-ში. იმავე წელს გამომიძახეს „მზარდ საქართველოში“.

მოკლედ, მეორე სეზონს დიდი იმედებით შევხვდი, მაგრამ 2014/2015 წლების სეზონის მოსამზადებელი ეტაპის დასრულების შემდეგ, ტრავმებმა შემომიტია. ამ სეზონში პირველი გუნდის შემადგენლობაში ერთადერთხელ შევძელი თამაში. მესამე ტურში, „გრენობლთან“ მატჩში მწვრთნელმა პირველი გუნდის სასტარტო შემადგენლობაში შემიყვანა, მაგრამ კაპიტნის ვარჯიშზე ფეხის კუნთი გამეხა. ამის შემდეგ, უკვე „ესპუარებში“ თამაშისას, კიდევ სამჯერ გამეხა კუნთი. მერე დამეწყო გაურკვეველი ტკივილები მუხლებს ქვემოთ და როდესაც სრულფასოვანი გამოკვლევა ჩავიტარე აღმოჩნდა, რომ წინა ტრავმების გამო, კუნთის აპკმა ფუნქცია დაკარგა და საოპერაციო ვიყავი. სწორედ აქედან იღებს სათავეს ის პრობლემები, რომლის გამოც აგერ უკვე თითქმის ორი წელიწადია საყვარელ საქმეს ვერ ვაკეთებ.

  • ამბობთ, რომ ტრავმა ჯერ კიდევ გასული სეზონის სტარტზე მიიღეთ და მას შემდეგ რეგულარულად ტრავმირებული იყავით. მაშინ როგორ აღმოჩნდით „ლიონში“?
  • ჩემდა გასაკვირად, მიუხედავად იმისა, რომ ტრავმირებული ვიყავი და „ბორდოს“ „ესპუარებთან“ კონტრაქტი კიდევ ერთი წელი მაკავშირებდა, ჩემს მიმართ დაინტერესება ბევრმა გუნდმა გამოთქვა, როგორც საფრანგეთის ჩემპიონატიდან, ასევე ბრიტანული კლუბებიდან.

პირველი შემოთავაზება ინგლისური კლუბიდან, „ვუსტერიდან“ მივიღე, სადაც ამჟამად ჯაბა ბრეგვაძე თამაშობს. საკმაოდ საინტერესო პირობებს მთავაზობდნენ, გვქონდა შეხვედრა კლუბის პრეზიდენტთან, გავეცანი „ვუსტერის“ ბაზას და ფაქტობრივად, თითქმის ყველაფერი შეთანხმებული იყო, თუმცა მხოლოდ მოლაპარაკების დასკვნით ეტაპზე გაირკვა, რომ კონტრაქტს ვერ გავაფორმებდი. ინგლისის რაგბის კავშირის წესდების თანახმად, ინგლისის ჩემპიონატში თამაშის უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში გეძლევა, თუ ნაკრებში მინიმუმ 5 კეპი გაქვს მოხვეჭილი, მე კი, სამწუხაროდ, ჯერ ერთი კეპიც არ მაქვს.

ყველაზე გასაკვირი და მოულოდნელი იყო ირლანდიის რაგბის კავშირის შემოთავაზება. ისინი ჩემს აგენტთან აწარმოებდნენ მოლაპარაკებას და მთავაზობდნენ კონტრაქტის გაფორმებას „ლენსტერთან“, 2015 წლის მსოფლიო თასის შემდეგ კი, ირლანდიის ეროვნულ გუნდში უნდა მეთამაშა. იმის გარკვევაც კი მთხოვეს, „მზარდი საქართველოს“ შემადგენლობაში ჩატარებული შეხვედრა ოფიციალური იყო თუ არა, რადგან თუ ის მატჩი ოფიციალური იყო, მაშინ ირლანდიის ნაკრებში მომდევნო 4 წელიწადი ვეღარ ვითამაშებდი.

  • ირლანდიის ნაკრებში თამაშს გთავაზობდნენ და უარი თქვით?
  • მოლაპარაკებები ბოლომდე არ მისულა. ახლა რომ დავიწყო იმის მტკიცება, ირლანდიელთა შემოთავაზებაზე დანამდვილებით უარს ვიტყოდითქო, მოვიტყუები. ის ერთ-ერთი წამყვანი ნაკრებია მსოფლიო რაგბის სამყაროში და ცდუნებაც დიდი იყო, თუმცა ბევრი ნიუანსი მქონდა გასათვალისწინებელი. საბოლოოდ, ამ მიმართულებით დიდი როლი შეასრულა ჩემმა ტრავმამ. სწორედ მაშინ გაირკვა, რომ საოპერაციო ვიყავი.

თუმცა, არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ჩემი გადაწყვეტილებაც საბოლოო არ იყო. ჩემთვის უმნიშვნელოვანესი იყო საქართველოს ეროვნულ ნაკრებზე ფიქრი... ეს ხომ სულ სხვა რამაა: სხვა ემოცია, სხვა განწყობა და სხვა მუხტი. ირლანდიის ნაკრების წინადადება მაცდური იყო, მაგრამ ამ საკითხზე ფიქრისას პარალელურად ჩნდებოდა მეორე ფიქრი - შენი ქვეყნის სახელით, შენი ერის წინაშე, საქართველოს ნაკრების კვართით თამაში განსხვავებული ემოციაა. ესაა ყველა ქართველი მორაგბის ოცნება და მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ.

