სტატიები

0:14 | 28.03.2016 | ნანახია 3537 - ჯერ

„ბობოქარი ნორმი“ 51 წლის ასაკში გარდაიცვალა

„რაგბი კანადა“ იუწყება, რომ 51 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა „ლონდონის უოსპის“ ყოფილი მეორეხაზელი, კანადელი ნორმან ჰედლი.

„ბობოქარმა ნორმმა“, როგორც მას თანაგუნდელები უწოდებდნენ, 1987-1994 წლებში კანადის ეროვნული ნაკრების კვართით 15 კეპი მოიხვეჭა და გუნდს 5-ჯერ უკაპიტნა. 1991 წლის მსოფლიო თასზე „ნეკერჩხლის ფოთლების“ შემადგენლობაში საკმაოდ კარგად იასპარეზა და გუნდი მეოთხედფინალამდე გაიყვანა. აღსანიშნავია, რომ ეს აღნიშნული ნაკრების საუკეთესო შედეგია მსოფლიო თასზე.

მომდევნო წელს ნორმან ჰედლი მსოფლიო ნაკრებში გამოიძახეს და „თვიქენჰემის“ სტადიონზე „ბარბაროსების“ შემადგენლობაში ავსტრალიის ნაკრებს დაუპირისპირდა, რის შემდეგადაც საკუთარ ქვეყანაში „საუკეთესო ათლეტის“ ტიტული მიანიჭეს. ამის შემდგომ, ჰედლიმ „ბარბაროსებთა“ რიგებში კიდევ 4-ჯერ დაიკავა ღირსეულად ადგილი.

„ლონდონის უოსპის“ კვართი პირველად 1990 წელს მოირგო და მას შემდეგ გულშემატკივარს უკომპრომისო, აგრესიულსა და დაუნდობელ თამაშს სთავაზობდა, სწორედ ამიტომ, 1997 წელს ის „პლანეტის ყველაზე საშიშ 12 ადამიანში“ მოიხსენიეს. თუმცაღა, თანაგუნდელები ამას უარყოფენ და დასძენენ, რომ „დიდი ნორმი“ ჩვეულ სიმშვიდეს არც მოედანზე კარგავდა და არც მის გარეთ, ის მუდამ წარმოსადეგი ადამიანი იყო.

ელ ჩერონი(ყოფილი თანაგუნდელი): „ბობოქარი ნორმი“ ნამდვილად გიგანტი იყო, მის გვერდით ყველანი დაცულად ვგრძნობდით თავს. ბევრი თვლის, რომ დაუნდობელი იყო, მაგრამ ის არასდროს კარგავდა სიმშვიდეს მოედანზე. უნდა ვაღიარო, რომ მასავით ჭკვიან და ამავდროულად გულღია ადამიანს არასდროს შევხვედრივარ. „დიდ ნორმთან“ თამაშით თითოეული ჩვენგანი სიამოვნებას იღებდა და ამიტომ ის ყოველთვის ჩვენს გულებში დარჩება. მშვიდად განისვენე, მეგობარო!“.

ელენე ლომსაძე


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
10:30 | 28.03.2016
Dima89D (9)

კანადელი გიგანტი

10:27 | 28.03.2016
Ika.K (16)

როგორ მევასებოდა ტო.ღმერთმა გაანათლოს

0.101861