ჩემპიონთა თასი

0:15 | 11.04.2016 | ნანახია 2463 - ჯერ

„ტულონმა“ თასი დათმო

ჩემპიონთა თასის ბოლო სამგზის გამარჯვებული „ტულონი“, წლევანდელი სეზონის მეოთხედფინალში ფრანგულ დერბიში „რასინგთან“ 16:19 დამარცხდა და ტურნირს დაემშვიდობა.

თამაში თავბრუსდამხვევად დაიწყო - დენ კარტერმა ანგარიში ჯარიმით გახსნა, მერე ხუან იმჰოფმა ლელო დადო და კარტერმა გარდასახა, ხოლო ჩარლი ოლივონმა საპასუხო ლელო მე-8 წუთზე გაიტანა და ჯონათან პელისეს გარდასახვა ზუსტი იყო - 10:7. ამის შემდეგ დიდი ბრძოლა გაჩაღდა და გუნდები ჯარიმებით ცდილობდნენ ფონს გასვლას, მაგრამ „ტულონს“ ორი, ხოლო „რასინგს“ ერთი დარტყმა გაუცუდდა. შესვენების წინ „ტულონს“ ლელოს გატანის შანსი გაუჩნდა, „რასინგმა“ მიძალება წითელ ზოლში შეაჩერა, მაგრამ ჯარმის ხარჯზე და პელისემ წონასწორობა აღადგინა - 10:10.

მეორე ტაიმის დებიუტში „ტულონი“ შეხვედრაში პირველად და უკანასკნელად დაწინაურდა. ერთი გაფუჭებული ჯარიმის შემდეგ, „რასინგმა“ წონასწორობა 47-ე წუთზე მაქსიმ მაშენოს ზუსტი დარტყმით აღადგინა, ოთხიოდე წუთში კი, რეფერიმ შეცვლაზე შესული ლევან ჩილაჩავა დააჯარიმა და მაშენო ამჯერადაც ზუსტი იყო. ქართველმა ბურჯმა შეცდომა მატჩის განახლებისთანავე გამოასწორა და ახლა მეტოქე მის წინააღმდეგ დაჯარიმდა, მაგრამ პელისეს მიზანმა უმტყუნა.

„ტულონმა“ დაახლოებით ხუთი წუთით ინიციატივა მოიპოვა და მეტოქის 22-ში რამდენჯერმე შექმნა უპირატესობა. „რასინგმა“ თავი ლელოდან 5 მეტრში დაიცვა და მერე ფეხით თითქოს სიტუაცია განმუხტა, მაგრამ იქვე დაჯარიმდა და პელისე ზუსტი იყო - 16:16 59-ე წუთზე. ახლა პარიზელებმა მოაწყვეს 5-წუთიანი შტურმი და სტუმრებს მოუწიათ დაცვაში გარჯა. 68-ე წუთზე „ტულონის“ შერკინებამ მეტოქისა დაჯაბნა და ჯარიმა გამოიმუშავა, თუმცა დელონ ერმიტეჟის დარტყმული არაზუსტი იყო. ექვსიოდე წუთში უკვე „რასინგმა“გააფუჭა ჯარიმა ხელსაყრელი პოზიციიდან და თითქოს დამატებითი დრო გარდაუვალი ჩანდა, როდესაც ჩილაჩავა რაქში ჩავარდა და მაშენომ კარის წინ 22 მეტრიდან მატჩის ბედი გადაწყვიტა - 19:16.

შეხვედრა სრულად ჩაატარა „ტულონის“ ქართველმა ლეგიონერმა მამუკა გორგოძემ, რომელმაც თამაში მეორე ხაზში დაიწყო და მერე მესამეში გადაინაცვლა. მან 3 მცდელობით ბურთი 4 მეტრით წაწია წინ, ერთი პასი და ერთი ოფლოუდი გაახერხა, დაცვაში 9 ბოჭვა შეასრულა და ერთხელ თერნოვერი გაახერხა. მის ანგარიშზეა 5 მოგებულ დერეფანი და ერთხელ დაჯარიმდა. ჩილაჩავა თამაშში შესვენების შემდეგ აქტიურად ჩაერთო, მეტოქე 10-ჯერ შებოჭა, ერთხელ თერნოვერი გაახერხა და ორჯერ დაჯარიმდა.

ამრიგად, ჩემპიონთა თასის ნახევარფინალში სამი ინგლისური და ერთი ფრანგული გუნდი გავიდა. 23 აპრილს „სარასენსი“ „უოსპს“ მასპინძლობს, ხოლო ხოლო 24-ში „ლესტერი“ დავით ხინჩაგიშვილის „რასინგს“ დაუხვდება.

2015/2016 წლების სეზონის ჩემპიონთა თასი

მეოთხედფინალები. 9-10 აპრილი

უოსპსი [ინგლისი] - ექსეტერი [ინგლისი] 25:24

სარასენსი [ინგლისი] - ნორთჰემპტონი [ინგლისი] 29:20

ლესტერი [ინგლისი] - სტად ფრანსე [საფრანგეთი] 41:13

რასინგი [საფრანგეთი] - ტულონი [საფრანგეთი] 19:16

ნახევარფინალები. 23-24 აპრილი

სარასენსი - უოსპსი

ლესტერი - რასინგი

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.075788