პირველი ლიგა

14:14 | 11.04.2016 | ნანახია 3105 - ჯერ

ასვლისთვის „დინამო“ იბრძოლებს

საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგა თბილისის „დინამომ“ და „თიბისი უნივერსიტეტმა“ თანაბარი ქულებით დაასრულეს და მეორეადგილოსნის გამოსავლენად დამატებითი მაჩვენებლების დათვლა გახდა საჭირო.

დაძაბულობამ პიკს დასკვნით ტურებში მიაღწია. „დინამომ“, რომელსაც 11 მატჩში მხოლოდ ერთი მარცხი ჰქონდა, სეზონის მიწურულს ზედიზედ სამი თამაში დათმო. მე-12 ტურში „ბაგრატთან“ 3:15 მარცხის შემდეგ, ცხადი გახდა, რომ ისინი პირველ ლიგას ვერ მოიგებდნენ, „ივერიასთან“ ბოლოსწინა ტურში 13:32 წაგებამ კი, დასკვნით ტურს დამატებითი ინტრიგა შესძინა. „დინამოსა“ და „თიბისის“ შორის სხვაობა 4 ქულა იყო და პირველ წრეში დინამოელებს „თიბისი“ 12 ქულის სხვაობით, 23:11 ყავდა დამარცხებული.

„თიბისი უნივერსიტეტს“ ნათლად ჰქონდა მიზანი დასახული, მოინდომეს და მეტოქე დაამარცხეს, მაგრამ ზუსტად 12 ქულის სხვაობით - 20:8. ასეთ პირობებში ორივე გუნდს 46-46 სატურნირო ქულა დაუგროვდათ და საქმეში დამატებითი მაჩვენებლები ჩაერთო. ურთიერთშეხვედრებში გუნდებს 4-4 სატურნირო ქულა ჰქონდათ, გატანილ-გაშვებული ქულებიც რა თქმა უნდა თანაბარი იყო, ლელოებით 3:3 და საერთო გატანილ-გაშვებული ქულები გადამწყვეტი იყო. აქ „დინამოს“ უკეთესი ბალანსი აღმოაჩნდა - +267 „დინამოს“ და +192 „თიბისის“. ამრიგად, „არმაზთან“ ორრაუნდიან ჯახში „დინამო“ ჩაერთვება და თამაშები 16-17 და 23-24 აპრილს გაიმართება.

პირველი ლიგის დასკვნითი ტურის სხვა შეხვედრებში „ივერიამ“ „კახეთს“ 43:6 მოუგო და „დინამოსა“ და „თიბისის“ ქულით ჩამორჩა [ჯამში 45 მოაგროვა]. პირველი ლიგის ჩემპიონმა ქუთაისის „ბაგრატმა“ სტუ, რომელიც ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის გასამართი გადათამაშებისთვის ემზადება, 35:8 დაამარცხა, ხოლო „ხულიგანამ“ ფოთის „კოლხ რაინდებს“ 24:16 მოუგო. ფოთელები პირველ ლიგას დაემშვიდობნენ.

ამასობაში, რეგიონალურ ლიგაში ფინალისტები გამოვლინდება. დასავლეთ რეგიონის გუნდებმა აღმოსავლეთისას აჯობეს და წყალტუბოს „დინოზავრმა“ სართიჭალის „ლომებს“ შინ 24:18, ხოლო სტუმრად 15:13 მოუგო. ქუთასის „უნივერსიტეტმა“ კიკეთის „იუნკერებს“ გასვლაზე 30:22, ხოლო შინ 85:10 აჯობა. ამრიგად, რეგიონალური ლიგის ფინალში პირველი ლიგის საგზურს ქუთაისელები და წყალტუბოელები გაითამაშებენ და გამარჯვებული ფოთის „კოლხ რაინდებს“ ჩაანაცვლებს, ხოლო დამარცხებული მაისის პირველ ორ კვირაში სტუ-სთან ორრაუნდიან ჯახს გამართავს.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.072685