საფრანგეთი პრო დ2

18:19 | 11.04.2016 | ნანახია 7159 - ჯერ

ნავროზაშვილს ირლანდიის ნაკრებში იწვევდნენ

ფრანგული „ლიონის“ ქართველი ბურჯით ზაზა ნავროზაშვილით, რომელსაც საქართველოს ყველა ასაკობრივ და „მზარდ“ ნაკრებში აქვს ნათამაშები, დაახლოებით ერთი წლის წინ ირლანდიის რაგბის კავშირი დაინტერესედა.

ამ დროს მას „ბორდოსთან“ „ესპუარების“ კონტრაქტი აკავშირებდა და ირლანდიელთა გეგმებით, ჯერ კიდევ 22 წლის [ამჟამად 23 წლისაა] ქართველს პრო 12-ის ირლანდიურ კლუბ „ლენსტერთან“ უნდა გაეფორმებინა კონტრაქტი, სადაც მოსამზადებელ პერიოდს გაივლიდა და 2015 წლის მსოფლიო თასის შემდეგ, ამ ქვეყნის ეროვნული ნაკრების წევრი გახდებოდა. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ამ პერიოდში ნავროზაშვილი ტრავმირებული იყო.

„ძალიან გამაკვირა ირლანდიელთა შემოთავაზებამ. ისინი ჩემს აგენტთან აწარმოებდნენ მოლაპარაკებას და მთავაზობდნენ კონტრაქტის გაფორმებას „ლენსტერთან“, 2015 წლის მსოფლიო თასის შემდეგ კი, ირლანდიის ეროვნულ გუნდში უნდა მეთამაშა. იმის გარკვევაც კი მთხოვეს, „მზარდი საქართველოს“ შემადგენლობაში ჩატარებული შეხვედრა ოფიციალური იყო თუ არა, რადგან თუ ის მატჩი ოფიციალური იყო, მაშინ ირლანდიის ნაკრებში მომდევნო 4 წელიწადი ვეღარ ვითამაშებდი.

ახლა რომ დავიწყო იმის მტკიცება, ირლანდიელთა შემოთავაზებაზე დანამდვილებით უარს ვიტყოდითქო, მოვიტყუები. ის ერთ-ერთი წამყვანი ნაკრებია მსოფლიო რაგბის სამყაროში და ცდუნებაც დიდი იყო, თუმცა ბევრი ნიუანსი მქონდა გასათვალისწინებელი. საბოლოოდ, ამ მიმართულებით დიდი როლი შეასრულა ჩემმა ტრავმამ. სწორედ მაშინ გაირკვა, რომ საოპერაციო ვიყავი.

თუმცა, არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ჩემი გადაწყვეტილებაც საბოლოო არ იყო. ჩემთვის უმნიშვნელოვანესი იყო საქართველოს ეროვნულ ნაკრებზე ფიქრი... ეს ხომ სულ სხვა რამაა: სხვა ემოცია, სხვა განწყობა და სხვა მუხტი. ირლანდიის ნაკრების წინადადება მაცდური იყო, მაგრამ ამ საკითხზე ფიქრისას პარალელურად ჩნდებოდა მეორე ფიქრი - შენი ქვეყნის სახელით, შენი ერის წინაშე, საქართველოს ნაკრების კვართით თამაში განსხვავებული ემოციაა. ესაა ყველა ქართველი მორაგბის ოცნება და მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ...“ - გვითხრა ზაზა ნავროზაშვილმა.

აწ უკვე 23 წლის ქართველისთვის, ეს ერთადერთი შეთავაზება არ იყო. განვლილ ორ წელიწადში მის შესახებ ბევრი არაფერი გვსმენია, ეს კი, უმთავრესად უიშვიათესი ტრავმით იყო განპირობებული. ზაზა განვლილ პერიოდზე და დღევანდელ მდგომარეობაზე ინტერვიუში თავად მოგვიყვება, რომელსაც worldrugby.ge ხვალ შემოგთავაზებთ.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
09:35 | 12.04.2016
BEERTRANCE (1073)

წარმატებები, საქართველოს ნაკრებში

0.075283