ზე-18

12:33 | 27.03.2016 | ნანახია 1229 - ჯერ

სტუმრების დომინირებით [+ვიდეო]

სუპერ რაგბის მეხუთე ტურის მეორე სათამაშო დღის საღამოს შეხვედრები სტუმრების გამარჯვებით დასრულდა. „ბრამბისმა“ „ჩიტასს“ ბლუმფონტეინში 25:18, ხოლო „კრუსეიდერსმა“ „შარქსს“ დურბანში 19:14 მოუგო.

„ბრამბისმა“ სეზონი მძლავრად დაიწყო, მაგრამ გასულ ტურში „სტორმერსთან“ მარცხის შემდეგ, გამართული თამაში ვერც „ჩიტასთან“ აჩვენა. ხშირი იყო გაჩერებები, ჯარიმები და ტექნიკური წუნი, განსაკუთრებით მეორე ტაიმში, როდესაც წვიმა წამოვიდა, თუმცა ავსტრალიელებმა დაგეგმილი 4 ქულა მაინც ჩაიწერეს.

სტუმრებს მძლავრი დებიუტი ჰქონდათ და 30-ე წამზე ლელოც გაიტანეს, რომელიც მასპინძელთა შეცდომას მოყვა, თუმცა ვიდეო-რეფერიმ დამიწებამდე წინ თამაში დააფიქსირა. მე-4 წუთზე ლელო მაინც გავიდა, დევიდ პოკოკმა მასპინძლების დაბნეულობით ისარგებლა და გადაცემა ჩაჭრა, პირველი მიძალება „ჩიტასმა“ ზედ ლელოს ხაზთან შეაჩერა, მაგრამ დაცვის ხაზის დაწყობა ვერ შეძლო და ლელო ტონგელმა იტა ვაეამ დაამიწა. „ბრამბისმა“ ზეწოლა არ შეანელა და კრის ლილიიფანომ ზუსტ გარდასახვას მე-12 წუთზე ჯარიმაც მიაყოლა - 10:0.

აფრიკელებმა სწრაფად ისურვეს საპასუხო ლელოს გატანა და ორჯერ ხელსაყრელი მდგომარეობიდან ჯარიმა აუტში გაგზავნეს, მაგრამ დერეფნიდან რომ ვერ იხეირეს, მესამე ჯერზე ნილ მარაიშმა კარში დარტყმა ირჩია. 23-ე წუთზე მასპინძელთა ლელოც გავიდა, მათ ჯარიმა სწრაფად გაითამაშეს, მეტ ტოომუა კასიემს უხეიროდ წაეტანა და შემტევიც იოლად გაექცა. გარდასახვა არაზუსტი იყო. „ბრამბისმა“ უპირატესობა ტაიმის ბოლოს გაზარდა, მეტობა სათანადოდ გამოიყენა და აიდან ტოუამ ბურთი მშვიდად დაამიწა - 8:15.

მეორე ტაიმის პირველ მეოთხედში უპირატესობა კიდევ უფრო გაიზარდა. ზუსტ ჯარიმას 56-ე წუთზე სტუმრების 22-ფაზიანი შეტევა მოყვა და ის ლელოთი ბენ ალექსანდერმა დაასრულა, ხოლო ტოომუამ გარდასახა. მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე პეტერსენმა თანაგუნდელის კარგი თამაშით ისარგებლა და ლელოს ზუსტი გარდასახვა მოყვა, სულ ბოლოს მარაიშმა ჯარიმით ჩამორჩენა 7 ქულამდე დაიყვანა და საკუთარ გუნდს პრემიალური ქულა მოუტანა - 18:25.

დურბანში დაძაბული ბრძოლა გაჩაღდა და მისი ბედი „ოლ ბლექსის“ მესამეხაზელის, კირან რიდის ლელომ გადაწყვიტა, რის შემდეგაც „შარქსის“ ოთხმატჩიანი დაუმარცხებელი სერია შეწყდა.

სტუმრები საგრძნობ ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ, რაც მათი მორკინალების მძლავრი თამაშის შედეგია. ანგარიში სწორედ ზელანდიელებმა გახსნეს, 25-ე წუთზე წითელ ზოლში ორ მცველთან კონტაქტში შესულმა ნემანი ნადოლომ ბურთი დევიდ ჰავილის ამოუგდო და ისიც ლელოში შეიჭრა, ხოლო რიჩი მოუნგამ გარდასახვა გაიტანა. შესვენებამდე 5 წუთით ადრე ლვაზი მვოვომ მოუნგას გადაცემა ჩაჭრა და 60-მეტრიანი რეიდი ლელოთი დაასრულა, ხოლო გარდასახვით წონასწორობა აღდგა - 7:7.

დაიწყო მეორე ტაიმი და მვოვომ მეორედ მიიღო საჩუქარი, ამჯერად უხეირო პასის შემდეგ ბურთი მის ცხვირწინ დავარდა და აფრიკელმა ლელომდე 40 მეტრი ირბინა. მალე ჰავილი სინბინით დაისაჯა, თუმცა როცა შემადგენლობაში ნადოლო გყავს, შეტევაში ერთი კაცი არაფერს წყვეტს და 51-ე წუთზე გარემარბმა მცველებთან ჯახში ალამთან ძალისმიერი ლელო დადო. გარდასახვა არაზუსტი იყო და 71-ე წუთამდე „კრუსეიდერსი“ მდევრის როლში დარჩა, მაგრამ მერე 15-ფაზიანი შეტევის შემდეგ, მასპინძელთა მოქანცული დაცვა გატყდა და რიდმა ლელოთი საკუთარ გუნდს გამარჯვება მოუტანა - 14:19. აღსანიშნავია, რომ მანამდე გუნდებმა თითო-თითო ლელო გაიტანეს, თუმცა ისინი ვიდეო-რეფერიმ გააუქმა.

ჩიტასი - ბრამბისი 18:25

შარქსი - კრუსეიდერსი 14:19

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.093886