  • დავუბრუნდეთ „ლიონში“ გადასვლის თემას.
  • ამ პერიოდში ყველაზე აქტიური სწორედ „ლიონი“ იყო. მიუხედავად ტრავმისა, ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ ჩემთან შეთანხმებას და თანახმა იყვნენ იმაზეც, რომ ტრავმის გამო გარკვეული პერიოდი გამიცდებოდა. სავარაუდოდ, მათზე დიდი გავლენა იქონია „ბორდოს“ სამწვრთნელო შტაბის დახასიათებამ და „ლიონთან“ ორწლიანი, უკვე პროფესიონალური კონტრაქტი გავაფორმე. ამავე პერიოდში შემოთავაზებები მქონდა „პერპინიანიდან“ და „ნარბონიდან“.
  • მოდით ისევ თქვენს ჯანმრთელობის მდგომარეობას დავუბრუნდეთ. ოპერაცია როდის გაიკეთეთ?
  • საკმაოდ იშვიათი ტრავმა მქონდა, რომლის მსგავსიც მთელი სპორტის სამყაროში წელიწადში სულ ორი თუ ხდება. „იღბლიანი“ ვარ და იმ წელს მორაგბეებს შორის მხოლოდ მე ვიყავი ასეთი. ოპერაცია შარშან ზაფხულში გავიკეთე და რეაბილიტაციის შემდეგ, წესით ოქტომბერ-ნოემბერში უკვე „ლიონის“ შემადგენლობაში უნდა დამეწყო თამაში. ალბათ, ჩემი მალე გამოჯანმრთლების იმედი იყო ერთ-ერთი ფაქტორი, რის გამოც „ლიონმა“ ტრავმირებულს კონტრაქტი გამიფორმა.

რეაბილიტაციის შემდეგ, სათამაშო კონდინციების ასამაღლებლად და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსაცდელად, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ სათადარიგო გუნდში ვითამაშე და მალევე მივხვდი, რომ ყველაფერი რიგზე ვერ იყო... დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია - მთელი წელი გამიცდა, შედეგი ვერ მივიღე და ხელახალი გამოკვლევის შემდეგ დადგინდა, რომ იგივე პრობლემის გამო, კვლავ საოპერაციო ვიყავი, რადგან რბილმა ქსოვილებმა ვერ შეძლეს პირვანდელი სახის დაბრუნება.

მეორე ოპერაცია წელს, 11 თებერვალს ჩამიტარდა და იმედია, ეს პრობლემა საბოლოოდ მოვიშორე თავიდან. ჯერჯერობით რეაბილიტაციას გავდივარ, თუმცა თავს ისე კარგად ვგრძნობ, უწინდელთან შედარებაც არაა. ორი თვეა რაც ვვარჯიშობ და გუნდის ექიმების თავდაუზოგავი შრომისა და მონდომების ხარჯზე, ამ მოკლე პერიოდში დიდ შედეგს მივაღწიე. მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ სეზობის ბოლომდე შევძლო „ლიონის“ შემადგენლობაში დაბრუნება.

  • რამდენად რეალურია, რომ სეზონის ბოლომდე თამაში შეძლოთ? ამდენი წვალების ფონზე, ხომ არ სჯობს, რისკის თავიდან აცილების მიზნით, პირდაპირ მომავალ სეზონზე დაიწყოთ ფიქრი?
  • სეზონის დასრულებამდე 5 თამაშია დარჩენილი. ჩემი დიდი სურვილია, რომ ამდენი უთამაშებლობის ფონზე მოედანზე გავიდე. დაზუსტებით ვერაფერს ვიტყვი და ალბათ, საბოლოო გადაწყვეტილებას ექიმები მიიღებენ. რა თქმა უნდა რისკის გამორიცხვის, ან მინიმუმამდე დაყვანის პირობებში.
  • მოდით თქვენს ახალ კლუბზეც გვითხარით ორი სიტყვა. „ლიონმა“ ვადაზე ადრე მოიგო პრო დ2 და ტოპ 14-ში ბრუნდება.
  • „ლიონი“ ამბიციური გუნდია, ძლიერი მთავარი მწვრთნელით და სამწვრთნელო „სტაფით“. ამ შედეგის მისაღწევად ყველამ უზარმაზარი შრომა გაწია. გუნდი პრო დ2-ის ჩემპიონი მის დასრულებამდე 6 ტურით ადრე გახდა და ეს ბევრ რამეზე მეტყველებს. სწორედ ეს იყო ჩვენი მიზანი. სამწუხაროდ, მე ვერ შევძელი მოედანზე გასვლა და ბიჭების გვერდით დგომა. ეს ჩემთვის ურთულესი პერიოდი იყო და ვისაც რაგბი უთამაშია, ის აუცილებლად მიხვდება რას განვიცდიდი. იმედია, ჩემს კარიერაში მსგავსი რამ აღარასდროს მოხდება.
  • რადგან პრობლემები უკან მოიტოვეთ, იმედია მომავალი სეზონიდან ხშირად მოგვიწევს თქვენზე წერა...
  • ახალ სეზონს ნამდვილად ახალი ენერგიით და მონდომებით შევხვდები. ძალიან ბევრი დრო გამიცდა და დროა საქმეს შევუდგე, რათა კარიერაში დასახული მიზნების შესრულება შევძლო. მზად ვარ თავდაუზოგავად ვიშრომო და წარმატებებს მივაღწიო როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო დონეზე.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
15:15 | 12.04.2016
BEERTRANCE (1073)

წარმატებები

0.098952