საქართველოს მრაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და “კლერმონის” მესამეხაზელი ვიტო კოლელიშვილის რაგბის 14 კვირით ჩამოაშორეს. ამ 14 კვირის განმავლობაში, ის ვერცერთ ოფიციალურ შეხვედრაში ვერ მიიღებს მონაწილეობას და გარდა იმისა, რომ კლუბს საფრანგეთის ტოპ 14-სა და ევროპის ჩემპიონთა თასზე დააკლდება, ვერც საქართველოს ნაკრებს დაეხმარება თებერვალ-მარტში გასამართ ერთა თასის მატჩებში.
26 წლის მოთამაშე ჩემპიონთა თასის მე-5 ტურში, “ოსპრეიზთან” 13:21 წაგებული მატჩის მე-17 წუთზე მომხდარი ინციდენტისთვის დასაჯეს. იმ ეპიზოდში დაცვის ხაზში მდგომმა კოლელიშვილმა შეხვედრის რეფერის, უეინ ბარნსს, რომელიც მის სიახლოვეს იდგა, ხელი უბიძგა (VIDEO). რეფერიმ ქართველი მხოლოდ სიტყვიერად გააფრთხილა, ხოლო 25-ე წუთზე, როდესაც ვიტომ მეტოქის მორაგბე დააგდო და მერე სახეში მუშტი დააყოლა, რეფერიმ სინბინში გაუშვა.
სასჯელის უდიდესი წვლილი პირველ ეპიზოდზე მოდის. ტურნირის ორგანიზატორთა სადისციპლინო კომიტეტმა, რომელიც დღეს დილით პარიზში შეიკრიბა, მომხდარი “რეფერიზე ფიზიკურ თავდასხმად” შეაფასა, რაც მინიმალურ სასჯელად 24 კვირას მოიაზრებს, რიგ შემთხვევებში კი, სასჯელი 48 და 96 კვირა, ასევე სამუდამო დისკვალიფიკაციაა. ამჯერად კოლელიშვილს მინიმალური, 24-კვირიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა, რაც მოგვიანებით განახევრდა, რადგან მოთამაშემ რეფერის ჯერ იქვე მოუბოდიშა, მერე კი მატჩის დასრულების შემდეგ. ეს ყველაფერი ბარნსის მოხსენებაში ეწერა.
12-კვირიანი სასჯელი 14-მდე იმ ჩხუბის გამო გაიზარდა, რომლის შედეგადაც კოლელიშვილი ყვითელი ბარათით დაისაჯა. ამრიგად, კოლელიშვილი მოედანზე 2016 წლის 24 აპრილამდე ვერ გავა. ის გუნდს ჩემპიონთა თასის ნახევარფინალში გასვლის შემთხვევაშიც ვერ დაეხმარება და თამაშს ტოპ 14-ის 22-ე ტურიდან შეძლებს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია