ფოთში, რაგბის სტადიონზე თბილისისა და ბათუმის რაგბის გუნდების თამაშის დასრულების შემდეგ მომხდარი ინციდენტისას, 21 წლის მსაჯი, ნიკო ამაშუკელი სხეულზე მიყენებული დაზიანებით ფოთის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და სიცოცხლისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.
რაგბის სტადიონზე შეკრებილი გულშემატიკვრები ოფიციალური კომენტარისგან თავს იკავებენ. ვინაობის დასახელების გარეშე „ლაივპრესსთან“ ამბობენ, რომ ინციდენტი გუნდებს შორის თამაშის დასრულების შემდეგ, თბილისის „არმიის“ დამარცხების მიზეზით მოხდა.
მათი თქმით, თბილისის გუნდის მენეჯერი, ჯერ ბათუმის გუნდის წარმომადეგნელებს დაუპირისპირდა, შემდეგ მსაჯს ფიზიკურად გაუსწორდა.
„როგორც ვიცი ფეხის არეში დაჭრა, დანა იყო თუ რა საგანი ჩვენ არ დაგვინახავს“, - ყვება თვითმხილველი.
რა სახის დაზიანება აღენიშნება დაშავებულს, ამის შესახებ ფოთის ცენტრალურ საავადმყოფოში კომენტარს არ აკეთებენ.
ფოთის რაგბის სტადიონის დირექტორი, ამირან შავგულიძე ადასტურებს ინფორმაციას, რომ მსაჯს ჭრილობის სახის დაზიანება ფეხის არეში აქვს მიყენებული, თუმცა განმარტავს, რომ მისთვის უცნობია ვინ და რა სახის დაზაიანება მიაყენა მსაჯს.
„არ ვიცი რა სახის ჭრილობა და დაზიანება აქვს, ან რითი მიიღო თუ მიყენეს. თამაშის დასრულების შემდგომ ინვენტარს ვალაგებდი ხმაური, რომ ატყდა და მივირბინე, უკვე მომხდარი იყო და ფეხი დაზიანებული ქონდა. იმავდროულად გამოვიძახეთ სასწრაფო“, - უთხრა „ლაივპრესს“ შავგულიძემ.
შსს ფოთის სამმართველოს უფროსის, ზურაბ ალანიას განმარტებით, ინციდენტზე გამოძიება არ დაწყებულა.
„ჩვენ ასე გადმოგვცეს შეტყობინება, რომ ვარჯიშის დროს მიიღო დაზიანება, ბლაგვ საგანზე წაიქცაო ასე ვიცი მე“, - განუცხადა „ლაივპრესს“ ფოთის პოლიციის უფროსმა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია