ამბები

13:15 | 19.01.2016 | ნანახია 1917 - ჯერ

ილია ზედგინიძის პროგრამის პრეზენტაცია 20 იანვარს, “ჰოლიდეი ინში” გაიმართება

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატი ილია ზედგინიძე, დაპირებისამბერ საკუთარი პროგრამის პრეზენტაციას ხვალ, 20 იანვარს, 15:00 საათზე სასტუმრო “ჰოლიდეი ინში” (26 მაისის მოედანი N1) გამართავს.

სრკ-ს პრეზიდენტი ჯერ კიდევ 2015 წლის დეკემბრის ბოლოს უნდა არჩეულიყო, მაგრამ გამგეობის განცხადებამ სიტუაცია არია, ზედმეტი დაძაბულობების თავიდან ასაცილებლად, მაშინდელმა კანდიდატებმა - სრკ-ს მოქმედმა პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ და “ბორჯღალოსანთა” ყოფილმა კაპიტანმა, სრკ-ს სპორტულმა დირექტორმა ირაკლი აბუსერიძემ კანდიდატურები მოხსნეს.

არჩევნების ახალ თარიღად 24 იანვარი დასახელდა და ის “ქორთიარდ მერიოტში” 13:00 საათზე დანიშნულ საერთო კრებაზე ჩატარდება. კანდიდატების რეგისტრაცია 18 იანვარს დასრულდა და ქართული რაგბის მესაჭეობისთვის ილია ზედგინიძის გარდა სრკ-ს გამგეობის თავმჯდომარე გოჩა სვანიძე იბრძოლებს.

38 წლის ზედგინიძე წლების განმავლობაში არაერთ ფრანგულ კლუბში თამაშობდა: “ბეზიე”, “ტულონი”, “ექსი”, “ოში” და ა.შ. გარკვეული დროით ის იტალიური კლუბის, “როვიგოს” ღირსებას იცავდა, საქართველოს ნაკრების მაისურით კი 66 შეხვედრა ჩაატარა, აქედან ნახევარზე მეტი, 37 კაპიტნის სამკლავურით და ჯამში 13 ლელო გაიტანა. მას სანაკრებო დებიუტი 1998 წელს, დუბლინში ირლანდიის ნაკრებთან ჰქონდა, 2000 წლიდან კი, “ბორჯღალოსნებისთვის” უცვლელ ფიგურად იქცა. მას სხვადასხვა სახის მძიმე ტრავმების გამო არაერთხელ მოუწია ნაკრებიდან წასვლა, მაგრამ გამოჯანმრთელების შემდეგ ქვეყნის უპირველეს გუნდს ყველა ჯერზე დაუბრუნდა. ზედგინიძემ საქართველოს ნაკრების მაისურით სამ - 2003, 2007 და 2011 წლების მსოფლიო თასებზე ითამაშა.

მეოთხე, 2015 წლის მსოფლიო თასზე ის უკვე მწვრთნელის რანგში იმყოფებოდა. 2012 წლიდან, ანუ აქტიური სპორტული კარიერის დასრულების დღიდან, ის საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტად მუშაობდა. ზედგინიძეს კანდიდატურას მხარს უჭერს ირაკლი აბუსერიძე და ნაკრების კიდევ ერთი ყოფილი კაპიტანი ირაკლი მაჩხანელი.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.08517